ეროვნული მუზეუმი for.ge-ს სთხოვს რამდენიმე დღე აცადოს

ეროვნული მუზეუმი for.ge-ს სთხოვს რამდენიმე დღე აცადოს

საქართველოს ეროვნული მუზეუმი for.ge-ს სთხოვს რამდენიმე დღე აცადონ, პასუხის გაცემა იმ ორ განცხადებაზე, რომლითაც მუზეუმს მივმართეთ. for.ge იჩენს კეთილ ნებას და მუზეუმს რამდენიმე დღე აცდის.

პირველი განცხადება ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის დავით ლორთქიფანიძის სახელზე 22 აგვისტოს ჩავაბარეთ. ჩვენ ვითხოვთ 2012 წლის 29 მარტს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებას და ჩვენთვის სვანეთის მუზეუმში დაცულ საქართველოს საგანძურთან დაკავშირებული ინფორმაციის და დოკუმენტების გადმოცემას. პარალელურად, მუზეუმმა for.ge-ს უნდა გადაუხადოს სახელმწიფო ბაჟის ნაწილი, ანუ 50 ლარი, რაც ასევე მოსამართლემ დაავალა.

მეორე განცხადება  ეროვნულ მუზეუმში 24 აგვისტოს შევიტანეთ და იმავე დღეს ჩვენს ვებგვერდზე გამოვაქვეყნეთ წერილი სათაურით - “განრისხებული სააკაშვილი აწყურისა და ზარზმის ხატების ახალციხეში გადატანას ითხოვს“. ამ წერილში გამოვაქვეყნეთ განცხადებაში დასმული კითხვები, რომლითაც ეროვნული მუზეუმის საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირს მივმართეთ და რომელიც ეხება ზარზმისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატებს.

ორივე განცხადებაზე კანონით დათქმული ათდღიანი ვადა ამოწურულია.13 სექტემბერს მუზეუმში სტუმრობისას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანა ვერულაშვილმა განგვიმარტა, რომ ის პირები, ვისაც ჩვენთვის პასუხის გაცემა აქვთ დავალებული, ძალიან დაკავებულები არიან ახალციხის ახლადრეაბილიტირებული მუზეუმის და სხვანეთის ახალი მუზეუმის გახსნის გამო. ანა ვერულაშვილმა გვთხოვა მუზეუმს რამდენიმე დღე ვაცადოთ. სიტყვიერად შევთანხმდით, რომ მუზეუმში 18 სექტემბერს მივალთ და მოვითხოვთ პასუხს ჩვენს განცხადებებზე. იმ შემთხვევაში კი, თუ მუზეუმი 18 სექტემბრამდე შეძლებს კითხვებზე პასუხის გაცემას, ისინი თავად დაგვიკავშირდებიან.

სვანეთის მუზეუმი 13 სექტემბერს გაიხსნა. ჩვენ დავინტერესდით გადაიტანეს თუ არა საგანძური ახლადაშენებულ მუზეუმში, რომლის კედლები გამოუმშრალია. მესტიისა და ზემო სვანეთის მთავარეპისკოპოსს მეუფე ილარიონს (ქიტიაშვილი) ტელეფონით დავუკავშირდით. მან გვითხრა, რომ მუზეუმის მესვეურებმა დაპირება შეასრულეს და მუზეუმის კედლების გამოშრობამდე საგანძური დატოვეს იქ, სადაც აქამდე იყო, ანუ მესტიის მუსიკალური სკოლის ყოფილ შენობაში.

შეასრულებს თუ არა მუზეუმი for.ge-სთვის მიცემულ სიტყვიერ დანაპირებს, ეს 18 სექტემბერს გაირკვევა.  თუ მუზეუმი სასამართლო გადაწყვეტილებას ნებაყოფლობით არ შეასრულებს, მეორე დღეს მივმართავთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და ამ გზით მოვითხოვთ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას, სვანეთის მუზეუმში დაცულ საქართველოს საგანძურთან დაკავშირებით.

ზარზმისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატებთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციას, ანუ ჩვენს კითხვებზე პასუხს და დოკუმენტების ასლებს თუ არ გადმოგვცემენ, მათ უმოქმედობას ადმინისტრაციული წესით გავასაჩივრებთ.