დღეიდან თბილისელები მუნიციპალურ ტრანსპორტში ახალი ფასდაკლების სისტემით სარგებლობენ. თბილისის მერიამ მეტროსა და ავტობუსში მგზავრობისას, ახალი ფასდაკლების სისტემის შესახებ ინფორმაცია, მოსახლეობას ერთი კვირის წინ გააცნო. აღნიშნული სიახლე ვებ-გვერდზე www.chemitbilisi.com განთავსდა და 5 დღის განმავლობაში თბილისელებს შესაძლებლობა ჰქონდათ ახალი ინიციატივისთვის მხარი დაეჭირათ. მერიაში ამბობენ, რომ ვებ-გვერდზე განთავსებულმა იდეამ, ხმათა საჭირო რაოდენობაზე მეტი მოიპოვა და, შესაბამისად, განხორციელდა.
ფასდაკლების ახალი სისტემის ფარგლებში, ყველა იმ მგზავრს, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მგზავრობის ღირებულების ელექტრონული ბარათით გადახდისას მეტრომანით სარგებლობს, შესაძლებლობა აქვს მუნიციპალურ ტრანსპორტში, პირველი მგზავრობის საფასური 50 თეთრი გადაიხდოს და საათნახევრის განმავლობაში, მეტროსა და ავტობუსში, სხვა მარშრუტზე გადაჯდომისას უფასოდ იმგზავროს. ახალი ფასდაკლების სისტემა, ასევე ვრცელდება ყველა იმ კატეგორიის მგზავრზე, რომელიც სხვადასხვა სახის შეღავათებით უკვე სარგებლობენ(პენსიონერები, სტუდენტები,პედაგოგები, სოცილურად დაუცველები). მათი რიცხვი თბილისში განისაზღვრება 600 000-ით. თბილისის მერიის ინფორმაციით, ფასდაკლების აღნიშნული სისტემა აპრობირებულია ევროპის ბევრ ქვეყანაში და მნიშვნელოვანია ყველა იმ მგზავრისთვის, ვინც რეგულარულად სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ წყნეთიდან ყვითელი ავტობუსით იმგზავრა და თბილისელებს სიახლე პირადად გააცნო, თუმცა მას არ უთქვამს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობის ტარიფების ძველი სისტემა გაუქმებულია. კერძოდ, დღემდე მოქმედი ტარიფები ასეთი იყო, მეტროთი და ავტობუსით პირველი მგზავრობის საფასური 50 თეთრს შეადგენდა, შემდეგი მგზავრობა 30 თეთრი იყო, ხოლო დღის განმავლობაში მესამე და ყველა შემდეგი მგზავრობისას 20 თეთრს იხდიდი. ამდენად, თუკი სამსახურში წასვლა და წამოსვლა აქამდე თბილისელებს 80 თეთრი უჯდებოდათ (50 თეთრი პირველი მგზავრობა და 30 თეთრი მეორე მგზავრობა), ახალი ტარიფით მათ ერთი ლარის გადახდა მოუწევთ, რადგან სამსახურიდან საათნახევარში ვერ გამოიქცევი იმისთვის, რომ ტრასნპორტით უფასოდ იმგზავრო. ახლა განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც არა სამსახურში, არამედ ვთქვათ, რაღაც საქმეზე მიდიხარ. ცხადია, არც ისე ადვილია ყველა საქმე საათნახევარში გააკეთო. ამიტომ ასეთ შემთხვევაში უფრო მეტი ალბათობით, ტრანსპორტში 80 თეთრის ნაცვლად ერთი ლარის გადახდა მოგიწევს. ერთადერთი, ვისთვისაც ახალი ტარიფი შეღავათი იქნება, ის ადამიანები არიან, ვისაც სამსახურში წასვლისას ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ. ასეთი კატეგორიის ადამიანებს თუკი აქამდე სამსახურში წასვლა-წამოსვლა 1 ლარი და 20 თეთრი უჯდებოდათ (პირველი მგზავრობა 50=30 თეთრი, ხოლო უკან დაბრუნება 20+20 თეთრი, სულ 1.2 ლარი), ახლა ერთი ლარის გადახდა მოუწევთ, წასვლაც 50 თეთრი და უკან დაბრუნებაც 50 თეთრი.
თუმცა აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ თავის დროზე ეს პრობლემაც ხელოვნურად შეიქმნა, რადგან მოგეხსენებათ, ადრე თბილისში გრძელმარშრუტიანი ავტობუსები მოძრაობდა, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მთელს ქალაქს გადიოდნენ. ახლა კი ქალაქის ერთი ბოლოდენ ჯერ ვთქვათ, კოლმეურნეობის მოედანზე გიწევს მისვლა და შემდეგ სხვა ტრასნპორტში გადაჯდომა, რათა ქალაქის მეორე ბოლოში გახვიდე. შეგახსენებთ, ახალი მარშრუტების შემოღებას, უფრო სწორად ძველების შემოკლებას მაშინ მოსახლეობის სეროზული უკმაყოფილება მოჰყვა, მაგრამ, როგორც ყველაფერი ამ ქვეყანაში, შემდეგ ეს პრობლემაც მიჩუმათდა და ხალხი შეეჩვია, რომ სამსახურში წასასვლელად ორი ტრანსპორტით სარგებლობა უწევს. ამიტომ ალბათ ახალი ტარიფების დაწესების ნაცვლად, უფრო უპრიანი იქნებოდა თბილისის მერიას ისევ ძველი, გრძელი მარშრუტები აღედგინა, რათა დედაქალაქის მოსახლეობას რეალური შეღავათი ჰქონოდა.
ახალი ტარიფის შემოღებას სოციალურ ქსელებში უკვე სერიოზული აჟიოტაჟი მოჰყვა. ადამიანები წერენ, რომ თუკი აქამდე დღის განმავლობაში სამჯერ მგზავრობა ერთი ლარი უჯდებოდათ (50+30+20), ახლა ლარნახევრის გადახდა მოუწევთ. ამიტომ ეს შეღავათი კი არა, რეალურად ტრანსპორტის გაძვირებაა.
ეკონომიკური პროფილის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ ნაბიჯით თბილისის მერიამ მოსახლეობას წინასაარჩევნო სატყუარა გადაუგდო, რადგან მათ უმეტესობას ახალი ტარიფები უბრალოდ ვერანაირ შეღავათს მისცემს.
ექსპერტი ნოდარ ხადური ამბობს, რომ ხელისუფლებას ამ ახალი ტარიფებით მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს.
„ხელისუფლებას, როგორც სჩვევია, მოსახლეობა ისევ შეცდომაში შეჰყავს. ფაქტია, რომ თუკი ადამიანს სამსახურში მისასვლელად ტრანსპორტის გამოცვლა არ სჭირდება, თუკი აქამდე სამსახურში წასვლა-მოსვლა 80 თეთრი უჯდებოდა, ახლა ამაში ერთი ლარის გადახდა მოუწევს, ანუ გაძვირებული ტარიფით უნდა იმგზავროს. ამიტომაც ვამბობ, რომ თბილისის მერიამ ხალხს თითქოსდა შეღავათიანი ტარიფი შესთავაზა, მაგრამ სამწუხაროდ თბილისის მოსახლეობას საკატაოდ არ სცალია, რომ საათნახევრის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისეირნოს“, - აცხადებს ხადური.
მისი თქმით, რეალურად ადამიანებს დღის განმავლობაში იმ შეღავათებით სარგებლობის საშუალება აღარ ექნებათ, რაც აქამდე ჰქონდათ. ამიტომ ექსპერტი ამბობს, რომ ვითარება კი გაუმჯობესდა, არამედ გაუარესდა. ამიტომ ნოდარ ხადური ამბობს, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან ჩვეულებრივი წინასაარჩევნო ფანდია და მეტი არაფერი.
იურისტი დავით ებრალიძე for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ახალი ტარიფი შეღავათიანი იქნება მხოლოდ იმათთვის, ვისაც სამსახურში წასვლისას ტრანსპორტის გამოცვლა უწევს.
„იმათთვის, ვინც ერთი ტრანსპორტით სარგებლობს, ადრინდელი ტარიფით ორი მგზავრობა 80 თეთრი იყო, ახლა კი ერთი ლარი გახდა. ვერ გეტყვით, რომელი კატეგორიის ადამიანები უფრო მეტია თბილისში, ვისაც სამსახურში წასვლისას ორი ტრანსპორტის შეცვლა უწევს, თუ ვინც მხოლოდ ერთი ტრანსპორტით სარგებლობს. ამიტომ ცოტა რთულია იმის თქმა, თბილისელების რამდენად დიდ რაოდენობას შეეხება ახალი შეღავათები“, - ამბობს ებრალიძე.