ამერიკაში გადაღებულმა ფილმმა "ისლამის უცოდველობა" მუსლიმანური სამყარო ამერიკას დაუპირისპირა. მხატვრული ნამუშევარი მუსლიმანებმა დიდ შეურაცხყოფად მიიღეს, რადგან ისლამი კრძალავს მუჰამედის რაიმე სახით ვიზუალურად გამოხატვას. თუმცა მთავარი პროტესტი არა მხოლოდ წინასწარმეტყველის სახით გამოჩენამ, არამედ ფილმის პროვოკაციულმა სახემ გამოიწვია. ფილმს ამერიკელი პროდიუსერი და რეჟისორი ჰყავს, საპროდიუსერო კომპანია კი ებრაულ-ამერიკულია.
შედეგად, განრისხებულ მუსლიმანთა დემონსტრაციები მიმდინარეობს ლიბიასა და კაიროში. ლიბიის ქალაქ ბენღაზაში მუსლიმანი დემონსტრანტები ამერიკის საელჩოს თავს დაესხნენ, რასაც ოთხი ამერიკელის, მათ შორის, ლიბიაში ამერიკის ელჩის კრისტოფერ სტივენსის სიცოცხლე ემსხვერპლა. პროტესტი ეგვიპტესა და ირანსაც მოედო.
ფილმს აპროტესტებენ თეირანშიც. 500-მდე ირანელი შვეიცარიის საელჩოსთან მივიდა, სადაც განთავსებულია ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების დამცველი სექცია. აქციის ორგანიზატორი სტუდენტებისგან დაკომპლექტებული რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებაა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აღნიშნულ ფილმს, რომელმაც არაბულ სამყაროში საპროტესტო აქციები გამოიწვია, ამაზრზენს უწოდებს. მისი თქმით, ვიდეომ საბაბი მისცა ძალადობას, რამაც ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები იმსხვერპლა.
ავღანეთსა და პაკისტანში ამ ფილმის Youtube-ზე წვდომა უკვე შეზღუდეს, რათა მოქალაქეებმა სკანდალური ფილმის ნახვა ვერ შეძლონ.
ჟურნალისტებმა ვერც ფილმის რეჟისორს მიაკვლიეს. იმ პირის სახელი და გვარი, რომელმაც ფილმი გადაიღო, გამოგონილი აღმოჩნდა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, „ისლამის უცოდველობის“ ავტორს პოლიცია იცავს. 13 სექტემბერს Associated Press-ის ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ ფილმის ნამდვილი ავტორი სწორედ ნაკულა ბესლი ნაკულაა, რომლის ფსევდონიმი სემ ბეისილია (Sam Bacile). მამაკაცმა საკუთარ თავს ქრისტიანი კოპტი უწოდა და განაცხადა, რომ ფილმი კოპტური ქრისტიანული საზოგადოების მხარდასაჭერად შექმნა, რომელსაც, მისი აზრით, ისლამი ემუქრება.
ლოს-ანჯელესის შემოგარენში 55 წლის ნაკულა ბესლი ნაკულას სახლს პოლიციამ ალყა შემოარტყა, მაგრამ ჟურნალისტების თქმით, თავად ნაკულა ბესლი სახლში არ იმყოფება.
რელიგიურ გრძნობებზე თამაშს დაუშვებლად მიიჩნევენ ქართველი კინომცოდნეები.
კინომცოდნე ზვიად დოლიძეს For.ge-სთან საუბრისას კონკრეტული შემთხვევები ახსენდება, როცა ცალკეულმა კინოსურათებმა დაპირისპირება გამოიწვიეს. კერძოდ, მარტინ სკორსეზეს ძალიან ცნობილი ფილმის „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნების“ გამო რეჟისორს მშობლიურ იტალიაში ჩასვლა გარკვეული დროით აეკრძალა.
„მსოფლიო კინოს ისტორიაში არსებობს ცალკეული ფილმები, რომელთა გამოც სერიოზული დაპირისპირება ხდებოდა. მაგალითად, ფილმის „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“ გამო მარტინ სკორსეზეს ერთი ამბავი აუტეხეს. მოგეხსენებათ, სკორსეზე იტალიელია, მაგრამ ამ ფილმის გამო, ერთი პერიოდი, კათოლიკური ეკლესია იტალიაში შესვლის უფლებას არ აძლევდა. ფილმი ეყრდნობოდა ძალიან ცნობილ რომანს და ამ რომანის ეკრანიზაციას წარმოადგენდა. მასში ბიბლიურად მიდის ყველაფერი, თუმცა შემდეგ ეს ყველაფერი უცნაურად წყდება და თავისუფალი ინტერპრეტაცია იწყება, რომ თურმე ქრისტე კი არ უცვიათ ჯვარს, არამედ გაუგრძელებია ცხოვრება, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს“.
გარდა ამისა, ზვიად დოლიძე უხმო კინოს პერიოდსაც იხსენებს, როცა ამერიკულ ფილმებში მექსიკელები იდიოტებად და დეგრადირებულ მასად გამოჰყავდათ. ერთ მშვენიერ დღეს კი მექსიკის პრეზიდენტმა საკუთარ ტერიტორიაზე საერთოდ აკრძალა იმ კინოკომპანიების ფილმების შეშვება, რომელმა კინოკომპანიამაც ასეთ ცუდ კონტექსტში მოიხსენია მექსიკელები. ამის შემდეგ ამერიკელები იძულებულნი გახდნენ, გამოესწორებინათ სიტუაცია და შეეწყვიტათ საკუთარი მეზობელი ერის „ლუმპენ პროლეტარიატად“, გაუნათლებლებად და დეგრადირებულებად წარმოჩენა.
ზვიად დოლიძე მუსლიმანთა გაღიზიანების სხვა მცდელობებსაც გმობს.
სწორედ ამ კონტექსტში განიხილავს წლების წინ გავრცელებულ მუჰამედის კარიკატურებს. მისი აზრით, ეს ძალიან არასერიოზული საქმეა და ამას ბოროტი ადამიანები აკეთებენ, რომლებსაც შუღლის გამოწვევა სურთ. მას არ უკვირს, რომ რელიგიური მრწამსის შებღალვა მუსლიმანთა დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს, რადგან მათთვის რელიგიას დიდი გავლენა აქვს. ამასთან, ეს ფუნდამენტური რელიგიაა და ამდენი საუკუნეა, არსებობს.
„მაპატიეთ, მაგრამ ეს მუსლიმანებისთვის სულში ჩაფურთებაა. ალბათ, ამ ფილმის გადაღება შეგნებულად ხდება. რომელიღაც უარყოფითმა ადამიანმა ან ადამიანთა ჯგუფმა გამიზნულად გადაიღო, რომ შესაბამისი რეაქცია გამოიწვიოს. არა მგონია, ეს შეუგნებლად კეთდებოდეს. ეს დაახლოებით იგივეა, ქრისტიანობას რომ მიაყენონ შეურაცხყოფა ანტიქრისტანული ფილმის გადაღებით, ან ბუდიზმს მიაყენონ შეურაცხყოფა ანტიბუდისტური ფილმის გაკეთებით. არსებობს დაუწერელი მორალი და ზნეობა და ამ ზნეობის ჩარჩოებში უნდა იყოს ნებისმიერი რელიგიური კონფესია მოქცეული. ამ ერთი კვირის წინ უცხოეთში გახლდით და გაოცებული დავრჩი, რომ ერთ პატარა, ათი ათას მოსახლიან ქალაქში, რამდენიმე სხვადასხვა ეკლესიაა- ანგლიკანური, პროტესტანტული, კათოლიკური, ბაპტისტური. ყველა მათგანს თავისი მრევლი ჰყავს და ერთმანეთს არ ხოცავენ. თითოეული ჩვენგანისთვის ცხოვრება იმდენად დიდი დღესასწაულია, რომ ამაზე უნდა ვიფიქროთ და ამით უნდა ვიყოთ ბედნიერები. ერთმანეთი კი არ უნდა დავჭამოთ“.
ზვიად დოლიძის აზრით, მთელი ტრაგედია ისაა, რომ ამ ფილმით შეურაცხყოფილი მუსლიმანები მარტო ამერიკის საელჩოს არ ერჩიან, არამედ ბრიტანეთის, გერმანიის საელჩოებსაც სთხოვენ პასუხს.
ამ ფილმის შესახებ მონაცემების ნახვისას კინომცოდნე თეო ხატიაშვილი დარწმუნდა, რომ სურათი საკმაოდ მდარე ხარისხისაა. მისი შეფასებით, მთელი მსოფლიო უკვე მასკულტურის ეპოქაში ცხოვრობს. მასკულტურა კი ყველაფერს მოიხმარს. უფრო მეტიც, რაც არ უნდა უცნაური იყოს, მასკულტურა ძალიან კონსერვატიულია, მაგრამ, ამავდროულად, ყველანაირ ღირებულებებს იყენებს და სიწმინდეებსაც სასაქონლო ღირებულებას ანიჭებს.
„მსგავსი ტიპის პროდუქციას - ფილმი იქნება ეს თუ კლიპი, ასეთი ისტერია მოჰყვება ხოლმე. ძალიან ხშირად პოპმუსიკაშიც რელიგიური სიმბოლიკით „თამაშობენ“. ამ კონტექსტში მახსენდება მომღერალი მადონა, რომელსაც მკრეხელურად აქვს გათამაშებული ცალკეული სცენები. ეს ყველაფერი არასერიოზულია. ვფიქრობ, ეს ამ ადამიანების არაადექვატურობაა, რომლებიც გლობალურად არ იაზრებენ ამა თუ იმ კულტურულ ნიშანს“,- აცხადებს თეო ხატიაშვილი For.ge-სთან საუბარში.
იგი არ გამორიცხავს, რომ ასეთი ფილმის გადაღება კინობაზრისთვის სჭირდებოდათ, რადგან გარკვეული ტიპის ჯგუფებზე მსგავსი ფილმები მუშაობს და, სამწუხაროდ, მსოფლიოში ანტიისლამისტური გავლენა გაღვივებულია. კინომცოდნის აზრით, ტერორიზმის წინააღმდეგ გამოცხადებულმა ფართომასშაბიანმა ბრძოლამ ამ საკითხის მიბმაც მოახდინა, თითქოს მუსლიმანები ტერორისტები არიან. თუმცა, რელიგიების ასეთი პრიმიტიული გაგება შემაშფოთებელია.
„ცხადია, ეს აბსურდია, მაგრამ ამას მიმდევრები ჰყავს, მით უმეტეს, დასავლურ სამყაროში, სადაც, ეკონიმიკური კრიზისიდან გამომდინარე, უკმაყოფილება მაღალია. მათ ჰგონიათ, რომ ამაში მთავარი დამნაშავეები მუსლიმანი ემიგრანტები არიან. კარგია, თუ Youtube-ზე ამ ფილმების ჩვენება შეიზღუდა და დამატებით გაღიზიანებას არ გამოიწვევს მუსლიმანურ საზოგადოებაში. ცხადია, ამ ფილმის რეჟისორს ყველა მუსლიმანი მტერი ჰგონია“, - მიიჩნევს თეო ხატიაშვილი.
მისივე თქმით, ქრისტიანთა შორისაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია მელ გიბსონის ფილმმა „ქრისტეს ვნებები“, რადგან რელიგიურ დოგმატიკაზე თამაში არ შეიძლება. ეს თემა სენსიტიურია და ადამიანები ზედმეტად მგრძნობიარედ რეაგირებენ.
„მაგალითად, ლუის ბუნიუელი ამას არაჩვეულებრივად აკეთებდა და იგი შედევრებს ქმნიდა, მაგრამ იმასაც უტევდნენ. ნაკლები ნიჭის, ნაკლები გაქანების ადამიანი კი როცა ასეთ ფილმს იღებს, ამას ასეთი მასშტაბური უკურეაგირება მოყვება“, - აღნიშნა კინომცოდნემ.