for.ge-მ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაწყებულ სამართლებრივ დავაში დამარცხდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ წაგებას შევეგუებით და საჯარო ინფორმაციის მოსაპოვებლად სამართლებრივ ბრძოლას შევწყვიტავთ.
13 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ დიმიტრი გვრიტიშვილმა for.ge-ს სარჩელი განიხილა, მაგრამ გადაწყვეტილება შსს-ს სასარგებლოდ გამოიტანა. მითითებულ პროცესზე ჩვენს უფლებებს იცავდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის წარმომადგენელი ნათია კაპანაძე, რისთვისაც მას მადლობას ვუხდით.
for.ge საქალაქო სასამართლოსგან ითხოვდა შსს-სთვის დაევალებინა იმ საჯარო ინფორმაციის გაცემა, რომელიც ეხება 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი აქციის დაშლაში მონაწილე სპეციალური დანიშნულების რაზმების სახელწოდებებს, უწყებრივი და რეგიონული დანაყოფების იდენტიფიკაციით.
ანუ, ჩვენ გვინდა გავიგოთ, რომელი სპეცრაზმები მონაწილეობდნენ მშვიდობიანი აქციის დაშლაში, რა დროსაც დაიღუპა ოთხი ადამიანი, ასეულობით მძიმედ დაშავდა, ერთმა ადამიანმა კი თვალი დაკარგა. აქციის დარბევისას დააკავეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რეზინის ტყვიები დაუშინეს და აპარატურა დაუმტვრიეს ჟურნალისტებს, აქციის მონაწილეები მასობრივად დააკავეს, გარკვეული პირები გაასამართლეს.
შსს-ს წარმომადგენელმა, ნათია ჯალიაშვილმა განმარტა, რომ სპეცრაზმების სახელწოდებები საიდუმლოა და ამიტომ სამინისტრო ამ ინფორმაციის ჩვენთვის გადმოცემაზე უარს ამბობს, რადგან მისი გაცემა იგივეა, რაც სპეცსამსახურების სტრუქტურისა და ფუნქციური მოვალეობების განსაჯაროება, რაც კანონით აკრძალულია.
შსს-ს ამგვარი განმარტება, რაც სასამართლომაც გაიზიარა, სხვა არაფერია, თუ არა თვალში ნაცრის შეყრა!
რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს, რომ არავინ დაღუპულიყო და დაშავებულიყო, სამინისტრო ვალდებული იყო ჩვენთვის გადმოეცა ინფორმაცია, რაც 2 მარტის განცხადებით გამოვითხოვეთ, რადგან ამის გაკეთებას სამინისტროს კანონი ავალდებულებს.
აქციის დარბევის თანმხლები მსხვერპლი, ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა და ის სისასტიკე, რაც აქციის დაშლისას გამოვლინდა, ამ ფაქტისადმი საზოგადოების (როგორც საერთაშორისო, ისე ქართული) ინტერესს უფრო ამძაფრებს.
შსს ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია 26 მაისის მარბიელ სპეცრაზმებზე. for.ge დაელოდება სასამართლო როდის ჩაგვაბარებს 13 სექტემბერს გამოტანილი გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს და ამის შემდეგ ჩვენს მკითხველს დაუყოვნებლივ ვაცნობებთ რა ნაბიჯს გადავდგამთ ზემოხსენებული საჯარო ინფორმაციის მოსაპოვებლად.