როგორც ჩანს, არჩევნების პერიოდმა ბევრი ადამიანი თავიდან გაააქტუალურა და ძველი სახეები შეგვახსენა, მათთან დაკავშირებული პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ჭორებიც მოამრავლა. ზურა ხაჩიძე, "ქუჩის ბიჭების" წევრი, უამრავი გოგონას გულთამპყრობელი იყო, ხან ქეთა თოფურიასთან რომანს მიაწერდნენ, რაც, სხვათა შორის, თავად ქეთამ მოგვიანებით ერთ-ერთ ტელეინტერვიუში აღიარა კიდეც, ხანაც - ინგა გრიგოლიასთან, თუმცა რამდენიმე წლის წინ მომღერალმა ამ ჭორებს თავად დაუსვა წერტილი, როდესაც მაშინდელი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას, და, ხათუნა, მოიყვანა ცოლად. სხვათა შორის, "რეიტინგმა" მათ ქორწინებას სტატიაც მიუძღვნა, სადაც წყვილს მივულოცეთ და ისიც გვეწერა, რომ მათ შორის სოლიდური ასაკობრივი სხვაობა იყო. ამ სტატიამ, როგორც აღმოჩნდა, ხათუნას გული ატკინა და მოგვიანებით იმასაც ამბობდა, თითქოს "რეიტინგმა" გამოკითხვაც კი მოაწყო მკითხველებში, რას ფიქრობდნენ ისინი იმ სხვაობაზე, რომელიც ამ წყვილის ასაკს შორის იყო. თუმცა აი, ახლა მოგვეცა საშუალება, დავაზუსტოთ, რომ მსგავსი გამოკითხვა არ ჩაგვიტარებია და არც სურვილი გაგვჩენია. მით უმეტეს, ზურასა და ხათუნას ოჯახში პატარა ანასტასია გაჩნდა, ლამაზი გოგონა, რომელმაც სიმღერით ბევრს დაამახსოვრა თავი და მგონი, მშობლებზე პოპულარულიც კი გახდა.
ახლა კი, როცა ზურა ხაჩიძე "ქრისტიან-დემოკრატების" მაჟორიტარია, მის შესახებ რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი ჭორი გავრცელდა. პირველი ის გახლავთ, რომ ზურა მეუღლეს დაშორდა, მეორე კი ის, რომ მერაბ ჟორდანიამ ფული გადაიხადა მის მაჟორიტარობაში. ორივე ჭორის გადასამოწმებლად ზურას დავურეკეთ, რომელიც მანქანაში იჯდა და მიუხედავად ამ მზაკვარი ჭორებისა, ჩვენს შეკითხვებს მაინც უპასუხა.
- ზურა, რამდენიმე ჭორის შესახებ გკითხავთ.
- გისმენთ.
- ამბობენ, რომ მერაბ ჟორდანიამ ფული გადაიხადა, დიდუბის მაჟორიტარი რომ გამხდარიყავით "ქრისტიან-დემოკრატებიდან"...
- რა სისულელეა (იცინის). მერაბ ჟორდანიას ოჯახის წევრი კი ვარ, მაგრამ ის ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არ არის. საქართველოში არ იმყოფება და ამ ყოველივესთან კავშირი არ აქვს. რა საჭირო იყო ფულის გადახდა იმაში, რომ მე მაჟორიტარობის კანდიდატი გავმხდარიყავი?!. იმ პარტიაში გავწევრდი, რომელიც თანმიმდევრულად მიჰყვება პოლიტიკურ პროცესებს. ინგამ, შემდეგ ლევანმა, გიორგიმ შემომთავაზეს მათთან ყოფნა.
- ინგა გრიგოლიასთან თქვენმა ძველმა მეგობრობამ ითამაშა გადამწყვეტი როლი?
- კი, მათ შორის ინგასთან მეგობრობიდანაც წამოვიდა ეს წინადადება. ასევე ვმეგობრობ ლევან ვეფხვაძესთან, გიორგი ახვლედიანთან და გიორგი თარგამაძესთან. ბევრი მეგობარი მყავს ამ პარტიაში. სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ერთად გამოვთქვამდით პროტესტს და ვიღებდით მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში...
- ზურა, კიდევ ერთი ჭორი ის არის, რომ მეუღლეს დაშორდით.
- არა, რას ლაპარაკობთ?!. თან, მერაბ ჟორდანიამ ფული გადაიხადა ჩემს კანდიდატობაში და თან მეუღლეს გავშორდი?!. ხათუნასთან ერთად ვარ და თქვენი ჟურნალის საშუალებით კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ ძალიან მიყვარს. ოჯახი გვაქვს... ამჟამად, ნინი ქარსელაძე და "ქუჩის ბიჭები" მივდივართ ზუგდიდში, სადაც ჩვენი პარტიის მხარდასაჭერ გრანდიოზულ კონცერტს ვატარებთ, მერე კი თბილისში დავბრუნდები.