ზაფხულში ანაკლიაში მსახიობ გიორგი ფოჩხუას მკვლელობამ ყველა გაგვაოგნა და გული დაგვწყვიტა. ოჯახში დღემდე ვერ იჯერებენ თავს დატეხილ უბედურებას. ცდილობენ, ცხოვრება გააგრძელონ და არ იფიქრონ გიორგის ამქვეყნად არყოფნაზე. დამ, მომღერალმა ელენე ფოჩხუამ, შეძლო და სიმღერა გააგრძელა. ძალიან გაუჭირდა, მაგრამ ფიქრობს, რომ ძმას არ მოეწონებოდა, თუ სიმღერას თავს დაანებებდა. ელენესთან ძალიან სევდიან ინტერვიუს რამდენჯერმე მისი ცრემლებიც მოჰყვა... მას "რეიტინგი" პირველი სასამართლო პროცესის გამართვამდე ესტუმრა.
- 7 სექტემბერს პირველი სასამართლო პროცესი გაიმართება. გიორგის მკვლელს 109-ე მუხლი აქვს წაყენებული. ეს ყველაზე მძიმე, ძარცვისა და განზრახ მკვლელობის მუხლია. მკვლელს ვერანაირი ადვოკატი ვერ უშველის. მისმა მშობლებმა რაც უნდა ეცადონ, რაც დააშავა, იმ სასჯელს მიიღებს. ოცი წლის ბიჭი ასეთი გაბოროტებული რატომაა, ვერ ვხვდები. როგორც გავიგეთ, ძარცვა მას პირველად არ ჩაუდენია. ძველი ბიჭი იყო და ფულის შეწერვა მისი ცხოვრების სტილი ყოფილა. მეგობრებიც ასეთი ჰყავდა...
ანაკლია ჩვენი სახლიდან ძალიან ახლოსაა. დაახლოებით ოცი წუთის სავალი გზაა. გიორგის ძალიან მოსწონდა ანაკლიაში ყოფნა. თითქმის ყოველდღე სამსახურის მერე მეგობრებთან ერთად მიდიოდა. ხანდახან რამდენიმე დღე რჩებოდა. ძალიან ფრთხილი იყო. ვიცოდით, რომ თუ გიორგი დათვრებოდა, არავის სცემდა და არავის აეკიდებოდა. შარის ატეხა არ უყვარდა. იმ დღესაც წავიდა ანაკლიაში. სასტუმრო "ოქროს საწმისში" იყო მეგობრებთან ერთად. იმ დღეს ზღვა ძალიან ჭუჭყიანი ყოფილა და სასტუმროს აუზში უბანავიათ. მხოლოდ ლუდი დაულევიათ. სასტუმროდან რომ გამოსულან, მათთან სამი ბიჭი მისულა. ერთ მათგანს უთქვამს, ვერ მიცანი, ფოჩხუაო. გიორგის ძმაკაცი იხსენებს, გიორგი ძალიან ბევრ ნაცნობს ნახულობდა ყოველდღე, არავის გაგვკვირვებია, კიდევ ერთს რომ შეხვდაო. უთქვამს, ბექა ვარ "როიალ პალასიდანო". ზუგდიდში იყო რესტორანი, რომელიც გახსნიდან რამდენიმე თვეში დაიხურა. ამ რესტორანში გიორგიმ რამდენჯერმე წაიყვანა საღამო. გიორგის ძმაკაცები ჰყვებიან, შორიდან რომ ვუყურებდით, ძალიან მშვიდად საუბრობდნენო. ცოტა ხანში ძმაკაცს დაურეკავს და გიორგის უთქვამს, მოვდივარ უკვეო. მეგობარი ჰყვება, თითქოს ნაბიჯების ხმაც კი მესმოდაო, მაგრამ 10 წუთის მერეც რომ არ დაბრუნდა გიორგი, ძალიან გაჰკვირვებიათ, თუმცა უფიქრიათ, კიდევ სხვა ნაცნობი ნახა ალბათო. გიორგის ძმაკაცი მგონი, ჩვენზე ცუდ დღეშია. მეგობარი, ფაქტობრივად, გვერდით მოუკლეს და ვერაფერი გაიგო. რომ არ გამოჩნდა, ძებნა დაიწყეს და მერე პოლიციაში განაცხადეს. მეორე დილას მკვდარი გიორგი წყალმა გამორიყა. არ ვიცი, ამხელა ტრაგედია როგორ უნდა გადავიტანო.
- თუ შეხვდით ბექა ცობეხიას დედას, რომელმაც შვილი პოლიციაში მიიყვანა?
- ცობეხიას დედას შვილი პოლიციაში არ მიუყვანია, ეს დიდი ტყუილია. თავიდან, ეს რომ გავიგეთ, ვიფიქრეთ, როგორი კარგი დედა ჰყოლიაო. ამ ფაქტმა მთელი ოჯახი შეგვძრა, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ეს დიდი სიცრუე იყო. მკვლელი გალში იყო გაქცეული. ქართული პოლიცია გადავიდა და მათ აიყვანეს. ეს ტყუილი დედამისს იმიჯისთვის დასჭირდა. ხალხი მასზე იტყვის, რომ კარგი დედაა, მისმა შვილმა შეცდომა დაუშვა, დედამ კი ასეთი საქციელი ჩაიდინაო. დედამისმა პირველივე დღეს იცოდა შვილის დანაშაული. მკვლელი მესამე დღეს დააკავეს. მაშინ იქნებოდა კარგი დედა, პირველივე დღეს თუ მიიყვანდა ზუგდიდის სასამართლოში.
- ნივთები, რომლებიც გიორგიმ იმ საღამოს დაკარგა, იპოვეს?
- მკვლელი საქორწინო ბეჭედზე ამბობს, არ ეკეთაო. არადა, ჩვენ გვაქვს გიორგის მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გადაღებული ფოტოები, სადაც მას უკეთია ბეჭედი. სადაც ტელეფონი და ფოტოაპარატი წაიღო იმ ადამიანმა, ბეჭედსაც არ დატოვებდა. გიორგი ძარცვის მიზნით მოკლა.
ჩემი ძმა ზუგდიდის თეატრის მსახიობი იყო, რამდენიმე, როგორც თვითონ უწოდებდა, ექსპერიმენტი ჩაატარა და სპექტაკლი დადგა. ზუგდიდის გამგეობამ რომ ნახა სპექტაკლი "აღსარება", თანხა გადაურიცხეს კიევში სარეჟისორო ფაკულტეტზე მაგისტრატურაში სასწავლებლად. გიორგი სამ დღეში უნდა გამგზავრებულიყო კიევში. გაეროს დაფინანსებით ერთ-ერთ რეგიონულ ტელევიზიაში აკეთებდა გადაცემას "ფერმერის დღიური", სადაც ძალიან კარგი ხელფასი ჰქონდა. მართალია, თბილისში არ ცხოვრობდა, მაგრამ მითხრა, ჩემს ქალაქში ძალიან კარგად ვარ, ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდებაო. რაც ყველაზე მთავარია, თავის საყვარელ საქმეს აკეთებდა და მართლა ბედნიერი იყო ამით. როგორც ჩანს, ბოროტი და ბოღმიანი ბიჭების ჩვევაა, თუ ვიღაც წარმატებულია, ვერ იტანენ. გიორგი მკვლელობის დღეს სასტუმროდან რომ გავიდა, არ ვიცი, რა იფიქრეს. ის ძალიან დიდი ფულის პატრონი არ იყო, ეს ყველამ იცოდა. ფოტოპარატი კი იყო ძვირად ღირებული, მაგრამ ხალხს იმაზე უფრო ძვირიანი ფოტოაპარატებიც აქვს. მობილური დაახლოებით 100 ლარი ღირდა, მაგრამ ბეჭდითა და ფოტოაპარატით კარგ ფულს გააკეთებდა. როდესაც მკვლელი გალში გადავიდა, განმუხურის ხიდის ქვეშ დაშლილი მობილური გადააგდო. ძალიან კარგად იცოდა, რომ მობილურით ყველაზე ადვილი იყო ადამიანის მოძებნა. ეს მობილური პოლიციამ იპოვა და ნაწილები მოგვიტანა. ყველაზე დიდი საშინელებაა, რომ მობილური გადარჩა და ადამიანი დავკარგეთ.
- გიორგის დანარჩენი ნივთები დაგიბრუნდათ?
- მხოლოდ ჯინსი არ გვაქვს. როდესაც ფულის შეწერა სცადა, გიორგის მკვლელმა პირველად ცხვირში დაარტყა. როგორც ჩანს,
გიორგის ჯინსი დაესვარა სისხლით და მკვლელმა შარვალი გააქრო.
ფოტოაპარატი დაგვიბრუნეს. აბსოლუტურად ყველაფერი წაშლილი იყო, მაგრამ ჩიპი აღვადგინეთ. თქვენ წარმოიდგინეთ, ადამიანი მოკლა და მისი ფოტოაპარატით გალში 30-მდე ფოტო გადაიღო. თავის თავს, სახლებს, ეზოებსა და ყვავილებს უღებდა ფოტოებს. ვიღაც ბაბუებისთვის აქვს გადაღებული ფოტოები, რომ თოხნიდნენ, 20 წლის ბიჭს ხომ შეიძლება, სინანული მაინც ჰქონოდა, რომ კაცი მოკლა. როგორც გავიგეთ, ძალიან დეპრესიული ადამიანი ყოფილა ოჯახური მდგომარეობის გამო. მე არ ვიცი, ვინაა მამამისი. ამბობენ, გალში ცხოვრობსო. დედა და მამა გაშორებულები არიან, მაგრამ დედა მთელ სამეგრელოში ცნობილია, როგორც უბილწესი ქალი. როდესაც ბიჭებმა იციან, რომ ასეთი დედა ჰყავთ, ამის გამო ბოროტები და ბოღმიანები ხდებიან. მან მარტო გიორგი კი არა, მთელი ოჯახი მოგვკლა. წლისა და ოთხი თვის ბავშვი დღემდე მამამისს ელოდება. ხან ვის მიამსგავსებს მამამისს და ხან ვის. ჯერ პატარაა, მაგრამ ძალიან გონიერია. ვერავინ ვერ ტირის სახლში იმიტომ, რომ ლუკა ძალიან მგრძნობიარე გახდა. ყველას მსახიობობა გვიწევს. ყველა კუთხეში გიორგის ფოტოები უდევს ჩემს რძალს. თურმე ლუკა მივა იმ ფოტოებთან და ელაპარაკება ხოლმე. ღმერთმა დაგვიტოვა ლუკა, რომელიც ნამდვილად ვიცი, ძალიან მაგარი ბიჭი გაიზრდება. მთელი ოჯახი მას ისეთს გავზრდით, როგორიც მამამისს უნდოდა. მართალია, ისეთ წლებში, როცა მამა ძალიან დასჭირდება, გვერდით არ ეყოლება, მაგრამ ის იამაყებს მამამისით. ძალიან მეცოდება ჩემი რძალი. რუსკა წურწუმიასთან ბავშვობიდან ვმეგობრობ. ჩემი რძალი კი არა, მეგობარია. ახლა იცით, რას ნატრობს? ნეტავ, დაშორებულები ვიყოთ და გიორგი ცოცხალი იყოსო. რვა წელი უყვარდათ ერთმანეთი. ძალიან ბედნიერი ოჯახი დაანგრია იმ კაცმა.
- რას ჰყვება დაკავებული, რატომ ჩაიდინა დანაშაული?
- თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ამბობს, გიორგიმ დედა შემაგინაო. როდესაც ადამიანი გირტყამს, რასაკვირველია, შეაგინებ. რომ ვნახე ეს ადამიანი, გადავირიე, იმხელაა. ის გიორგის სიტყვით ვერ მოერეოდა და ძალით შეებრძოლა. საშინლად იყო გიორგი ნაცემი. ტუჩი ჰქონდა გახეული და ყური მოგლეჯილი. იღლიის ქვეშ, ეტყობა, ფეხსაცმლიანი ფეხი ურტყა და სულ ჩაშავებული ჰქონდა. ყველა კბილი და ცხვირის ძვალი ჰქონდა ჩამტვრეული. ის ახლობელი, მეგობარი ან ნათესავი, ვისაც ასეთი გიორგი არ უნახავს, ბედნიერია. იცით, რით ვიმშვიდებ თავს? ვფიქრობ, რომ გიორგი არ დაგვისაფლავებია და ის სხვა ადამიანი იყო. ასე მგონია, სადმეა წასული, იმიტომ, რომ ის ადამიანი, რომელიც დავასაფლავეთ, გიორგის არ ჰგავდა, საოცრად დასახიჩრებული იყო.
გიორგის მხოლოდ სახე ჰქონდა ცემისგან დასახიჩრებული. ჩემს ძმას კარგად ვიცნობდი. მთელი ღამე წყალში რომ იყო, სახე აბსოლუტურად შეცვლილი ჰქონდა. პროზექტურაში მაკიაჟი გაუკეთეს, მაგრმ მაკიაჟმა ბევრი ვერაფერი დაფარა.
გიორგისთან იმ საბედისწერო საღამოს ისეთი ხალხი მივიდა, რომლებისთვის 50 ლარიც კი ფული იყო. გოგონები ჰყავდათ და ეტყობა, კაფეში დასხდომა უნდოდათ. სამივემ იცოდა, რისთვისაც მივიდა ბექა ცობეხია გიორგისთან. უთხრა, ამ ფოჩხუას ფულს ავახევ და თქვენ დამელოდეთო. გიორგის ფული აღარ ექნებოდა. სასტუმროს რესტორანში ექნებოდა დახარჯული. როდესაც მკვლელი მეგობრებთან გიორგის ფოტოაპარატით მისულა, უთქვამს, ეს ერთ გოიმს ავახიეო. თავიდან თქვა, შემომაკვდაო. თუ შემოაკვდა და ამას განიცდიდა, ხომ შეეძლო, როცა გიორგი ცემისგან გაითიშა, სასწრაფოში დაერეკა, ან მისულიყო პოლიციასთან და ეთქვა, მგონი, კაცი შემომაკვდაო. ამით თავის თავსაც უშველიდა და გიორგისაც გადაარჩენდა. გიორგი იმ მომენტში მკვდარი არ ყოფილა, მხოლოდ გათიშული იყო. ექსპერტიზამ გვითხრა, ასეთ მდგომარეობაში რომ დაეტოვებინა, სახლში თავისი ფეხით მოვიდოდა კარგად ნაცემ-ნაბეგვიო. მკვლელმა ათრია გათიშული გიორგი, ტანსაცმელი გახადა. ტანსაცმლიან ადამიანს წყალში ხომ ადვილად ვერ ჩაძირავ. ზღვაში ისეთ ადგილას გაიყვანა, სადაც ენგური მტკვარს უერთდება. ეს ყველაზე ცუდი ადგილია ანაკლიაში. ძალიან ბევრი ჭა არის. ზუსტად ჭაში თუ მოხვდა ადამიანი, შეიძლება, გვამიც კი ვერასდროს იპოვონ. ექსპერტმა თქვა, წყალში გიორგი გამოფხიზლდებოდაო. თუ ამოიყვანდა, მაშინ იქნებოდა კარგი ბიჭი და გიორგიც ცოცხალი გვეყოლებოდა. თვითონ ჩვენებაშიც ჰყვება, წყალში გაფართხალდაო. ფაქტობრივად, ჩაახრჩო წყალში. ყველაფერი გააკეთა კვალის დასაფარავად. მერე მივიდა მეგობრებთან და უთხრა, რომ კაცი მოკლა და სთხოვა, გამაქციეთო. თენგიზ ბაძაღუა გალში გადასვლაში დაეხმარა. პირველად სწორედ ის დააკავეს. ბაძაღუას რომ ეშველება და რამდენიმე წალიწადში გამოვა, ვიცი, მაგრამ ისიც ვიცი, რომ მკვლელს არაფერი ეშველება და ციხეში გაატარებს მთელ ცხოვრებას....
- ახლა ვინ იქნება ზუგდიდის თეატრის მთავარი რეჟისორი?
- გიორგი ზუდიდის თეატრის ხელმძღვანელი არ ყოფილა. გიორგის რომ გაეგო, ტელევიზიით ასე აცხადებდნენ, ძალიან გაუხარდებოდა. კიევში სასწავლებლად იმიტომ მიდიოდა, რომ თავის ქალაქში მთავარი რეჟისორი გამხდარიყო.
- როგორ გახსენდება ძმა?
- გიორგი სულ ჩემი კრიტიკოსი და მრჩეველი იყო. მეუბნებოდა, ჩემზე მეტი შეგიძლია და არ აკეთებო. ის ჩემი პირადი მრჩეველი გახლდათ. ჩემთვის ძალიან მძიმეა გიორგის გარეშე ცხოვრება. შეიძლება ითქვას, იმ ვიღაცამ ჩემი ნახევარი წამართვა, თუმცა ცხოვრებას ვაგრძელებ. მტრის ჯინაზე არ ვაპირებ, რომ აღარ ვიმღერო. ჩემს ძმას ნამდვილად არ მოეწონებოდა, საქმიანობა რომ აღარ გამეგრძელებინა. ძალიან მიჭირს, მაგრამ მივდივარ ჩემს სამსახურში და ვმღერი. შეიძლება, ვინმემ თქვას, რა ამღერებსო, მაგრამ არ დავუშვებ, რომ გავჩერდე. ოჯახში დიდი ტრაგედია გვაქვს, მაგრამ სიმღერას ვაგრძელებ. უკვე წლებია პროექტ "იავნანას" გაკეთებას ვაპირებდით მე და ჩემი ძმა. რადაც უნდა დამიჯდეს, აუცილებლად დავასრულებ ამ პროექტს. გიორგის ექვს თებერვალს აქვს დაბადების დღე. ყველა ძალას მოვიკრებ, რომ პროექტი ამ დღეს გაკეთდეს და მას მივუძღვნი. სამწუხაროა, რომ გიორგის დიდი ხნის წინადელი ჩანაფიქრი მის ხსოვნას უნდა მივუძღვნა, მაგრამ ჩემი ძმისთვის მხოლოდ ამის გაკეთებას შევძლებ.
- პირველად სიმღერა ალბათ ძალიან გაგიჭირდა...
- ორ ადგილას ვმღერი. როდესაც პირველად გავედი სამსახურში, ძალიან ბევრი ტურისტი იყო კლუბში. რომ ვიმღერე, სევდა და გაჭირვება გამახსენდა და ავტირდი, ფაქტობრივად, ტირილით ვმღეროდი. ძალიან ძნელი ყოფილა ტირილით სიმღერა. ბგერას ვერ იკავებ, ნოტს ვერ იჭერ, მაგრამ მაინც შევძელი სიმღერა. თითქოს გიორგი დამეხმარა, რომ ბოლომდე მემღერა. უცხოელები გაკვირვებულები მიყურებდნენ. მათ ხომ არ იცოდნენ ჩემი გაჭირვება. სიმღერა რომ დავამთავრე, ყველა უკლებლივ ფეხზე დადგა და ტაშს მიკრავდა. ზოგი სკამზეც კი ავიდა და ისე მიკრავდა ტაშს. მათ ალბათ იფიქრეს, აი, როგორი გრძნობით შეასრულა სიმღერაო. გამახსენდა, "გოლდენ ტალანტზე" ამ სიმღერას რომ ვასრულებდი, გიორგი ჩემს საგულშემატკივროდ ჩამოვიდა. თმის ვარცხნილობაშიც კი თავისი შესწორებები შეჰქონდა. შენ ხმას არ ამოიღებ, რაც უნდა დაგადგან თავზეო, მეუბნებოდა. კულისებში რომ გავედი, პირველი გიორგი დამხვდა და ჩამეხუტა. მითხრა, ძალიან კარგად იმღერეო. ახლა ძალიან გამიჭირდება, არსად რომ არ დამხვდება და გასამხნევებელ სიტყვებს ვერ მეტყვის, მაგრამ მჯერა, რომ ნებისმიერ დროს, როდესაც კულისებში გავალ, გიორგი იქ იქნება, უბრალოდ, მე ვერ დავინახავ, მაგრამ ამას ვიგრძნობ.