საქართველოს მოსახლეობამ უკვე მერამდენე სოციოლოგიური კვლევის შედეგები იხილა - ამჯერად გამოკითხვა კვლევითმა ორგანიზაცია Forsa-მ ჩაატარა და პოლიტიკური რეიტინგები წარმოადგინა. Forsa-ს წარმომადგენელთა განცხადებით, კვლევა მიმდინარე წლის 17-დან 30 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში 2008 რესპონდენტი გამოიკითხა.
გამოკითხვის თანახმად, პირდაპირი არჩევანის საშუალება რომ ჰქონდეს, გამოკითხულთა 43% პრემიერ-მინისტრად ბიძინა ივანიშვილს აირჩევდა, 33% - ვანო მეერაბიშვილს, ხოლო 24%-მა შეკითხვაზე უარი განაცხადა, ან მასზე პასუხი არ იცის. Forsa-ს კვლევის თანახმად, კითხვაზე, “ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ ძალას მისცემდით ხმას”, პასუხები ასე გადანაწილდა: "ქართული ოცნება" – 49%, "ნაციონალური მოძრაობა" – 43%, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" – 6%, სხვა – 2%.
საზოგადოებრივი კვლევითი ორგანიზაცია "Forsa"-ს გამოკითხვის თანახმად, ყველაზე მეტი ნდობით პოლიტიკოსებს შორის ბიძინა ივანიშვილი სარგებლობს.
კვლევის თანახმად, პოლიტიკოსთა ნდობის რეიტინგი შემდეგნაირად გადანაწილდა: ბიძინა ივანიშვილი – 49%, ვანო მერაბიშვილი - 48%, მიხეილ სააკაშვილი – 47%, სოზარ სუბარი – 41%, გიგი უგულავა – 40%, ირაკლი ალასანია – 39%, მაია ფანჯიკიძე – 38%, მანანა კობახიძე – 35%, თინა ხიდაშელი – 35%, ეკა ბესელია – 35%, თეა წულუკიანი – 33%, გიორგი თარგამაძე – 31%, გუბაზ სანიკიძე – 31%, რუსუდან კერვალიშვილი – 30%, დავით საგანელიძე – 29%, დავით უსუფაშვილი – 28%, მიხეილ მაჭავარიანი – 25%, ნიკა რურუა – 24%, ხათუნა გოგორიშვილი – 22%, ჯონდი ბაღათურია – 20%, გივი თარგამაძე – 18%, გიგა ბოკერია – 18%, კახა კუკავა – 18%, შალვა ნათელაშვილი – 16%, დავით გამყრელიძე – 16%, ნუგზარ წიკლაური – 14%, ჩიორა თაქთაქიშვილი – 13%, ნინო ბურჯანაძე – 13% და თამარ ჩერგოლეიშვილი – 12%. აღსანიშნავია, რომ კვლევის ავტორებმა ვერ განმარტეს, თუ რატომ მოხვდა ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი პოლიტიკოსების რეიტინგში.
კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 39% მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინიტრად ვანო მერაბიშვილის დანიშვნა პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანს, 36% თვლის, რომ ეს არაფერს შეცვლის, 10%-ის აზრით კი, მერაბიშვილის გაპრემიერება ნეგატიურ ცვლილებებს გამოიწვევს, რესპონდენტთა 15%-ს აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხის არ აქვს. Forsa-ს კვლევის თანახმად, ყველაზე დიდი ნდობით ეკლესია სარგებლობს.
ინსტიტუტებისადმი ნდობის რეიტინგი კვლევის თანახმად ასე გამოიყურება, ეკლესია-რელიგიური ინსტიტუტები - 89%, ჯარი - 74%, საგზაო ინსპექცია - 65%, პოლიცია - 57%, ნატო - 49%, ევროკავშირი - 48%, საერთაშორისო ორგანიზაციები - 47%, პრეზიდენტი - 43%, მთავრობა - 41%, პრესა - 38%, პარლამენტი - 36%, ადგილობრივი თვითმართველობა - 35%, ტელევიზია - 33%, თქვენი დეპუტატი - 33%, სასამართლო - 30%, რადიო - 29%, პოლიტიკური პარტიები - 25%, ბიზნესი - 25%, პროფკავშირები კი - 17%.
ცხადია, როდესაც ერთი კვირის განმავლობაში ორი სოციოლოგიური კვლევის ასეთი განსხვავებული შედეგები ქვეყნდება („NDI“-ს და Forsa-ს კვლევები), მათი ჩატარების მეთოდოლოგიასთან, დამკვეთებთან და შემსრულებლებთან დაკავშირებით საზოგადოებაში ჩნდება ინტერესი. ეს კითხვა საზოგადოებრივი კვლევის ცენტრ Forsa-სთან დაკავშირებითაც გაჩნდა. კომპანიის პოლიტიკური და სოციოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა პიტერ მატუშეკმა ამაზე განაცხადა, რომ "საზოგადოებრივი აზრის კვლევა Forsa-ს "დემოკრატიის ფონდმა" დაუკვეთა. მისივე განმარტებით, "დემოკრატიის ფონდი" ყოფილი სენატორის მიერ არის დაფუძნებული, თუმცა სენატორის ვინაობა მისთვის უცნობია. რაც შეეხება საველე სამუშაოებს, მატუშეკის განცხადებით, ის "ახალგაზრდა სოციოლოგთა და ფსიქოლოგთა ასოციაციამ" ჩაატარა.
forsa–ს მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებზე „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა მცირე კომენტარი გააკეთა. ივანიშვილის განცხადებით, აღნიშნული კვლევა არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კოალიცია პოლიტიკური პატიების რეიტინგში ლიდერობს.
„სხვადასხვა ცენტრების კვლევების თანახმად, ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობას“ კარგი უპირატესობით ვუგებთ. ხოლო NDI და IRI, რომელთა გამოკითხვებშიც ნაციონალური მოძრაობა ლიდერობს, კვლევებზე არ არიან სპეციალიზირებულები, მათ ამერიკაში კვლევები არასდროს ჩაუტარებიათ,“ – ამბობს ივანიშვილი.
ექსპერტი კახი კახიშვილი აცხადებს, რომ Forsa ძალიან ცნობილი ორგანიზაციაა, მაგრამ საარჩევნო კოდექსის თანახმად, საარჩევნო პერიოდში კვლევის გამოქვეყნების შემთხვევაში აუცილებლად უნდა გაკეთდეს განმარტება, ვისი დაკვეთით არის კვლევა ჩატარებული, ფასიანია თუ არა, ასევე საჯარო უნდა იყოს კვლევის მეთოდოლოგია და კითხვების ზუსტი ფორმულირება. კახიშვილის თქმით, ეს არის წინაპირობა, რომელსაც საარჩევნო პერიოდში სოციოლოგიური კვლევის გამოქვეყნებისათვის საარჩევნო კოდექსი ადგენს. ექსპერტი ამბობს, რომ Forsa-ს კვლევაზე საუბარი უჭირს, რადგან მხოლოდ მის შედეგებს გაეცნო და მის შესახებ ზემოთაღნიშნული ინფორმაცია არ აქვს.
გარდა ამისა, კახი კახიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ტიპის ქვეყნებში ზუსტი კვლევის ჩატარება შეუძლებელია, რადგან როდესაც პოლიტიკური გემოვნების გამომჟღავნებაზეა საუბარი, ადამიანები ძალიან ჩაკეტილები არიან.
„როდესაც კვლევას ეხება საქმე, მისი პრეზენტაციისას აუცილებლად უნდა იყოს ჩამოთვლილი ყველა ის პირობა, რაზეც ზემოთ ვისაუბრე და რასაც საარჩევნო კოდექსი ადგენს. ეს ევალება აბსოლუტურად ყველა ორგანიზაციას, დამკვეთსაც და შემსრულებელსაც, განურჩევლად იმისა, იქნება ეს ავტორიტეტული კომპანიები, თუ არა. ზოგადად მე არ მაქვს ამ კვლევების მიმართ ნდობა, რადგან როდესაც საქმე ეხება პოლიტიკურ გემოვნებას, ჩვენი მოსახლეობა არ არის გულწრფელი. სამწუხაროდ, ჩვენს უახლოეს ისტორიაში გვაქვს იმის მაგალითები, რომ პოლიტიკური გემოვნების გამო ადამიანებს პრობლემები ექმნებათ. ზოგადად მიმაჩნია, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ოპოზიციურად არის განწყობილი. სხვა საქმეა, რომ შეიძლება ეს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი არ იყოს ერთი კონკრეტული ოპოზიციური ძალის მომხრე, შეიძლება ეს ზოგადად არ ეთანხმებოდეს ხელისუფლების ტაქტიკას, ან იყოს ნეიტრალური, ანუ სულ არ აინტერესებდეს პოლიტიკური პროცესი, მაგრამ ამავდროულად არ იყოს ხელისუფლების მხარდამჭერი“, - ამბობს კახიშვილი.
მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც უამრავი ადამიანია სიღარიბის ზღვარზე და ზღვარს მიღმა, შეუძლებელია, მოსახლეობის უმეტესობა ოპოზიციურად განწყობილი არ იყოს. აქვე ექსპერტს NDI-ს კვლევის შედეგები მოჰყავს, რომლის თანახმადაც ხელისუფლებას 37%-იანი მხარდაჭერა აქვს. ამიტომ კახიშვილის თქმით, დანარჩენი 63% სწორედ ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობაა, ან მინიმუმ ნეიტრალურია.
„ქართული ოცნების“ წევრი თინა ხიდაშელი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ როდესაც კვლევის მეთოდოლოგიას არ იცნობ, მხოლოდ კვლევის ჩამტარებელი ორგანიზაციების ცნობადი სახელები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გამოკითხვის შედეგებზე ისაუბრო.
„მე ვნახე, ვინ არის ეს ორგანიზაცია, რადგან მათ შესახებ ნამდვილად არაფერი ვიცოდი. ეს არის გერმანული საკმაოდ ავტორიტეტული, საერთაშორისო დონის კომპანია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და კარგია, რომ ისინი დაინტერესდნენ ჩვენი ქვეყნით და აქ კვლევას ატარებენ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ კვლევის თანახმად როლები შეცვლილია და ჩვენი შეფასებით, ეს კვლევა არსებული რეალობის უფრო ადექვატურია, ვიდრე NDI-ს მიერ ჩატარებული, იმის გათვალისწინებით, რომ ყოველდღიუ რეჟიმში ვაწარმოებ საარჩევნო კამპანიას და მოსახლეობასთან შეხვედრებს ვმართავ, საკმაოდ კარგად ვარ ადამიანების განწყობასთან დაკავშრებით ინფორმირებული. ამიტომ შემიძლია გითხრათ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მთავარ ოპოზიციურ ძალას, ანუ „ქართულ ოცნებას“ შორის რეიტინგებში სხვაობა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე Forsa-ს მიერ კვლევის შედეგებშია ასახული“, - ამბობს თინა ხიდაშელი.
თუმცა აქვე იგი დასძენს, რომ ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია შიშის ფაქტორიც, რაც მოსახლეობის ნაწილს აიძულებს თავისი პოლიტიკური შეხედულებების შესახებ ღიად არ ისაუბროს. ამიტომ ხიდაშელს მიაჩნია, რომ ამის გათვალისწინებით, შესაძლებელია, რომ Forsa იმ რიცხვებამდე მისულიყო, რაც მის კვლევაშია ასახული. ამასთანავე, კოალიციის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ეს მისი ემოციური განწყობაა, რასაც ამომრჩეველთან შეხვედრები უქმნის და არავითარი სხვა არგუმენტი ამ შემთხვევაში არ აქვს.
For.ge ცდილობდა Forsa-ს კვლევის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიციაც მოესმინა, მაგრამ სამწუხაროდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.