გია ბარამიძე: „ხელისუფლება ოქტომბრის არჩევნების წინ რეპეტიციას გადის“

გია ბარამიძე: „ხელისუფლება ოქტომბრის არჩევნების წინ რეპეტიციას გადის“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ლექტორების გამოშვება თსუ-ს სტუდენტებმა აქციით გააპროტესტეს. ამასთანავე, მათ 4 მთავარი მოთხოვნა ჩამოაყალიბეს - რეგენტთა საბჭოს გაუქმება, რადგან ამჟამად რეგენტთა საბჭო მინისტრების მოადგილეებისგან შედგება. სტუდენტების დანარჩენი მოთხოვნები იყო უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით გაშვებული ლექტორების დაბრუნება, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობიდან ანდრო ბარნოვის გადარჩევა და საგანთა ბაზების გამართვა. პირველი მოთხოვნით სტუდენტები განათლების სისტემისა და საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ, დანარჩენი სამი კი უნივერსიტეტის ადმინისტრაციას წაუყენეს. სტუდენტების განცხადებით, სანამ ეს პრობლემები არ მოგვარდება უნივერსიტეტის ადმინისტრაციას დაუმორჩილებლობას უცხადებენ და პრობლემების მოგვარებას საკუთარი ძალებითა და თამაშის წესებით შეეცდებიან. კერძოდ, 17 სექტემბერს ისინი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის ჩატარებას აპირებენ.

ფაქტია, რომ უნივერსიტეტში ყველაფერი რიგზე არ არის, რაზეც აქამდე ცალკეული სტუდენტები საუბრობდნენ, ლექტორები კი სიჩუმეს ამჯობინებდნენ. თუმცა ახლა უკვე ზოგიერთი მათგანიც აფიქსირებს საკუთარ პოზიციას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ სიტუაციაზე for.ge-ს თსუ სრული პროფესორი, ფილოსიფიურ მეცნიერებათა დოქტორი გია ბარამიძე ესაუბრება.

გია ბარამიძე: „უნდა დავიწყოთ იმით, თუ რას წარმოადგენს დღევანდელი უნივერსიტეტი. საერთოდ, უნივერსიტეტი თავისი იდეის მიხედვით არის სტუდენტობისა და პროფესურის კორპორაცია. მაგრამ დღევანდელი უნივერსიტეტი არის არათუ სტუდენტებისა და პროფესურის კორპორაცია, არამედ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და პოლიტიკური ხელისუფლების კორპორაცია. ეს არის კორუფციის სათავე, ანუ კორუფცია გაგებული სულიერი და მორალური თვალსაზრისით, რასთან შედარებითაც კორუფცია, როგორც ქრთამის აღება, არაფერი არ არის. რა თქმა უნდა, კარგია, რომ ქრთამს არ იღებენ, მაგრამ თუ ეს ხდება იმის ფასად, რომ მიმდინარეობს მორალური დაცემა და სულიერი გაპარტახება, რა თქმა უნდა, მაშინ საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, რა დევს რის საპირწონედ.

 რას გულისხმობთ მორალურ დაცემასა და სულიერ გაპარტახებაში?
- რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ობიექტური მხარეებიც და ერთ-ერთი ასეთი არის ის, რომ ცოდნის სტატუსი შეიცვალა. გეტყვით, რა მაქვს მხედველობაში - ცოდნას ადრე საქმე ჰქონდა იმასთან, რა არის ჭეშმარიტი და რა არის მცდარი. ამის მიხედვით იზომებოდა ის, თუ რა არის ცოდნა და რა - არა. დღესდღეობით საკითხი ასე დგას - ვინ წყვეტს იმას, თუ რა არის ცოდნა. ამას კი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ხელისუფლება წყვეტს.

 ანუ სასწავლო პროცესი პოლიტიზებულია?
- რა თქმა უნდა, არათუ სასწავლო პროცესი, არამედ მთლიანად აკადემიური სფერო არის პოლიტიზებული (მე, როგორც აკადემიური სფეროს წარმომადგენელი, ამით შემოვიფარგლები). უნივერსიტეტებიდან პროფესურის გამოშვებაც ხდება სწორედ იმიტომ, რომ ის პროფესურა, რომელსაც ათავისუფლებენ, თავის დარგში კომპეტენტური პროფესურაა, რომელიც აკადემიურ სივრცეში აკადემიური თავისუფლების დანერგვას და სტუდენტებისთვის კრიტიკის სულისკვეთების ჩანერგვას ცდილობს. ეს კი დასავლური ღირებულებების თვალსაზრისით, უნივერსიტეტების უპირველესი დანიშნულებაა. რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ხელისუფლებას ეს არ აწყობს. კრიტიკული სულისკვეთება, კრიტიკული მუხტი, რომელიც უნივერსიტეტებიდან მოდის, ხელისუფლებისთვის მიუღებელია იმ პოლიტიკური რეჟიმის ძირითადი მახასიათებლებიდან გამომდინარე, რომლის პირობებშიც ცხოვრება ჩვენს გვიწევს. ამიტომ თავის მიზნებს პოლიტიკური ხელისუფლება აკადემიურ სივრცეში უნივერსიტეტების ადმინისტრაციების მეშვეობით ახორციელებს. ის ძალიან კარგად და მოხერხებულად სარგებლობს იმ ობიექტური ვითარებით, რომ უნივერსიტეტების სტატუსი და უნივერსიტეტის სტრუქტურა შეიცვალა, იქიდან გამომდინარე, რომ შეიცვალა ცოდნის სტატუსიც.

ეს კონკურსები კი, რომელთა ფარგლებშიც უნივერსიტეტებიდან პროფესურის გაშვება ხდება, არის პოლიტიკური ხელისუფლების ნების განხორციელება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მეშვეობით. ამიტომ არის, რომ ეს ყველაფერი დევნის სახეს იღებს. დღეს პროფესურა უნივერსიტეტიდან გამოდევნილია. სადაც არის დევნა, იქ არის დევნილიც და მადევარიც. ეს ყველაფერი კი იწვევს სტუდენტების აღშფოთებას, რაც სრულიად გასაგები უნდა იყოს. უნივერსიტეტი, როგორც კრებითი პირი, მისი თვითცნობიერება, რისი მეშვეობითაც ის თავისი მიზნების განხორციელებას ეწევა, დღესდღეობით ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სტუდენტობა. ამიტომ ჭეშმარიტება ღაღადებს იმ სტუდენტების პირით, რომლებიც აკადემიური პროცესის იავარქმნას აპროტესტებენ. თითოეული ჩვენგანი (აკადემიური თუ მედიასივრცის წარმომადგენლები, ასევე საზოგადოებრიობა და აღარაფერს ვამბობ ხელისუფლებაზე) ამას ძალიან დიდი ყურადღებით უნდა ეპყრობოდეს.

 ბატონო გია, არჩევნები კარს გვაქვს მომდგარი და როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება უნივერსიტეტებიდან ლექტორების გამოშვება და ისედაც დაძაბული ვითარების კიდევ უფრო გამწვავება?

- ჩემს მოსაზრებას გეტყვით, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება გადის რეპეტიციას არჩევნების წინ. ის, რაც საუნივერსიტეტო სივრცეში ხდება, არის იმის წინა ეტაპი, რაც შეიძლება პირველ ოქტომბერს მოხდეს. ამით ხელისუფლება აჩვენებს თავის ძალას და თავის განზრახვას, რომ ის არ აპირებს არც ერთი ნაბიჯით უკან დახევას და აპირებს იმ პრინციპების გატარებას, რისი მომსწრენიც ჩვენ 9 წლის განმავლობაში ვართ.

 თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენი ლექტორი გამოუშვეს თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტიდან?
- ამის შესახებ მე ინფორმაცია არ მაქვს. მეც მხოლოდ და მხოლოდ ის ვიცი, რასაც სოციალური ქსელების მეშვეობით ვეცნობი. თუმცა მიმაჩნია, რომ რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, აქ უფრო მნიშვნელოვანია პრინციპი, რომ ასეთი რამ ხდება და ეს არ არის პრეცედენტი. პრეცენდენტი ეს შეიძლება ყოფილიყო ორი, სამი ან მეტი წლის წინ. დღეს კი ეს უკვე ტენდენციაა და ყველაფერი მისულია იმ ზღვრამდე, რომლის იქით უკვე სულ სხვა ფონი იშლება, რაც შეიძლება ძალიან დიდი კონფრონტაციის მაუწყებელი იყოს.

 უნივერსიტეტებიდან ლექტორების მხოლოდ ნაწილს უშვებენ, ნაწილი კი რჩება. რის მიხედვით ხდება იმ პროფესურის შერჩევა, ვინც უნდა გამოუშვან?
- სხვათაშორის იმ კორუფციამ, რაზეც მე ზემოთ ვისაუბრე (არ ვგულისხმობ ქრთამს), გამოიწვია ის, რომ უნივერსიტეტებში გაჩნდა ორი ტიპის პროფესურა. ერთი არის თვითაღიარებული და თვითმარქვია ავტორიტეტები, რომლებსაც არაფრად მიაჩნიათ ის, რასაც ჩვენ ცოდნის დასავლურ სტანდარტებს ვეძახით. მათ აქვთ რაღაც ფორმალური კრიტერიუმები, დავუშვათ აკადემიური და სამეცნიერო პროდუქციის რაოდენობა და ა.შ. ეს ფორმალური მეთოდები კარგად აითვისეს და შინაარსობრივ მხარეს ისინი არაფრად დაგიდევენ.

მეორე ტიპის პროფესურა კი არის ის, რომელიც უბრალოდ ადმინისტრაციას შეერწყა. შემთხვევითი არ არის, რომ უნივერსიტეტებში, მათ შორის ჯავახიშვილის უნივერსიტეტშიც, პროფესურის ძალიან დიდი ნაწილი ადმინისტრაციულ თანამდებობებზეც იმყოფება. ეს არ არის შემთხვევითი. უბრალოდ უნივერსიტეტში მომხდარი დიდი ცვლილება, რომ ის იქცა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის და სახელმწიფო ხელისუფლების კორპორაციად, ამ ტენდენციის ბოლომდე მიყვანა მოითხოვს იმას, რომ ეს პროფესურა ადმინისტრაციამ ბოლომდე შეისრუტოს. პროტესტანტი სტუდენტებისგან ხშირად გაიგებთ ასეთ გულისტკივილს, რომ აკადემიურ სივრცეში მათ უჭირთ ისეთი პროფესორ-მასწავლებლების მოძებნა, რომლებიც ამ ყველაფერზე საკუთარ აზრს ღიად გამოთქვამენ. სტუდენტები ამბობენ, რომ პროფესურას უჯობს კონფორმისტებად დარჩნენ. ეს კონფორმისტული პოზიცია კი ლოგიკური შედეგია უნივერსიტეტის სტრუქტურის იმ ცვლილებისა, რაზეც შევეცადე აქ მესაუბრა.  

ამდენად, დღეს იმაზე კი არ არის საუბარი, რომ ცოდნა მიიღო, ან გადასცე, არც იმაზეა საუბარი, რომ ასწავლო ის, რაც აკმაყოფილებს ჭეშმარიტების კრიტერიუმებს და რაც იყო ცოდნა, ასევე ასწავლო საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად. ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ხელისუფლება და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სტუდენტსა და ყველა იმ მხარეს, რომელიც სასწავლო პროცესში არის ჩართული, უყურებს, როგორც ამომრჩეველს, როგორც პოტენციურ ხმას. აქ ჭეშმარიტებაზე არ არის საუბარი, საუბარია იმაზე, რომ სტუდენტიცა და სასწავლო პროცესის მონაწილე სხვა მხარეც დაარწმუნო იმის სისწორეში, რასაც ამბობ. ამასთანავე, რაც უფრო ახლოს არის ეს ყველაფერი ბოდვასთან, მით უფრო ადვილია ეს თავს მოახვიო ადამიანთა იმ ჯგუფს, რომელიც გინდა სასურველ „ხმად“ აქციო. სწორედ ეს იწვევს იმ გადაგვარებას, რაზეც ზემოთ ვისაუბრე.

საერთოდ გარყვნა, გახრწნა - ეს სიტყვები ჩემი მოგონილი არ არის. ძველებრაულად „შახათ“ ნიშნავს იმას, რასაც ჩვენ დღეს კორუფციას ვეძახით, ბერძნულად კი ეს არის „პორნეო“. ეს სიტყვა ყველამ ვიცით, და იგი გარყვნილებასთან არის დაკავშირებული. მე ვსაუბრობ გარყვნილებაზე სულიერების თვალსაზრისით და აქედან გამომდინარე, დისკვალიფიკაციაზე. ყველა ადამიანი, რომელიც სასწავლო პროცესში არის ჩართული, პროფესორი იქნება თუ ადმინისტრაციის წარმომადგენელი, პრინციპის მიხედვით, არის დისკვალიფიცირებული. ადამიანის კვალიფიკაცია, მისი თვისობრიობა არის სწორედ ის, რომ მან თავისი სულიერება უნდა შეინარჩუნოს. როდესაც ამ სულიერებას კარგავ, ეს არის თავდაპირველი აზრით, კვალიფიკაციის დაკარგვა.

მთელი ეს პროცესები საზოგადოების ყურადღებას იმსახურებს გამომდინარე იმ საპროტესტო მუხტიდან, რაც სტუდენტებში არსებობს. ნურავის ეგონება, რომ ეს პროტესტი ვინმეს მიერ არის ინსპირირებული. თუკი ვინმე არის ამის ინსპირატორი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ხელისუფლება, რომელიც თავისი გაუაზრებელი ქმედებებით ამ ყველაფრის პროვოცირებას ახდენს.

დღეს ჩვენ ისეთი გამოწვევის წინაშე ვდგავართ (უკვე დიდი ხანია, მაგრამ წინასაარჩევნოდ ეს პროცესები უფრო გამწვავდა), რასაც პირუთვნელი და მიუკერძოებელი შეფასება სჭირდება. სხვათაშორის საუნივერსიტეტო სივრცე სავსეა პატარ-პატარა ჯგუფებით, რომლებიც მიკერძოების პრაქტიკას ახორციელებენ. ერთ-ერთი ასეთ ჯგუფი არის, რომელიც სახელდახელოდ იქმნება სწორედ ამ კონკურსების ჩასატარებლად. საკონკურსო კომისიები მიკერძოებულია და წინასწარ იცის, რა გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს. ეს ჯგუფი სახელმწიფო პოლიტიკური ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს. ვინაიდან ჩვენ განვითარებადი საზოგადოება ვართ, რა თქმა უნდა, ის გამოწვევები, რაც მოწინავე ქვეყნებში არსებობს, ჩვენთან პერვერსიულ, კორუმპირებულ ხასიათს იძენს. ამიტომ ხშირად ხდება ისე, რომ ჩვენთან ასწავლიან იმას, რასაც თვითონ მიიჩნევენ, რომ უნდა ასწავლონ.“