აღიარებს თუ არა მსოფლიო პატრიარქი აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას?

აღიარებს თუ არა მსოფლიო პატრიარქი აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას?

სეპარატისტული აფხაზეთის ეკლესიამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან გამოყოფის სურვილი გამოხატა. ეს მაშინ, როცა აფხაზეთის საკათალიკოსო და საეპისკოპოსო ყოველთვის მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში იყო და დამოუკიდებლად არ არსებობდა. ერთი წლის წინ აფხაზმა სასულიერო პირებმა, კერძოდ, დოროთეის ბარმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან აფხაზეთის ეპარქიის გამოყოფის შესახებ თხოვნით მსოფლიო პატრიარქს მიმართა.

სეპარატისტთა ამ სურვილს წინ უძღოდა აფხაზეთში არსებულ ქართულ ტაძრებში განხორციელებული „სარეკონსტრუქციო“ სამუშაოები, რის შედეგადაც აფხაზეთში ქართველთა ისტორიის კვალი გაქრა და ეთნიკური თუ კულტურული გენოციდი რელიგიურ სეპარატიზმში გადაიზარდა.

 უკვე ცნობილია, რომ 17-18 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია სტამბულში მსოფლიო პატრიარქს ბართოლომეოს მეორეს შეხვდება და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების მიმართვას გადასცემს. მიმართვაში აღნიშნულია, რომ მსოფლიო პატრიარქმა არ უნდა დაუშვას რელიგიური სეპარატიზმი და სეპარატისტული აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალია.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 17-18 სექტემბერს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში გაიმართება შეხვედრა აფხაზეთის ეპარქიის საკითხთან დაკავშირებით, სადაც მიწვეული არიან საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები. ცნობილია, რომ ზოგიერთი აფხაზი სასულიერო პირი სხვადასხვა ეკლესიის წინაშე აყენებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციიდან აფხაზეთის ეპარქიის გამოყოფის საკითხს. ჩვენ, აფხაზეთიდან დევნილები, რომელთა შორის არიან აფხაზები, ქართველები, რუსები, ბერძნები, სომხები, ებრაელები, ასევე სხვა ეროვნების წარმომადგენლები, ვსვამთ კითხვას - რატომ არავინ ითვალისწინებს ჩვენს, როგორც აფხაზეთის მართლმადიდებელი ქრისტიანების აზრსა და სურვილს, ვიყოთ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წიაღში, ეკლესიისა, რომელიც საუკუნეების მანძილზე, ყოველთვის თავგანწირვით იცავდა ქრისტეს ჭეშმარიტ სარწმუნოებას, მტრებით გარშემორტყმულ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე“, - ნათქვამია უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორისა და მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს მეორისადმი დაწერილ მიმართვაში.
აქვე აღნიშნულია, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე 11 წლის განმავლობაში ბრძანდებოდა ცხუმ-აფხაზეთის მღვდელმთავარი და იგი დიდი სიყვარულით არის გამსჭვალული აფხაზი ხალხის მიმართ. მიმართვაში საუბარია იმ სასულიერო პირებზე, რომლებსაც სურთ აფხაზეთის ეპარქია ჩამოსცილდეს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას.
„ეს სასულიერო პირები, ბოლო დროს, მხარდასაჭერად მიმართავენ ხან მოსკოვის, ხან კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს, ხან კიდევ სხვა ეკლესიებს. ეს ადამიანები წარმოადგენენ აფხაზეთის მოსახლეობის მცირერიცხოვან ჯგუფს, ხოლო მათი ინტერესები ვიწრო ნაციონალისტური და პირადი ამბიციების დაკმაყოფილებას ემსახურება“, - ნათქვამია მიმართვაში.
მიმართვის ავტორები, ასევე, აღნიშნავენ, რომ აფხაზი ეროვნების სასულიერო პირების ლოცვა-კურთხევით, აფხაზეთში მიმდინარეობს უძველესი ქართული ტაძრების დამახინჯება, მათი არქიტექტურული იერსახის შეცვლა, X-XI საუკუნეების ქართული ფრესკებისა და ქართული წარწერების განადგურება. მსოფლიო პატრიარქის მიერ მათთან სერიოზული დიალოგის წარმოება კი მხოლოდ წაახალისებს ქრისტიანულ კანონიკურ და ზნეობრივ ნორმებთან შეუთავსებელი  ქმედებების მეტი ინტენსიურობით გაგრძელებას აფხაზეთში.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა მიიჩნევს, რომ  ზარბაზნების სიჩუმე ომის დამთავრებას სულაც არ ნიშნავს და ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან მძალავრი იდეოლოგიური ომი მიმდინარეობს. ისინი  ცდილობენ, საქართველოს სულიერებას აფხაზეთის ეპარქია გამოგლიჯონ, ვითომ აფხაზეთის საეპისკოპოსოს სახელით, რომელიც თურმე მე-9 საუკუნემდე ბიზანტიას ექვემდებარებოდა და დღეს თურმე კონსტანტინოპოლს უნდა დაექვემდებაროს. გია გვაზავა ამას ისტორიის სრულ გაყალბებად აღიქვამს.

„სად გაექცევიან იმ ფაქტს, რომ თავის დროზე სწორედ აფხაზეთი გამოეყო ბიზანტიას და, როგორც საეკლესიო, ასევე, საერო ენად შემოიღო ქართული?! ჩვენ ვიცით, რომ მოსკოვმა რამდენიმე მღვდელმსახური გაგზავნა კონსტანტინოპოლში - იგივე ტბარი, სარსანია, ამბარი, რომლებიც დღეს ამ საკითხს აყენებენ. მივმართავთ თვითონ ბართლომე პირველს, მან, როგორც მსოფლიო მართლმადიდებლობის პირველმა პირმა, უნდა დაიცვას კანონიკა. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ იგი ყველაფერში გაერკვევა და ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდება", - აცხადებს გია გვაზავა.

დედა ეკლესიის წიაღიდან სეპარატისტული აფხაზეთის ეკლესიის გამოყოფის მცდელობის შესახებ For.ge ექსპერტებს ესაუბრა.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოს მეორისადმი აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების მიმართვას დადებითად აფასებს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით დედაეკლესიიდან აფხაზეთის ეკლესიის გამოყოფის საფრთხე არ არსებობს. მისი თქმით, ამ წუთებში საფრთხე არ არის და ეს მიმართვა არც არაფერს გააჩერებს, რადგან ისედაც არაფერი არ მოძრაობს. მეტიც, პაატა ზაქარეიშვილი დარწმუნებულია, რომ მსოფლიო საპატრიარქო აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის დღეს მზად არ არის.

ამასთან, კონფლიქტოლოგი აფხაზების ამ სურვილის მიღმა, გია გვაზავასგან განსხვავებით, რუსულ კვალს ვერ ხედავს.

„რატომ გადაწყვიტეს დედაეკლესიისგან გამოყოფა? აფხაზები რუსეთს ებრძვიან, მათ არ უნდათ არც რუსეთი, არც საქართველო. რაც იქ არის, თუ პირობითად ამას ეკლესიას დავარქმევთ, მაშინ გამოდის, რომ აფხაზეთის ეკლესია თავადვე შიგნით არის გაყოფილი - პრორუსულად, ანტირუსულად და ანტიქართულადაც. სხვათა შორის, პრორუსული ძალა ვინც არის - ბესარიონ აპლია (ყოფილი ბესარიონ ფილია) საქართველოს ეკლესიის მღვდელია, რადგან პატრიარქის ნაკურთხია, მაგრამ დღეს იგი პრორუსული ძალაა. მას გამოეყო ახალგაზრდა სამღვდელოება, რომელსაც არც რუსეთი უნდა, არც საქართველო. სწორედ ისინი იბრძვიან დამოუკიდებელი ეკლესიისთვის და მათ გარშემოა გაერთიანებული აფხაზური საზოგადოების უდიდესი ნაწილი“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

მისი თქმით, ეს არ არის რუსეთის ნაკარნახევი; პირიქით, ეს ყველაფერი რუსეთის საწინააღმდეგოა. ეს არ არის რუსული პროექტი, ეს აფხაზური პროექტია, რომელსაც ამ ეტაპზე პერსპექტივა არ აქვს. თუმცა, თუ მომავალში აფხაზებთან საერთო ენას ვერ ვიპოვით, მაშინ საქართველოს სახელმწოფოს მიმართ კიდევ უფრო გაუცხოვდება აფხაზეთი, როგორც პოლიტიკური ერთეული. ამ რეალურ საფრთხეს კონფლიქტოლოგი ათი-თხუთმეტი წლის შემდეგ ხედავს.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ პაპასქირი მიიჩნევს, რომ აფხაზები ამით ვერაფერს მიაღწევენ, რადგან დედა ეკლესიისგან გამოყოფა კანონიკური სამართლის დარღვევაა და ამას ვერცერთი პატრიარქი საკუთარ თავზე ვერ აიღებს.

მისივე განმარტებით, მართლმადიდებლურ სამყაროში მსოფლიო პატრიარქი პირველი პიროვნებაა და, ისტორიულად, იგი ყოველთვის ცდილობდა, ყოფილიყო მართლმადიდებლური სამყაროს ერთგვარი „პაპი“. როგორც კათოლიკურ სამყაროს   ჰყავს ლიდერი, ისე ხუთივე საპატრიარქოს-ბერძნულს, იერუსალიმის, ანტიოქიის, ალექსანდრიისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებსაც მსოფლიო პატრიარქი უდგას სათავეში.

ამიტომაც სწორედ მათთან სცადა „გასვლა“ აფხაზ სეპარატისტთა ჯგუფმა, დოროთეი დბარის ხელმძღვანელობით.

„აშკარად ჩანს, რომ კონსტანტინოპოლის ბერძნულმა ეკლესიამ დოროთეი დბარი რუსებს წაართვა. ამიტომ აქ ერთმანეთს უპირისპირდება რუსეთის ეკლესია და კონსტანტინოპოლის ეკლესია. თითქოს ჩვენ ადრე რუსული ეკლესიის გვეშინოდა, მაგრამ დღეს რუსული ეკლესია ნაკლებად საშიშია. ამ მხრივ საშიშია კონსტანტინოპოლის ეკლესია. ამიტომაც ხვდება ჩვენი პატრიარქი ბართლომეოს მეორეს. ჩვენს უწმინდესს ქართული საზოგადოების მხადაჭერა სჭირდება. სწორედ ამ მიზნით შევიკრიბეთ აფხაზეთიდან დევნილები, რათა ბართოლომეოს მეორემ არ დაუშვას ისეთი რამ, რაც ჩვენს წინააღმდეგ იმუშავებს. პირიქით, ბართლომეოსმა უნდა დაიცვას კანონიკური სამართალი და მხარი დაუჭიროს საქართველოს ეკლესიის ერთიანობას“, - აღნიშნა ზურაბ პაპასქირმა.

ამასთან, ჩვენი პატრიარქის ავტორიტეტიდან გამომდინარე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ეჭვობს, რომ საქმე ჩვენს სასარგებლოდ არ გადაწყდეს. 

მისივე თქმით, პატრიარქმა უდიდესი ნაბიჯი გადადგა, როცა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის ხელმძღვანელობა შეითავსა.

„მანამდე მეგონა, რა საჭირო იყო ასეთი ნაბიჯის გადადგმა, ჩვენი უწმინდესი ხომ ისედაც სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი იყო?! მაგრამ, ეტყობა, მან ამ საშიშროების შესახებ კარგად იცოდა. ამიტომაც ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტობა შეითავსა“.

ზურაბ პაპასქირი აცხადებს, რომ აფხაზეთის ეკლესიის დედაეკლესიისგან გამოყოფა არავის გამოუვა. რუსეთს ეს არ გამოუვა იმიტომ, რომ რუსეთს თავადვე ეშინია, რადგან, თუ აფხაზეთის ეპარქიას საქართველოს ეკლესიისგან დამოუკიდებლად ცნობს, იმ დღესვე საქართველოს პატრიარქი ცნობს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას. ამიტომაც რუსეთს თავისი სატკივარი აქვს. მეტიც - ამით ჩვენ რუსეთი დავბლოკეთ.

„მართალია, რუსეთი დე ფაქტო განკარგავს იქაურობას, მაგრამ სწორედ რუსეთის ეკლესიას დაუპირისპირდა დოროთეი დბარი და კონსტანტინოპოლის პატრიარქზე აიღო აქცენტი. ამ შემთხვევაში, რუსეთი არ ეხმარება აფხაზებს; პირიქით, დაინტერესებულია, ქართული პოზიცია დაიკავოს. ეს ლოგიკურიცაა. ახლა ზოგიერთი ფიქრობს, მაგალითად, მეუფე ანანია, რომ ეს ყველაფერი რუსული სცენარია. ასე არ არის, რადგან რუსეთის ეკლესია ძალიან გაბრაზებულია დბარის მოქმედებებზე და დბარი და ამპარი, ორივე, სამი წლით განკვეთეს ეკლესიიდან. რუსეთის ეკლესიამ მათ მღვდელმსახურება აუკრძალა. არადა, მათი კლირიკები არიან ისინი, მათი წიაღიდან გამოსულები და ამ დროს მაიკოპისა და ადიღეს ეპისკოპოსმა მათ მღვდელმსახურება აუკრძალა“,- აღნიშნა ზურაბ პაპასქირმა. 

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე სეპარატისტული აფხაზეთის ეკლესიის დედა ეკლესიისგან გამოყოფის სურვილს რუსეთის ფაქტორით ხსნის.

„რასაკვირველია, ამის უკან მხოლოდ რუსეთი დგას. ამ ეტაპზე აფხაზების ეს გეგმა არარეალურია, რადგან იქ რუსული ეკლესიის გავლენა ძალზე ძლიერია. თანაც, როგორც ჩანს, ბუტაფორული, დეკორატიული დამოუკიდებლობა აფხაზურ სამღვდელოებას აწყობს და იქ დღითი-დღე სულ უფრო ძლიერდება რუსული ეკლესიის გავლენა“.

პოლიტოლოგის აზრით, დღესდღეობით რუსული ეკლესია და რუსული პოლიტიკა ტყუპები არიან. თუკი რუსეთის აწ გარდაცვლილი პატრიარქი ალექსი მეორე, გარკვეულწილად, დამოუკიდებელ სახეს მაინც ინარჩუნებდა, ახალი პატრიარქი კირილი პუტინისადმი სიმპათიას საერთოდ აღარ მალავს.

„ლამის არის, პუტინი კი არ ეამბოროს მას ხელზე, პირიქით, მან აკოცოს პუტინს ხელზე. ესეც არ გაგიკვირდეთ, ერთხელაც ვნახოთ, თუ როგორ კოცნიან პუტინს ხელზე რუსი მღვდლები. ამიტომ, ეს აფხაზეთისთვის დამოუკიდებლობა კი არა, კატასტროფაა. რა ვუყოთ, ამბიციები კი აქვთ, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ გამოეყოფიან ჩვენს დედა ეკლესიას“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.