მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის ხელმძღვანელის, გიორგი ისაკაძის კუთვნილი კომპანიები „ლოგოსი“ და ამხანაგობა „თეთრი სახლი“ მთლიანად სახელმწიფოს საკუთრება გახდა. შესაბამისი დოკუმენტაცია ეკონომიკის სამინისტროსთან გასულ კვირაშია გაფორმებული. ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა გიორგი ისაკაძის კუთვნილი მიწის ნაკვეთიც, რომელიც ჭავჭავაძის გამზირის №7-ში მდებარე სამშენებლო კომპლექსის ნაწილი იყო. ეს კომპანიები, ძირითადად, სამშენებლო ბიზნესით იყვენ დაკავებული, მათ უკავშირდებოდა, ბიზნესმენების - გოჩა ძასოხოვისა და ჯოზეფ ქეის სახელებიც, თუმცა არც ერთი მათგანი დღეს საქართველოში არ იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ შარშან, ნოემბერში, გიორგი ისაკაძემ საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტობის პოსტზე უარი განაცხადა. მან ასევე დატოვა ბიზნესასოციაციის სამეთვალყურეო საბჭო, მიზეზად კი კერძო ბიზნესში წასვლა დაასახელა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, „ლოგოსი“ და „თეთრი სახლი“ სახელმწიფოს თავად აღნიშნული შპს-ების ხელმძღვანელობამ გადასცა.
ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ „აღნიშნული კომპანიები სახელმწიფოს საკუთრებაში პროცედურების სრული დაცვით გადავიდა. ეს შპს-ები გაკოტრებულია და იმისთვის, რომ მშენებლობა აღდგეს და საცხოვრებელი ფართებით მოსახლეობის უზრუნველყოფა მოხერხდეს, როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, შპს-ების ხელმძღვანელებმა „თეთრი სახლი“ და „ლოგოსი“ სახელმწიფოს თავად გადასცეს.
ცნობილია, რომ გიორგი ისაკაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და კომენტარს დაახლოებით ერთ კვირაში, საქართველოში დაბრუნების შემდეგ გააკეთებს.
რას ნიშნავს კერძო კომპანიის სახელმწიფოს მფლობელობაში გადასვლა და რა მდგომარეობაშია დღეს ქართული ბიზნესი ამ თემებზე ექსპერტი ვაჟა ბერიძე გვესაუბრება.
ბატონო ვაჟა, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კერძო ბიზნესი სახელმწიფოს მფლობელობაში გადადის, სავარაუდოდ, მიზეზები აბსოლუტურად განსხვავებულია ხოლმე. როგორც ითქვა, გიორგი ისაკაძე გაკოტრდა და მისი ქონება ამიტომ გადაეცა სახელმწიფოს, მაგრამ ეგებ აგვიხსნათ, ზოგადად, რა ტენდენციასთან გვაქვს საქმე?
- ეს იმ პროცესის ნაწილია, რომელიც სახელმწიფომ ადრევე დაიწყო. მას შემდეგ რაც გაჩნდა „ქართუ ბანკის“ „პრობლემა“ და ხელისუფლებამ კანონი შეცვალა, რომლის მიხედვითაც კომპანიებს სახელმწიფოს მიმართ გარკვეული ვალდებულებების გაჩენის შემთხვევაში, პირველ რიგში სახელმწიფოს მიმართ ვალდებულება უნდა გაესტუმრებინათ. ეს პრინციპი გავრცელდა მხოლოდ „ქართუ ბანკის“ კლიენტებზე და ძირითადად, რამდენიმე კომპანიაზე, რომელთაგან არაპირდაპირი გზით ჩამორთმეული ქონება, რაც ვალის დასაფარად წაიღო სახელმწიფომ, თითქმის ყველა მათგანს უკან დაუბრუნდა. ეს კომპანიები კი გაიყიდა აუქციონზე, მაგრამ ისევ მისი ყოფილი მფლობელების, მათი ახლობლებისა და ნათესავების ხელში მოხვდა. ფაქტობრივად, კრედიტში ჩადებული ქონების მფლობელები არ შეცვლილა, მხოლოდ „ქართუ ბანკს“ მიადგა ზიანი, რითაც მისი ჩაძირვის პროცესი დაიწყო.
ერთადერთი გამონაკლისი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იყო ის კომპანიები, რომლებსაც გიორგი ისაკაძე წარმოადგენდა. ეს კომპანიები რეალურად გადავიდა სახელმწიფოს მფლობელობაში და მის მეპატრონეს არ დაბრუნებია. მოცემულ შემთხვევაში ისაკაძეს არც საბანკო ინსტიტუტმა გაუწია ანგარიში, არც სახელმწიფომ და ეს ქონება მთლიანად აღმჩნდა სახელმწიფოს ხელში, მაშინ, როდესაც სხვა ქონებების შემთხვევაში დადგა სხვა შედეგი.
მსგავსი ქმედებები „ქართუ ბანკის“ კლიენტების გარდა არავის მიმართ არ განხორციელებულა, რაც საფუძველს მაძლევს ვიფიქრო, რომ სახელმწიფოს მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას აქვს ადგილი და სწორედ ერთპარტიული სისტემისთვის დამახასიატებელი თავისებურებაა, როდესაც ეროვნული ბანკი, პარლამენტი, აბსოლუტურად ყველა ინსტიტუცია ერთი დაჯგუფების ინტერესებს ექვემდებარება.
მოცემულ შემთხვევაში ეს იყო ხელისუფლების შურისძიება ბიძინა ივანიშვილსა და „ქართუ ბანკზე“, რასაც გიორგი ისაკაძის ქონება შეეწირა.
არსებობს ინფორმაცია, რომ ამ კომპანიებთან კავშირი ჰქონდათ გოჩა ძასოხოვსა და ჯოზეფ ქეის და ეგებ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილზე შურისძიებასთან არ გვქონდა საქმე?
- ვერ გეტყვით, ვის მიერ იყო ეს კომპანიები დაფუძნებული ან კავშირი ჰქონდათ თუ არა ძასოხოვსა და ქეის.
გიორგი ისაკაძეს ვიცნობ როგორც რესპექტაბელურსა და წესიერი ბიოგრაფიის მქონე პიროვნებას, ვფიქრობ, მისი ურთიერთობა არც საბანკო, არც სახელმწიფო და არც კომპანიონების მიმართულებით სამართლებრივ ნორმებს არ გასცდებოდა. რამდენადაც გიორგი ისაკაძესთან ვმეგობრობ და მის საქმიანობას მხოლოდ შორიდან ვადევნებდი თვალს, არ შემიძლია რამე დაზუსტებით ვთქვა.
შეჩვეული ვართ, რომ როდესაც ბიზნესმენს ქონებას ართმევენ, თითქმის ყოველთვის გარკვეული ტიპის ანგარიშსწორებასთან გვაქვს ხოლმე საქმე. კულუარებში ისიც კი ითქვა, რომ არჩევნების შემდეგ ხელისუფლება მისი ფავორიტების ქონების მისაკუთრებასაც გეგმავს. სხვადასხვა ინფორმაციები ვრცელდება „ნიკორას“, „თეგეტა მოტორსის“ შესახებ, თუმცა სავარაუდოდ, ისინი „ქართუს“ კრედიტორები არ უნდა იყვნენ...
- ბოლო 9 წლის განმავლობაში ერთი მკაფიო ტენდენცია ჩამოყალიბდა - ყველა მომგებიანი ბიზნესი კონტროლდება ხელისუფლების მიერ და ყველგან იგნორირებულია კონკურენცია, ჩამოყალიბებული აქვთ ფარული მონოპოლიები. მაგალითად, ფარმაციაში, ნავთობპროდუქტების ბაზრებზე, მოქმედებს ოლიგოპოლიური ფასები და გარიგებები.
ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ბიზნესმენსა და კომპანიას, რომელმაც მიაღწია წარმატებას და „ნაცსახელისუფლებო“ უმაღლესი ეშელონის - ნაციონალების მმართველი დაჯგუფების მხარდაჭერა არ აქვს. ასეთი ბიზნესი საქართველოში ვერ იარსებებს.
რომელიმე მსხვილი მოთამაშე რომ შემოიყვანოთ საქართველოში დიდი კაპიტალით, თუ არ გექნებათ ტოპ-ტრენდის, ანუ 20 ყველაზე გავლენიანი პირის, განსაკუთრებით - პირველი ათეულის თანხმობა, ვერაფრით ვერ შემოიყვანთ, თუნდაც ეს იყოს ქვეყნისთვის მომებიანი და უამრავი სამუშაო ადგილის შემქმნელი.
ყველა და ყველაფერი ელიტური ხელმძღვანელობის მიერ კონტროლდება და „ნაციონალურმა“ ხელისუფლებამ, თავიდანვე მიზნად დაისახა ფინანსური ნაკადების უმკაცრესი კონტროლი, რადგან სწორედ ფინანსებია პოლიტიკური გავლენის ერთ-ერთი სერიოზული მასაზრდოებელი წყარო.
ყველა ფინანსური ნაკადი გაკონტროლდა, მათთვის მიუღებელი ბიზნესები დანიდევნა ქვეყნიდან, ხოლო ვინც დარჩა, ოლიგარქების ჩათვლით, ყველა მეგობრობდა საქართველოს ხელისუფლებასთან, ხოლო ვინც აღარ მეობრობდა, როგორც ეს იყო პარატკაციშვილის შემთხვევაში, მივიღეთ კატასტროფული შედეგი.
„თეგეტა მოტორსიც“ და „ნიკორაც“ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბიზნესებია რომლებიც საკუთარ საქმიანობას, იქნება ეს „საირმის“ მშენებლობა, ავტონაწილების, ან ინდური ხორცის იმპორტი, ეს არის აბსოლუტურად ნებადართული სფერო, სადაც ამ კომპანიებს აქვთ რეგლამენტირებული საქმიანობის უფლება, თუ თამაშის წესები დაარღვიეს, ხელისუფლება იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო პროცესით არის დაკავებული, მკაცრად და ოპერატიულად დასჯის წესების დამრღვევებს.
რამდენადაც ცნობილია, კერძო კომპანიებისგან და იქ დასაქმებული ადამიანებისგანაც მოითხოვს ნაციონალური მოძრაობა მხარდამჭერთა სიების წარდგენას, ეს როგორ შეიძლება შეფასდეს?
- ასეთი ტენდენციები არის, რამდენიმე ადამიანი ვნახე ისეთი, რომელიც შეწუხებული იყო იმით, რომ პირად მონაცემებს სთხოვდნენ. რაც შეეხება ბიზნესმენენს, რომლებიც თანამშრომლებს აიძულებენ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცენ, კონკრეტული ფაქტები არ გამაჩნია, თუმცა მსმენია ამის შესახებ.
ესეც რომ არა, დარწმუნებული ვარ, იმ კომპანიების ხელმძღვანელები, რომელთა კეთილდღეობა, ბაზარი, წარმოება და გასაღების სეგმენტი გარანტირებული მხოლოდ ამ ხელისუფლების წყალობით არის და ხელისუფლებასთან შეზრდილ ბიზნესკლანებს წარმოადგენენ, მითითების გარეშეც შეეცდებიან, რომ იმ ადამიანებმა, ვისაც ხელფასს უხდიან, მათმა ოჯახის წევრებმა, ხმა „ნაციონალურ მოძრაობას მისცენ“.
სხვა შემთხვევაში რა მოხდება?
- სხვა შემთხვევაში მათთვის ყველაფერი თავიდან დაიწყება, ეს კი კონკურენტულ გარემოში მუშაობას გულისხმობს. მაგალითისთვის გავიხსენებ, სულ ცოტა ხნის წინ საწვავზე ფასის ერთდროულად 5-10 თეთრიან გაუმართლებელ ზრდას, როდესაც მსოფლიო ბაზარზე ეს ტენდენცია არ შეინიშნება. ეს იმას ნიშნავს, რომ პირდაპირ თუ ირიბად საარჩევნო ხარჯები ხელისუფლებასთან მჭიდროდ დაკავშირებულმა კომპანიებმა როგორმე უნდა ამოიღონ.
კონკურენტული გარემო ყველგან აუცილებელია სხვანაირად პრობლემები კონსერვდება და ნებისმიერი ავტორიტარული, გნებავთ ტოტალიტარული რეჟიმის გზა ჩიხი და კატასტროფაა როგორც ეს დაადასტურა კიდეც „არაბულმა გაზაფხულმა“. იგივეა ბიზნესშიც თუ არ იქნება კონკურენცია და არ წახალისდება ჯანსაღი პროცესები, ეკონომიკა ვერ განვითარდება და ვხედავთ კიდეც რომ ვერც ერთი მიმართულებით ვერ ვითარდება. გადანაწილებულია კვოტები, საწვავი, ვინ, საიდან და რა ოდენობით უნდა შემოიტანოს და ფასი როდის მოუმატოს.
რა მოხდება არჩევნების შემდეგ, ეს დამოკიდებულია იმაზე, ძალთა რა განლაგებას მივიღებთ პარლამენტში. თუ ხელისუფლება არ შეიცვალა და „ნაციონალები“ თავისი სატელიტებით 75%-იანი კვოტით მოვიდნენ ხელისუფლებაში, იგივე სისტემა, იგივე ეკონომიკა და იგივე ურთიერთობები შენარჩუნდება. ხოლო თუ მოვიდა ბიძინა ივანიშვილი, ეს არის იმისი წინაპირობა, რომ აღდგება სასამართლო, სამართლიანობა, კონტრაქტის უზენაესობა, ჩამოყალიბდება კონკურენტული გარემო და დაიწყება სულ სხვა ეკონომიკის მშენებლობა, რომელიც რა თქმა უნდა, არის გზა ევროპისკენ ევროკავშირისკენ და იმ ამოცანების შესრულებისკენ, რასაც დასავლეთი კატეგორიულად მოითხოვს საქართველოსგან, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად არ აკეთებს.
ეს არის მონოპოლიური და ანტიმონოპოილიური ურთიერთობები, შრომის კოდექსი, სტატისტიკის ფუნქცონირება, სურსათის უვნებლობა და ა.შ. ვფიქრობ, ასე მოხდება რადგან ბიძინა ივანიშვილის კოალიცია ამ მიმართულებით დამაიმედებელ დაპირებებს იძლევა.