შინაგან საქმეთა სამინისტროს ქარელის რაიონულმა სამმართველომ 11 სექტემბერს სოფელ ძლევიჯვარის მცხოვრები მირზა ხაბარელი და თეიმურაზ ჩაგელიშვილი დააკავა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ჩაგელიშილმა და ხაბარელმა ქარელის რაიონის სოფელ ბრეთის რწმუნებულს ალექსი ელიაშვილს საკუთარ სამუშაო ოთახში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მირზა ხაბარელი და თეიმურაზ ჩაგელიშვილი დაკავებულია ადმინსტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით. სასამართლომ მათ 60–დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
მირზა ხაბარელი კოალიცია „ქართული ოცნების“ კრწანისის მაჟორიტარობის კანდოდატის შოთა ხაბარელის ძმის შვილია და კოალიციაში მის დაკავებას პოლიტიკური მოტივებით ხსნიან. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მომხდარის შესახებ შსს-სგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ. კოალიციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრი გიორგი როსტომაშვილი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ 2012 წლის 11 სექტემბერს დაახლოებით 13 საათზე მირზა ხაბარელი და თეიმურაზ ჩაგელიშვილი სოფელ ბრეთის ტერიტორიული ორგანოს საკრებულოს შენობაში, სოფელ ბრეთის რწმუნებულთან ალექსი ელიაშვილთან მიწის ნაკვეთების გადაფორმების საკითხის გასარკვევად მივიდნენ.
იურისტის თქმით, ალექსი ელიაშვილითან ერთად მის სამუშაო კაბინეტში ამ დროს იმყოფებოდა სამი ქალბატონი, რომლებიც იქ სპეციალისტებად მუშაობენ. კაბინეტში შესვლის შემდეგ მირზა ხაბარელი მიწის საკითხებთან დაკავშირებით ესაუბრებოდა ერთ-ერთ ქალბატონს, თეიმურაზ ჩაგელიშვილი კი იქვე იდგა ფანჯარასთან და ელოდებოდა მათი საუბრის დამთავრებას. ამ დროს ჩაგელიშვილს ეცვა კოალიცია “ქართული ოცნების” მაისური, რამაც გამოიწვია ამ ქალბატონის გაღიზიანება და დაიწყო ლანძღვა “ქართული ოცნების” ლიდერის და მისი მომხრეების მისამართით, რაც თეიმურაზ ჩაგელიშვილმა მიიღო შეურაცხყოფად, რადგან თვითონაც და მირზა ხაბარელიც არიან კოალიცია “ქართული ოცნების” წევრები. მან ქალბატონს შენიშვნა მისცა - ნუ ილანძღებიო.
„სწორედ ამ დროს სოფელ ბრეთის რწმუნებულმა ალექსი ელიაშვილმაც დაიწყო მათი სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინა თეიმურაზ ჩაგელიშვილს და მირზა ხაბარელს, ასევე იგინებოდა კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერის, მთლიანად კოალიციის და მათი მომხრეების მისამართით, რასაც ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების მხრიდან არ მოყოლია არანაირი რეაგირება, ისინი უსიტყვოდ გამობრუნდნენ და წავიდნენ სახლში. ზემოაღნიშნული ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ მათ დაუკავშირდნენ ქარელის რაიონული სამმართველოდან და უთხრეს, რომ გამოცხადებულიყვნენ პოლიციის განყოფილებაში, სადაც მისვლისას ჩვენი თანდასწრებით მოხდა მათი გამოკითხვა“, - ამბობს კოალიციის იურისტი გიორგი როსტომაშვილი.
მისი თქმით, ხაბარელი და ჩაგელიშვილი ალკოტესტზე შეამოწმეს და დადასტურდა, რომ ისინი ალკოჰოლური საშუალების ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდნენ. ამის შემდეგ კი ისინი წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავეს, კერძოდ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის. როსტომაშვილის თქმით, არც ერთი მათგანი არ აღიარებს ბრალს, რადგანაც მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია არანაირი სამართალდარღვევის ფაქტს, ასევე ხელი არ მოაწერეს დაკავების ოქმს, მირზა ხაბარელმა კი პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა.
„გამომძიებლებმა დაგვარწმუნეს, რომ მათი სასამართლოსთვის წარდგენა მოხდებოდა მეორე დღეს, ანუ 12 სექტემბერს, რის შემდგომაც ჩვენ გამოვემართეთ თბილისისკენ. როდესაც გორს მივუახლოვდით, დაგვირეკეს პოლიციის განყოფილებიდან და გვითხრეს, რომ იმ ღამესვე ჩატარდებოდა სასამართლო პროცესი ქ. ხაშურში, რის შემდგომაც ჩვენ გავბრუნდით უკან. აღნიშნულის გამო ჩვენს მიერ ვერ იქნა მასალები შესწავლილი და ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფთა გამამართლებელი მტკიცებულებები სათანადოდ ვერ იქნა მოპოვებული. კერძოდ, ჩვენს მიერ ვერ გამოიკითხა ფაქტის შემსწრე პირები, როცა მათი რიცხვი, როგორც პროცესზე გაირკვა, დაახლოებით ოცამდე იყო. სასამართლომ კი დაკითხა მხოლოდ ორი მოწმე, რომლებიც ფორმალურად დაზარალებულებად წარმოჩინდნენ, ანუ წარმოადგენდნენ მხარეს, ფაქტის შემსწრე ნეიტრალური პოზიციის პირები კი არ დაკითხეს. სასამართლოს მიერ დაკითხულები სწორედ ის ქალბატონები არიან, რომლებმაც ჩაგელიშვილსა და ხაბარელს, ასევე „ქართულ ოცნებას“ შეურაცხყოფა მიაყენეს და მთელი ეს პროვოკაცია გამოიწვიეს“, - ამბობს როსტომაშვილი.
მისივე განცხადებით, ხაბარელს ტუჩზე დაზიანება აღენიშნება, ხოლო მეორე მხრიდან დაზიანებები არავის მიუღია. ამიტომ ბრალდების მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დებოში ხაბარელმა და ჩაგელიშვილმა ატეხეს, სიმართლეს არ შეესაბამება.
გარდა ამისა, იურისტი ამბობს, რომ პოლიტიკური ნიშნით ამ საქმის წარმოებაზე მიანიშნებს ის გარემოებაც, რომ კოალიციის წევრებს, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცესში პრობლემები შეექმნათ. როსტომაშვილის თქმით, ვინაიდან სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა იწურებოდა, 12 სექტემბერს, საღამოს დაცვის მხარე სასამართლოში გამოცხადდა, რათა სააპელაციო საჩივარი შეეტანა, მაგრამ სასამართლოში მხოლოდ მანდატური დახვდა. იურისტი აცხადებს, რომ ამით სასამართლომ კოალიციის წარმომადგენლებს ხელოვნურად შეუქმნა ბარიერები, რათა საჩივრის წარდგენა კანონით გათვალისწინებულ ვადებში არ მომხდარიყო. იმის გამო, რომ საჩივრის შეტანის საშუალება არ ეძლეოდათ, გიორგი როსტომაშვილის განცხადებით, დაცვის მხარემ გადაწყვიტა იუსტიციის სამინისტროს ცხელ ხაზზე დაერეკა და მომხდარის შესახებ შეეტყობინებინა, მაგრამ იურისტის თქმით, მას შემდეგ, რაც ამ ნომერზე ოპერატორი პასუხობდა და ადასტურებდა, რომ სწორედ იუსტიციის სამინისტროს ცხელ ხაზზე მოხვდნენ, ტელეფონი ითიშებოდა. ამდენად, ცხელ ხაზზე შეტყობინების დატოვებაც ვერ მოხერხდა.
ამ ეტაპზე ხაბარელისა და ჩაგელიშვილის დაპატიმრების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არის გასაჩივრებული და გიორგი როსტომაშვილი გამოთქვამს იმედს, რომ სააპელაციო სასამართლომ მაინც ამ ორ პირს იქნებ სხვა სახის ადმინისტრაციული სახდელი შეუფარდოს, მაგალითად ჯარიმა, რომელსაც მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება ითვალისწინებს, რადგან 60–დღიანი პატიმრობა ძალიან მკაცრი სასჯელია, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ, როგორც როსტომაშვილი ამბობს, დაკავებულებს დანაშაული არ ჩაუდენიათ.