იშხანის ტაძარის რესტავრაციას თურქები განახორციელებენ

იშხანის ტაძარის რესტავრაციას თურქები განახორციელებენ

პოლიტიკური პარტია "საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკა რურუას, ნიკოლოზ ვაჩეიშვილისა და სამღვდელოების გარკვეული ნაწილის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. 
სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საკუთარ ოფიციალურ გვერდზე სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ იშხანისა და ოშკის რესტავრაცია, სავარაუდოდ, თურქი არქიტექტორების პროექტის მიხედვით და მათივე ხელით ჩატარდება.

„ახლა რაღა ვქნათ? იუნესკოს შევჩივლოთ? თუ თურქებს, მაგალითად, ბაგრატის რესტავრაცია მივცეთ?! რასაც ცოტა ხნის წინ ვამბობდი, სამწუხაროდ, მართლდება- ბაგრატის განადგურებით ჩვენ ოშკისა და იშხანის გადარჩენის იმედიც მოვსპეთ! ანუ, ჩვენი მთავარი იარაღი იუნესკო შეგნებულად გავუშვით ხელიდან. ამაზე რურუამ, ვაჩეიშვილმა, სპეციალურმა კომისიებმა და სამღვდელოების იმ ნაწილმა, ვინც ამას დაეთანხმა, ჩვენი მომავალ თაობების წინაშე პასუხი უნდა აგონ!“ - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მართლაც, უკვე გავრცელებული ინფორმაციით, თურქულმა კომპანიამ „ანფორამ“ იშხანის ტაძრის სარესტავრაციო პროექტი მოამზადა, ოშკზე კი აზომვითი სამუშაოები ჩაატარა. იშხანის რესტავრაციისთვის თანხას მთლიანად თურქული მხარე გამოყოფს. ამ ეტაპზე პროექტის მოცულობა უცნობია.

ქართველი სპეციალისტები მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ ბოლოს და ბოლოს, ტაო-კლარჯეთში მდებარე ქართულ ისტორიულ ძეგლებს მიხედავენ. მით უფრო, რომ სამუშაოს ნაწილი კარგად არის შესრულებული და ტაძარიც სწორად აზომეს, თუმცა გარკვეული საკითხები გაურკვეველია. კერძოდ, კითხვებს ბადებს, თუ რატომ არ არის ჩატარებული ტაძრის გეოლოგიური კვლევა, ფუნდამენტის კონსტრუქციული, არქეოლოგიური და სახელოვნებათმცოდნეო კვლევები. ასევე, ღიად რჩება მხატვრობის საკითხი. ეს მაშინ, როცა იშხანი მდიდარია მოხატულობით. მართალია, თურქები ირწმუნებიან, რომ იშხანის მხატვრობას არ შეეხებიან, მაგრამ რესტავრაციის დროს ეს საკითხი გასათვალისწინებელია.

სხვათა შორის, 5-8 სექტემბერს გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე თურქულმა სარესტავრაციო კომპანიამ იშხანის სარესტავრაციო პროექტი ბათუმის უნივერსიტეტში უკვე წარდგენა.
როგორც For.ge-სთან საუბარში ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომელმა, არქიტექტურის ისტორიკოსმა დავით ხოშტარიამ აღნიშნა,

თურქული მხარის მიერ უკვე გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც გამარჯვებული კომპანია იშხანის რესტავრაციას დაიწყებს და საჭირო სამუშაოებს შეასრულებს.

უფრო მეტიც, თურქული სარესტავრაციო კომპანიის წარმომადგენლები თურმე ქართველებთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამენ და დიდი ინტერესით ისმენენ ქართული მხარის შენიშვნებს. ქართველი სპეციალისტები კი, თურქული მხარის მიწვევით, უკვე ტაო-კლარჯეთში იმყოფებიან, რათა იქ არსებული ქართული ტაძრები დაათვალიერონ.
თუმცა უკვე ვრცელდება ხმები, რომ არის საკითხები, რომელზეც ქართული და თურქული მხარეები ვერ თანხმდებიან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის განცხადებით, მოლაპარაკებების კონკრეტული დეტალები ჯერ კიდევ უცნობია და დოკუმენტის შესახებ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც შეთანხმებას ხელი მოეწერება.

საინტერესოა, რატომ გადაწყვიტეს თურქებმა იშხანის რეაბილიტაცია? სანაცვლოდ რა შესთავაზა ქართულმა მხარემ? დღემდე რატომ არ მოხერხდა საქმეში ქართველი სპეციალისტების ჩართვა? For.ge-ს ამ შეკითხვებზე პასუხი, თემის ბუნდოვანებიდან გამომდინარე, ისტორიკოსებსა და თავად ამ სფეროში ჩახედულ ადამიანებს არ აქვთ.

ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ იშხანის რესტავრაცია უნდა ჩაატარონ ქართველებმა, მით უმეტეს, ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ინსტიტუტში, ამ თვალსაზრისით, ძალიან კარგი პროფესიონალები არიან. ამასთან, ისტორიკოსის აზრით, დაუშვებელია, რომ იშხანის კვლევა სრულყოფილად არ იყოს ჩატარებული, რამაც მასაც ბევრი კითხვა გაუჩინა.

„მანდ ბევრი რამ საეჭვოა. ისიც საინტერესოა, თუ რატომ გადაწყვიტეს თურქებმა იშხანის აღდგენა, მაგრამ ფაქტია, რომ თურქებმა ძალიან კარგად დაინახეს იშხანისა და ტაო-კლარჯეთის ქართული ძეგლების მნიშვნელობა. ამან დიდად გაზარდა ტურისტების რაოდენობა თურქეთში. იქ აწერენ კიდეც, რომ ეს ქართული კულტურის ძეგლია. თუ ადრე გაცხადებული იყო, რომ თითქოს ეს იყო ბერძნული კულტურის ძეგლი, ახლა ძალიან კარგად დაინახეს სპეციალისტებმა, რომ ეს ქართული კულტურის ძეგლია. ამიტომ თურქები ცდილობენ, ამაში თავიანთი სარგებელი ნახონ“,- განმარტავს მარიკა ლორთქიფანიძე ჩვენთან საუბარში და ძეგლების აღდგენას იმ შემთხვევაში მიესალმება, თუკი გაარკვევს, რა პირობებით მოხდა თურქებთან ქართული მხარის მოლაპარაკება. ეს კი ამ ეტაპზე მისთვისაც უცნობია.  

ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია გაოგნებულია იმით, თუ როგორ შეიძლება, თურქებმა განახორციელონ ქართული ტაძრის რესტავრაცია! მისი აზრით, ამ საქმეში ქართველი არქიტექტორები უნდა ჩაერთნენ, რადგან თურქებმა ისე არ იციან ქართული არქიტექტურის საკითხები, როგორც თავად ქართველმა სპეციალისტებმა. ამასთან, უნდა გადაწყდეს - რესტავრირება აჯობებს თუ ტაძრის გამაგრება?! შესაძლოა, რესტავრაციის პროცესში ისე დაამახინჯონ ძეგლი, რომ მისი ავთენტურობისგან არაფერი დარჩეს. არადა, სწორედ სიძველეა საინტერესო და ძველი საუკუნეებია მიმზიდველი. ამდენად, ეს ხელოვნების პრინციპია და არ შეიძლება, თავიდან ააშენო, თავიდან დახატო იშხანი. მისი გუმბათი, როგორიცაა - ისე უნდა გაამაგრო და ახალი არ უნდა შექმნა.

„ბაგრატის ტაძარი ხომ მოვკალით და, საერთოდ, გავაქრეთ! ბაგრატი საშინელ მდგომარეობაშია. ჯერ არ ჩავსულვარ, უნდა ჩავიდე და ვნახო; ჩემმა ვაჟიშვილმა უკვე ნახა, თურმე, შეხედვა არ მოგინდება. ახლა გვინდა, რომ ოშკი, იშხანი და ბანა მოვსპოთ?! ეს ქართული მონუმენტური მხატვრობის ერთ-ერთი ბრწყინვალე ძეგლია, კედლის მხატვრობის საუკეთესო პერიოდია. ამიტომ აქ განგაში უნდა ატყდეს. საზოგადოებრივი აზრი უნდა დაირაზმოს. ამას, პირველ რიგში, კულტურის სამინისტრო უნდა აკეთებდეს. არა მგონია, თურქებმა შეგნებულად ჩამოფხიკონ ეს ფრესკები, მაგრამ იშხანის ტაძრის არქიტექტონიკა თურქებმა არ იციან ისე, როგორც ამას ქართველი გააკეთებდა. კი ბატონო, შეიძლება, იტალიელი ან სხვა ეროვნების სპეციალისტი მოიყვანონ, მაგრამ ეს რესტავრაცია კი არ უნდა იყოს, არამედ- კონსერვაცია. თვითონ პრინციპი უნდა იყოს შემუშავებული - ძეგლის გამაგრების“.

ამასთან, გოგი ხოშტარიასთვისაც ბუნდოვანია, თუ რატომ გადაწყვიტეს თურქებმა იშხანის რესტავრაცია?! „არ ვიცი, ჩემთან ხომ ყველაფერი დამალულია,“- აცხადებს ხელოვნებათმცოდნე.         

 

არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი თურქების მადლიერი დარჩება, თუკი ისინი დახმარების სურვილს გამოთქვამენ, მაგრამ მიიჩნევს, რომ ამ ობიექტის შესწავლა და პროფესიულად გამართულად ჩამოყალიბება მხოლოდ საქართველოს მხარეს ძალუძს.

ამასთან, გიგა ბათიაშვილი იხსენებს, რომ ტაო-კლარჯეთის ძეგლები არა მხოლოდ  ექვთიმე თაყაიშვილის ექსპედიციის მიერ იყო შესწავლილი, არამედ 50-იან წლებში  ეს ძეგლები  ქართველმა ხელოვნებათმცოდნემ და ისტორიკოსმა, ამერიკის მოქალაქე ვახტანგ ჯობაძემ შეისწავლა. ასე რომ, ყველა ანაზომი  ქართული მხარის მიერ არის გაკეთებული. ამდენად, გიგა ბათიაშვილის აზრით, კარგი იქნება, თუკი ქართველი მეცნიერების, ხელოვნებათმცოდნეების, არქიტექტორებისა და თურქი რესტავრატორების ტანდემი შეიქმნება.

„რომელია უმჯობესი - კონსერვაცია თუ რესტავრაცია, ეს კერძო შემთხვევებით უნდა დადგინდეს. ცალკეული  ობიექტისთვის რესტავრაცია სჯობს, მეორისთვის - კონსერვაცია. რის სანაცვლოდ დათანხმდა თურქული მხარე იშხანის რესტავრაციას, ჩემთვის უცნობია. ზოგადად, ამ საკითხთან მიმართებით ჩემებური შეფასება მაქვს: თურქეთი ძალიან ჭკვიანურად იქცევა. ის იზიდავს მსოფლიოს ტურისტებს. მან მოახერხა, რომ იმ კულტურას, რომელიც მას ამ ტერიტორიაზე დახვდა (ანატოლიაში და ხმელთაშუა ზღვის ნაპირებზე, ანუ ძველი ბიზანტიური კულტურა), როგორც საკუთარს, ისე მიხედა. საბჭოთა კავშირის გამო საქართველო-თურქეთს შორის საზღვარი მილიტარიზებული, ჩაკეტილი იყო და ტურისტებისთვის არ იყო გახსნილი. ახლა კი, თუკი ეს ტერიტორია სამხედრო ტაბუსგან გათავისუფლდება, თურქები არ დაკარგავენ შანსს, რომ ამ ზონაში ტურიზმი არ განავითარონ“,-.მიიჩნევს გიგა ბათიაშვილი.

მისივე აზრით, თურქებს ორი გაგებით აწყობთ ქართული ძეგლების რეაბილიტაცია- ტურიზმისთვის და მსოფლიოში ავტორიტეტის მოსაპოვებლად, რომ ისინი უვლიან ძეგლებს და არ ანგრევენ.

არქიტექტურის ისტორიკოსი დავით ხოშტარია თურქულ მხარეს კეთილსინდისიერად შესრულებულ პროექტს, აზომვით სამუშაოებს უწონებს. მაგრამ წუხს, რომ, რაც ჩვენთან და საერთაშორისო პრაქტიკით, მიღებულია, ზოგიერთი რამ ამ პროექტის განხორციელებისას არ გაკეთებულა. არ ჩატარებულა გეოლოგიური კვლევა, ფუნდამენტი არ არის შესწავლილი, არც არქეოლოგიური კვლევაა ჩატარებული.

„გვპირდებიან, რომ ეს უშუალოდ  სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ დაიწყება ან ამის პარალელურად მოხდება. ვფიქრობ, არ დაგვიანდება. თურქებს ისეთი ტემპი აქვთ აღებული, ნამდვილად შეგვშურდება. თვითონ მათი რესტავრატორები მოწადინებულნი არიან, ჩვენთან ითანამშრომლონ. ეს ბიუროკრატიული საკითხია. ალბათ, თურქეთის მთავრობასთან იქნება მოსალაპარაკებელი, თუ რა ფორმით ჩაერთვებიან ქართველი სპეციალისტები. ამის წინაპირობა არსებობს, თუმცა პროექტის მომზადებაში ამ ეტაპამდე მარტო თურქები მონაწილეობდნენ და ქართველები არ მიუწვევიათ“.

დავით ხოშტარიას თქმით, თურქები ტაძრის რესტავრაციაში არაფერს ითხოვენ. ეს გასაგებიცაა, თურქეთი მდიდარი ქვეყანაა, დღესდღეობით იშხანი უკვე მათ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მასზე ზრუნავენ. ცხადია, აქ ტურიზმის განვითარების მომენტიცაა, რადგან ტაო-კლარჯეთის ძეგლების მოსანახულებლად ბევრი ტურისტი ჩადის და აბრაზე აწერია კიდეც, რომ იშხანი ქართული ძეგლია.  

„თავისუფალი საქართველოს“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი მოსიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში უამრავი მუსულმანური მეჩეთია და იქ მათი სასულიერო პირები ქადაგებენ. სამაგიეროდ, თურქეთის სახელმწიფოში თუნდაც ერთ მართლმადიდებლურ ეკლესიას ვერავინ დაასახელებს, სადაც ქართული წირვა-ლოცვა აღევლინებოდეს.

„ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა გავაპროტესტეთ. საპატრიარქოც ითხოვდა კომისიაში ჩართვას, ამ დროს კი ჩვენმა ხელისუფლებამ მოლაპარაკება დაიწყო თურქულ მხარესთან. როგორც ჩანს, თურქულმა მხარემ ამის შემდეგ გადაწყვიტა ორი კომპლექსის რეაბილიტაცია. ძალიან სამწუხარია და აქ არის ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომ ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ქართული მხარის კომისიის ჩართვა. საქმეში უნდა ჩაერთოს საპატრიარქოს არქიტექტურის სამსახური. ხომ არ შეიძლება, იუნესკოს ნუსხაში შეტანილი ძეგლი სხვას მივანდოთ?! წარმოიდგინეთ, ახლა ქართულმა მხარემ რომელიმე მეჩეთის გადაკეთება ან შეკეთება რომ დაიწყოს, რომელი სახელმწიფი მოითმენს ამას? არათუ თურქეთი, არცერთი სახელმწიფო არ მოითმენს“,-აღნიშნა გიორგი მოსიაშვილმა.

მისივე თქმით, თურქები იმას აკეთებენ, რაც მათ სახელმწფოებრივ ინტერესში შედის. ამდენად, ჩვენც სახელმწიფო ვართ, რუკაზე ვარსებობთ. ამიტომ, მინიმუმ, ქართველებით დაკომპლექტებული კომისია მაინც უნდა შეიქმნას და უნდა  დაგვიშვან იშხანის ძეგლის რესტავრაციის განხილვაზე.