ყაჯართა სასახლე პატარა კახის რეზიდენციასთან?!

ყაჯართა სასახლე პატარა კახის რეზიდენციასთან?!

ისტორიიდან ცნობილია, რომ კრწანისის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, უკვე 1797 წლიდან ერეკლე მეფე ავადმყოფობდა და თელავიდან მართავდა ქვეყანას. ფეხები უსივდებოდა, ამბობდნენ, წყალმანკი ჰქონდაო. ფეხების შეშუპების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის უკმარისობა იყო. მეფეს, რომელსაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი უნაგირზე ჰქონდა გატარებული, ცხენზე ამხედრებას, ამჯერად საწოლში წოლა ერჩივნა. ამბობენ, ავადმყოფს ქათმის ბულიონი მიართვეს, მაგრამ არ დალია – მარხვაა და მე რომ მარხვა გავტეხო, ხალხი რას იტყვის და როგორ მოიქცევაო. 1798 წელს მისი ჯანმრთელობა გაუარესდა და 11 იანვარს, გამთენიისას, თელავის სამეფო სასახლეში ერეკლე მეფე იმავე პატარა კუთხის ოთახში გარდაიცვალა, სადაც 78 წლის წინ დაიბადა.

დღეს უკვე თელავში, პატარა კახის სასახლის რეაბილიტაცია ისტორიის დამახინჯებად იქცა. მეფე ერეკლეს მომცრო ოთახს, სადაც იგი დაიბადა და აღესრულა, მეორე სართულს უშენებენ. იქვე, სულ რაღაც 20 მეტრში, ყაჯართა ტომების ნაგებობა აღიმართება. ცნობილია, რომ ყაჯარები თურქული მოდგმის ტომები არიან ირანში, რომელთა დინასტიის ფუძემდებელიც იყო აღა მახმად ხანი, რომელთან ბრძოლასაც სიცოცხლე შეალია ერეკლე მეფემ.

პატარა კახის სასახლის ირგვლივ შექმნილ პრობლემებზე For.ge ექსპერტებს ესაუბრა.

ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია აცხადებს, რომ საქართველოში ვერ გაიგებ, რა არის მართალი და რა_მტყუანი, თუმცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერეკლე მეფის სასახლეზე მეორე სართულის დადგმას აპირებენ, მისთვისაც ცნობილია. რაც შეეხება ყაჯართა სასახლის აშენებას, გოგო ხოშტარია ამას სრულ სისულელედ მიიჩნევს.

„თუ მუსლიმანური სასახლის ნარჩენები არის, რაც მე არ მახსოვს, კი ბატონო, უნდა აღდგეს, მაგრამ თავიდან აშენება, რასაც ახლა აპირებენ, დანაშაულია. თბილისში შაჰ აბასის დროს აგებული, ძალიან ლამაზი ცისფერი მეჩეთი არსებობდა, რომელიც კომუნისტებმა დაანგრიეს. მეტეხის მოპირდაპირე მხარეს იყო, მაშინ პატარა ხიდები ამშვენებდა თბილისს და ეს ადგილიც მშვენიერი უბანი იყო. რა თქმა უნდა, ეს ბარბაროსობად ჩაითვალა, ეს ისტორიის ხელის ხლებაა. ისე, კომუნისტები და საბჭოთა კავშირი არავის გვიყვარს, მაგრამ იმ პერიოდის კარგი ძეგლები უნდა შენარჩუნდეს. მაშინ ავკრძალოთ საბჭოთა დროს გადაღებული კინოფილმები, ისე, ამათ რობიკოც ხომ გაისტუმრეს?!“

გოგი ხოშტარიას აზრით, თელავში პატარა კახის სასახლეზე მეორე სართულის დადგმა ისტორიის გაყალბებაა.

„რა, ახლა ერეკლე ავა და მეორე სართულზე დაიძინებს? ეს მიშას სურვილია. ეგენი თავისთვის იდგამენ ძეგლებს“,_აცხადებს ხელოვნებათმცოდნე.   

ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე სრულიად იზიარებს თელაველების პოზიციას, რომ ისტორიული ძეგლი არის ისტორიის კუთვნილება და მისთვის რაიმეს მიმატება, გამოკლება ან დამატება არასწორია. ხოლო, თუკი ძეგლზე დაზიანება შეიმჩნევა, მისი კონსერვაცია და შეკეთება დასაშვებია.

„ზუსტად ესაა ჩვენი ისტორიაა, თუ როგორ და რანაირად ცხოვრობდა პატარა ოთახში საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე_ პატარა კახი. რისთვის სჭირდებათ მეორე სართულის დადგმა, ვერ გეტყვით; ვინც აპირებს ამის გაკეთებას, მას ეცოდინება. საერთოდ, რა უნდა ყაჯართა სასახლეს პატარა კახის რეზიდენციასთან?! ჩემთვის ეს ყველაფერი გაუგებარია,“_ აღნიშნა მარიკა ლორთქიფანიძემ. 

არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი კატეგორიული წინააღმდეგია ისეთი იმპროვიზაციის, რომელიც თელავის სასახლეზე მეორე სართულის დადგმას გულისხმობს. მისი განმარტებით, თუ არ არსებობს დოკუმენტაცია, ისტორიული მითითებები, სქემები ან ნახატები მაინც, ამისთანა ქმედებები დაუშვებელია და სიყალბეს ნიშნავს.

„სიყალბე არასდროს ამშვენებდა ჩვენს ისტორიას. რაც შეეხება ერეკლე მეორეს, ამ უდიდეს პიროვნებას, ქართველი ერის გარკვეულ სიმბოლოსაც კი, ის იძულებული გახლდათ, საქართველოს გადასარჩენად, დიპლომატიური მოსაზრებებით, ხან სპარსული ქუდი დაეხურა, ხანაც სპარსეთის კარზე ჯერ კიდევ სიყმაწვილის ასაკში ებრძოლა და გადაელახა მთელი ავღანეთი. ინდოეთამდე მიიყვანა სპარსეთის ჯარი და გიორგი სააკაძის შემდეგ მეორე კაცი იყო სპარსეთის ისტორიაში, რომელმაც გადალახა ავღანეთის ტერიტორია. მასთან ერთად იბრძოდნენ კახეთისა და ქართლის რჩეული ახალგაზრდები, რომ ამით გადაერჩინათ საქართველო“,_აცხადებს გიგა ბათიაშვილი.

მისი აზრით, ჩვენი მეფეების დიპლომატიურმა ნაბიჯებმა და თავგანწირვამ დღემდე მოიტანა საქართველო, ამიტომ რა საჭიროა, ყაჯართა ტომების ნაგებობის აშენება მეფე ერეკლეს სასახლესთან?!

„სულ არ არის საჭირო ამაზე აქცენტის გაკეთება. ისევე, როგორც არ არის საჭირო მეფე ერეკლეს თვალით უნახავი სასახლის კეთება. როგორიც იყო, ისეთად უნდა დარჩეს“.

ამასთან, გიგა ბათიაშვილი აცხადებს, რომ თვითონ ის სახლი, საადაც დაიბადა ერეკლე მეფე და, რომელიც დღეს მუზეუმად არის ქცეული, გარკვეულწილად, სპარსული ყაიდისაა, რადგან იმ პერიოდში საეკლესიო ნაგებობებშიც კი გვხვდება შეისრული თაღები. არქიტექტორს ეს ეპოქის გამოხატულებად და ქართველთა  წამხედურობად მიაჩნია.

„რას იზამ, წამხედურობაც გვახასიათებდა, ისევე, როგორც დღეს, გვინდა, არ გვინდა, გვჭირდება თუ არ გვჭირდება, შუშას ვიყენებთ. აგერ, ბაგრატის ტაძარიც შუშით დავამახინჯეთ.“     

„თავისუფალი საქართველოს“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი მოსიაშვილი For.ge-სთან საუბარში იხსენებს, რომ თელავში, ბატონის ციხის  სანახავად მთელი მსოფლიოდან ჩასული ტურისტები ერეკლე მეფის სასახლის დათვალიერების შემდეგ გაოცებულნი კითხულობდნენ _ კი მაგრამ, აქ სად არის სასახლე?! ამის მიზეზი ის იყო, რომ იმდენად მოკრძალებულად ცხოვრობდა პატარა კახი, მას არ ჰქონია ფეშენებლური სასახლე და კოშკები. უბრალოდ, გალავანი ჰქონდა გამაგრებული და ძალიან მოკრძალებული დარბაზი ჰქონდა, ერთი პატარა ტახტი ედგა და მცირე ოთახი ჰქონდა მოსასვენებლად.

 - ეს ადამიანი სამშობლოზე ფიქრით ათენებდა და აღამებდა, განსხვავებით დღევანდელი ხელისუფლებისგან, რომელმაც ციხე-კოშკები და სასახლეები აიშენა. თვითონ რეაბილიტაციას რაც შეეხება, ყველაზე მტკივნეული, ცუდი და ამაზრზენი ის არის, რომ უშუალოდ ბატონის ციხის ტერიტორიაზე (რომელიც მთელი კომპლექსია, სადაც დასაფლავებულია რაფიელ ერისთავი და ქართველებისთვის კიდევ არაერთი საყვარელი პიროვნება), აგებული იყო ასწლოვანი შენობა, წმინდა ნინოს სახელობის პირველი ქალთა გიმნაზია, რომელიც აბსოლუტურად დაანგრიეს.  არ ვიცი, მუშებმა დაუშვეს შეცდომა თუ სამშენებლო კომპანიამ უსაფრთხოების ზომები არ მიიღო, მაგრამ გვერდით მდებარე ელენე ახვლედიანის სახელობის გალერეაც მოჰყვა ამ ნგრევაში. პრაქტიკულად, მთელი ეს ორი ნაგებობა ჩამოიშალა და უამრავი უნიკალური ნამუშევარი ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა. მართალია, დირექტორისა და პერსონალის ძალისხმევით მოხერხდა გარკვეული ნივთების გადარჩენა, მაგრამ უამრავი რამ განადგურდა. მაგალითად, რაფიელ ერისთავის ბიუსტი, რომელიც თითქმის 70 წლის არის, ღია ცის ქვეშ იყო გამოგდებული. ამის გამო ჩვენმა ორგანიზაციამ აქციაც კი გამართა.

 ანუ თელავის სასახლის რესტავრაცია დარღვევებით მიმდინარეობს?
- რესტავრაცია კი არა, პრაქტიკულად, ეს ნგრევაა. აღგავეს პირისაგან მიწისა ორი საუკეთესო შენობა, არა მარტო თელაველების, არამედ მთელი საქართველოსთვის საყვარელი შენობები. საქართველოში არსებობს ერთადერთი მეფის სასახლე და ეს გახლავთ მეფე ერეკლეს სასახლე თელავში და, როცა ასეთ მნიშვნელოვან ისტორიულ ძეგლს რესტავრაციას უტარებენ, მინიმუმ, ხალხს მაინც უნდა დაეკითხონ აზრს. ამ ნანგრევების ადგილას შენდება ყაჯართა ტომების მეჩეთის ტიპის გაურკვეველი ნაგებობა, სადაც გამოიფინება ყაჯართა ტომების ნამუშევრები.

რატომ გადაწყვიტეს ყაჯართა ტომების ნაგებობის აღმართვა?
- ხელისუფლებას აქვს ერთი არგუმენტი, რაც, ჩემი აზრით, არგუმენტიც არ არის და ფაშისტური მიდგომაა. ისინი ამბობენ, რომ თურმე რუსული არქიტექტურის გავლენა იგრძნობოდა ძველ შენობებში, ამიტომაც უნდა დაანგრიონ და თურმე ბრენდია ყაჯართა ტომების ნამუშევარი და ამით მოიზიდავენ ტურისტებს. ეს მე ნაკლებად მგონია, რადგან, თუკი ევროპელს საქართველოში რამის ნახვა სურს, სჯობს, იმავე სახითა და გარეგნობით ნახოს, რა სახითაც უკვე ასწლეულებია, შენარჩუნებული გვაქვს.

ყაჯართა ტომების ნაგებობას უშუალოდ ერეკლე მეფის რეზიდენციასთან აშენებენ?
- აშენებენ ერეკლეს რეზიდენციის დასავლეთით, სადღაც 20-30 მეტრში. სხვათა შორის, ყაჯართა ტომების ნაგებობების ისტორიას რომ ვეძებდი, „გუგლში“ მივაგენი ზუსტად ასეთივე შენობა-ნაგებობებს, რომლებიც მრავლად არის შემორჩენილი მაშინდელ სპარსეთში, დღევანდელ ირანში. ახლა კი თელავში გვიშენებენ ასეთ უსახურ ნაგებობას.

ყაჯართა ტომების ნაგებობა როდესმე მდგარა ამ ტერიტორიაზე?
- რა თქმა უნდა, არასდროს ყოფილა, ეს არის ერთი ადამიანის აკვიატება. ეს ერთი ადამიანი დღევანდელი პრეზიდენტია. არასდროს არ არის ნამყოფი ერეკლე მეფის  სასახლეში. როცა ჩამოვიდა, ამ რეზიდენციის გარეთ, ძეგლთან ერთო-ორჯერ შეჩერდა და პატარა მიტინგიც ჩაატარა, მარკოზაშვილებს მოუწოდა, რომ თურმე მარკოზაშვილებმა დააქციეს ქვეყანა.

იმ დროს პრეზიდენტი თელაველებს შეეკითხა, რომელი გზა გირჩევნიათ, მეფე ერეკლეს გმირული გზა, თუ მარკოზაშვილის?
- მას შემდეგ ამ რეზიდენციას ახლოს არ გაკარებია. მინდა გითხრათ, რომ მისი ცხრაწლიანი პრეზიდენტობის მანძილზე წყალი ჩამოსდიოდა ერეკლეს ოთახს და თვითონ სასახლეს. მინები იყო ჩამსხვრეული და, როგორც გარეთ, ისე შიგნით თოვდა. ახლა დაიწყეს ვითომ „რესტავრაცია“ და ამ რესტავრაციას მოჰყვა ის, რომ მთელი საუკეთესო შენობა-ნაგებობები დაანგრიეს, დაამსხვირიეს, დაშალეს და  აგებენ ყაჯართა ტომების არქიტექტურის მსგავს  უსახურ ნაგებობას.

მართალია, რომ პატარა კახის მომცრო ოთახს, სადაც იგი დაიბადა და აღესრულა, მეორე სართულის მიშენებას უპირებენ? ამას წინათ თელაველებთან სტუმრობისას ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა კიდეც, რომ ეს ისტორიის გასაყალბებლად სჭირდებათ, რომ ვითომც პატარა კახი დიდ სასახლეში დაიბადა.
- ნაციონალური მოძრაობა ხშირად ტრაბახობს, რომ საქართველოს ისტორია 2003 წლიდან დაიწყო. ამის გამო ყველაფრის შეცვლა უნდათ. არადა, როგორ შეიძლება, ამ შენობაზე კიდევ ერთი ნაგებობის დაშენება?! ეს მიუღებელია, სხვათა შორის, გასული საუკუნის 80-იან წლებში მანდ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. შესაძლოა, იქ მთლად სრულყოფილი მასალები არ იყო გამოყენებული, მაგრამ ის სახე, რა სახეც ჰქონდა ბოლო საუკუნეებში ამ სასახლეს, შენარჩუნებული გახლდათ. დღეს კი ამ ყველაფერს ასწორებენ. ნიშანდობლივია, რომ ამ სასახლის შესასვლელი ჭიშკარი არის დაბალი, რადგან არჩილ მეფის დაწყებულია ეს მშენებლობა, თელავში სატახტო ქალაქი რომ გადმოდიოდა, სწორედ მაშინ გააკეთეს დაბალი ჭიშკარი. ამათ კი შეცვალეს და ჩათვალეს, რომ დაბალი ჭიშკრის ნაცვლად, მაღალი უნდა იყოს. აბსოლუტურად უცვლიან იერსახეს. დარბაზში, სამხრეთის მხარეს, ფანჯრებია განლაგებული, ახლა კი უნდათ, ამოიღონ და მათ ნაცვლად კარი ჩასვან, თანაც, შესავლელი ჭიშკარი შეცვალონ. ეს მაშინ, როცა ბატონის ციხე ძეგლია და ხელის ხლება არ შეიძლება. თელავში იგივე სიტუაციაა, და უფრო ცუდი რამ ხდება, ვიდრე ბაგრატის ტაძარში. ეს ადამიანი ვერ ხვდება იმას, რომ მეფეს შეეძლო, ეცხოვრა ერთ სართულიან ჩვეულებრივ შენობაში, თვითონ პომპეზური რეზიდენცია აიშენა და მილიარდამდე დაუჯდა. ამიტომ რაღაცნაირად უნდა, მეფე ერეკლეს სასახლეც ფეშენებლური გახადოს.

უკვე დაიდგა მეორე სართული?
- არა, გაკეთების პროცესშია, მშენებლობა მიმდინარეობს. ჯერ სარტყელს უკეთებენ, რათა მერე დააშენონ.

ეს ძველი ნაგებობა დაშენებას აიტანს?
- იცით რა, არქიტექტორებსაც ველაპარაკე. ისე მკვიდრად არის აშენებული ეს სასახლე, გაძლებით ნამდვილად გაუძლებს, ორ სართულს კია არა, ცხრა სართულსაც გაუძლებს. მოგეხსენებათ, ჩვენი წინაპრები მამაპაპურად და საშვილიშვილოდ აშენებდნენ და ამ ნაგებობამაც თითქმის სამ საუკუნეს გაუძლო; მაგრამ იერსახეს რომ აკარგვინებენ და ისტორიას ცვლიან, ეს არის უბედურება. მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე ერეკლე სპარსელებს ებრძოდა, ამ დროს კი მისი სასახლის გვერდით დგამ ყაჯართა ტომების ნაგებობას და იქ მათი ნამუშევრების გამოფენას აწყობ, ეს დაუშვებელია. თითქოს დასავლეთ ევროპელი ტურისტები ჩამოვლენ ამის სანახავად, რაც მტკნარი სიცრუეა. ეს ერთი ადამიანის ახირებაა. ყაჯართა ტომების ნაგებობის საძირკველი უკვე იჭრება, პროექტშიც არის. ამასთან დაკავშირებით რიგითი თელაველების განწყობა უარყოფითია. თელავის ისტორიული მუზეუმის ყოფილი დირექტორი თენგიზ ალდამიძე ამას ნამდვილად ებრძოდა, და უნდა ვაღიარო, რომ ვერ შევძელით, მოსახლეობის მეტი ჩართულობა მოგვეხდინა. კულუარულად მირეკავდნენ, შეხვედრას მთხოვდნენ, დემოკრატიის ჩართულობის ცენტრშიც გავმართე შეხვედრა, თელაველებსაც მოვუწოდე, მაგრამ, რომ ვუთხარი აქციაზე გამოდით-თქო, სამწუხაროდ, არ გამოვიდნენ. მეტიც, ყველა ოპოზიციურ და ვითომ ოპოზიციურ პარტიას მოვუწოდე, ერთიანი ფრონტით დავმდგარიყავით. სატელევიზიო კადრებიც არსებობს, სადაც მენეჯერთან დაპირისპირება მომიწია, რომელმაც რაფიელ ერისთავის ბიუსტი გამოიტანა და გარეთ დააგდო. ამ ხელისუფლებამ ადამიანები ისე დააშინა, რომ ისეთ მტკივნეულ საკითხზეც კი ვერ აქტიურობენ, როგორიცაა მეფის სასახლე.