მალე ჩინელი დავით აღმაშენებელი და ილია ჭავჭავაძე გვეყოლება

მალე ჩინელი დავით აღმაშენებელი და ილია ჭავჭავაძე გვეყოლება

საქართველოში მასობრივად შემოსული ჩინელები ქართულ გვარებს ეტანებიან და უახლოეს ხანში კიდევ 3 ათასამდე ჩინელი ბავშვის შემოყვანას აპირებენ. ისინი ძირითადად მშენებლობაზე არიან დასაქმებულნი და გაცილებით მაღალ ანაზღაურებას იღებენ, ვიდრე ქართველი მუშა-ხელი.

„თავისუფალი საქართველოს“ ხარაგაულის მაჟორიტარი კანდიდატი გია ყრუაშვილი For.ge-სთან მობილურით საუბრის დროსაც ხარაგაულის გზაზე არაერთ ჩინელს გადააწყდა და შესაბამისი შეძახილებითაც შეამკო მოზღვავებული ჩინელები- „რას თხრიან და რას აკეთებენ, კაცმა არ იცის!“ გია ყრუაშვილის თქმით, ჩინელების შემოტევა და მათთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება საარჩევნო წლისთვის გააქტიურდა. ჩინელებს მასობრივად აძლევენ ქართულ გვარებს, ასაქმებენ ობიექტებზე და გასაკვირი არაა, თუ ვის სასარგებლოდ მისცემენ ხმას ახლადდაფუძნებული უცხოელები.   

იმერეთში ჩინელები განსაკუთრებულად მოზღვავდნენ?

 - მოზღვავდნენ კი არა, უკვე საგრძნობლად ჩანს არა მარტო ხარაგაულში, არამედ ქუთაისშიც. თითქმის ხარაგაულელებზე მეტი თუ არა, არც ნაკლებნი აღარ არიან. მთელი ნუნისი, მოლითი და იქით არსებული ტერიტორიები ჩინელებითაა დასახლებული. თვალყურს ვადევნებ და იმ ტერიტორიებსა და საძოვრებზეც უკვე გამოჩნდნენ. კოტეჯებისა და სახლების ჩასადგმელად ადგილს ეძებდნენ. ეს კი იმას გვიქადის, რომ, თუ ახლანდელი არჩევნები გადაიტანა ნაციონალურმა მოძრაობამ (და ნაციონალური მოძრაობის უკან კიდევ ვინ დგას, კაცმა არ იცის), მაშინ მომავალ არჩევნებზე უკვე ჩინელები აირჩევენ საქართველოს პრეზიდენტსაც, პარლამენტსაც და ყველა სფეროშიც ესენი იქნებიან.

თავიდან რომ შემოვიდნენ ხარაგაულში, ძალიან თავმდაბლად იქცეოდნენ, ახლა უკვე ამ დანგრეულ გზაზე თითქმის 80 კილომეტრით დადიან და არაფერს ერიდებიან. ხარაგაულში შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს, რომ ჩინელები ძალიან მომრავლდნენ. ახლა 2 ათასი თუ 3 ათასი ბავშვის ჩამოყვანას აპირებენ წიფის საჯარო სკოლაში. სამსართულიანი სკოლაა წიფში და დირექტორს უკვე დაავალეს, რომ პირველი და მეორე სართულებიდან ქართველი ბავშვები გაყაროს და მესამე სართულზე აიყვანოს, ხოლო ქვემოთა სართულებზე უნდა შევიდნენ ჩინელები.

ერთ დოლარად, სიმბოლურ ფასად გაყიდეს ხარაგაულის საავადმყოფო და იქაც ჩინელები უნდა ჩასახლდნენ. ეს პირდაპირ ქართველი ხალხის გენოციდია. მიხეილ სააკაშვილმა შესანიშნავად იცის, რომ ის ქართველ ხალხს არ უყვარს, ამიტომაც ასრულებს ასეთ დავალებებს.

ახლა ძალიან ბევრი ქვეყნის ხელმძღვანელი პირი ვნახეთ საქართველოში ჩამოსული, რომლებიც პოლიტიკას უწონებენ სააკაშვილს, რადგან იგი ზუსტად ერთი-ერთში ასრულებს ალენ დალასის დოქტრინას. ასე რომ, მათი სლოგანი „მე მიყვარს საქართველო“ მართლა ქართველი ხალხის დაცინვაა.

თბილისი და აჭარა უკვე თურქებსა და სომხებს აქვთ გადაფორმებული. ქუთაისში პარლამენტის გადატანა რას ნიშნავს? თბილისს ვის უტოვებენ? ახლა დისშვილები მყავს სომხები და მამიდის ქმარი მყავს სომეხი, მაგრამ ვის უტოვებენ თბილისს?! მახსენდება ილია ჭავჭავაძის დროინდელი საქართველო, როდესაც თბილისში ყველა გავლენიანი პოსტები ეკავათ სომხებს და არაქართველებს და რამდენი წვალება დასჭირდათ ქართველებს, რომ დღევანდელობამდე მიგვეყვანა საქართველო. ახლა 22 ათასი ოფიციალური თურქია აჭარაში ჩასახლებული. მტკიცებულებები მაქვს, რომ მათ სასწავლებლებშიც შეიტანეს, ვითომც აჭარა თურქეთის ტერიტორია იყო. ერთი იმერეთიღა დარჩა და იმერეთშიც ჩინელები მოდიან. საქართველოს გაყიდვა შევარდნაძემ დაიწყო და ამათ ბინძური თამაშით გადააბარა.

მართალია, რომ რამდენიმე ჩინელმა წერეთლის გვარი მიიღო? იმასაც ამბობენ, რომ უკვე გვყავს ჩინელი დურმიშხან გელაშვილი და გიორგი გელაშვილი?

 - ჩინელებმა წერეთლის გვარიც მიიღეს და სულ მალე, შეიძლება, დავით აღმაშენებლად და ილია ჭავჭავაძედაც მოგვევლინონ. არის ჩინელი დურმიშხან გელაშვილი და გიორგი გელაშვილი. ამ უკანასკნელს ელიავას ბაზრობაზე აქვს მაღაზიები. ეს ჩინელი ორ კვირაში ერთხელ ჩამოდის ხარაგაულში და ხელმძღვანელობს ჩინელების დაწესებულებებს. პირველად თქვენ გეუბნებით, რომ აქაურ მთებსა და მიწებში ურანი მოიპოვება და ტენდერში ჩინელებს გაამარჯვებინეს. პირდაპირ რომ შემოესახლებინათ, ხომ იცით, ამას რა რეაქცია მოჰყვებოდა? ამიტომ ვითომ მოიგეს ჩინელებმა რაღაც გაურკვეველი ტენდერი და რა გზა გაჰყავთ, რა გვირაბი, კაცმა არ იცის.

სხვათა შორის, რკინის ჯვარის გათხრასაც აპირებენ, სადაც ანდრია პირველწოდებული პირველად შემოვიდა და მართლმადიდებლობა შემოიტანა. რკინის ჯვარიც ამიტომაც ჰქვია, ეს არის ისტორიული მნიშვნელობის ადგილი. ნუნისი არის ადგილი, სადაც ლაზარეს კვართი ინახება. ამ ადგილსაც ჩინელები ეპატრონებიან. ჩვენი ხელისუფალნი შეგნებულად ებრძვიან ქართულს და მართლმადიდებლობას. ყველამ ვიცით, ათასნაირი სამკურნალო წყლები იყო ხარაგაულის რაიონში, ახლა ამასაც ჩინელები დაეპატრონენ. ფაქტობრივად, მათ მიერ დაწყებული თხრების შედეგად ზოგიერთი ეს წყარო გაქრა.

რის საფუძველზე აცხადებთ, რომ ხარაგაულში უკვე 110 ჩინელია ჩაწერილი?  

- 110-ივე ჩინელს ქართული პასპორტი მისცეს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, სადღაც 1000-მდე მიუკაკუნა ჩინელების რაოდენობამ ხარაგაულში. მე ვპირდები საქართველოს, რომ მათ ეყოლებათ არაბების, თურქების, ჩინელების მიერ არჩეული ხელისუფლება. ცოტა ხანში ისინი ქართველებზე ბევრნი იქნებიან. ამ დროს კი ქართველები საბერძნეთში საცოდავად მოხუცებს უვლიან, ესენი ჩვენთან ბატონებივით არიან.

ამას წინათ აქაური საკრებულოს დეპუტატი შემხვდა, ჩინელებთან დაკავშირებით ვკითხე, - კარგი, ტენდერი თუ მოაგებინეთ, სამუშოები ქართველებს მაინც შეასრულებინეთ-თქო?! ასეთი პასუხი გამცა, ქართველები არ კადრულობენ მუშაობას. მერე იქ კონფლიქტიც მოხდა, გამოვიდა რამდენიმე ქართველი, რას ჰქვია, როგორ არ ვკადრულობთ, რომელ ერთს დაგვიძახეთ და არ ვიმუშავეთო?! ბოლოს და ბოლოს, წიფის გვირაბი ოთხ წელიწადში აშენდა ურმებით, გზისა და გვირაბის უნიჭიერესი მშენებლები ჰყავს საქართველოს და რა ვიცი, რა იყო იქ ისეთი რთული ასაშენებელი, რომ ქართველ კაცს ვერ გაეკეთებინა?! ეს პირდაპირ ქართველი ხალხის გენოციდია. თუ ქართველი ხალხი, თუნდაც პოლიციელები და სხვები, ხელისუფლებაში ამათ მოსვლას ხელს შეუწყობენ, რაშიც მათ უკვე ფული აქვთ აღებული, ისინი აუცილებლად მიიღებენ ჩინელ გამგებელს და პოლიციის ჩინელ უფროსს, საკრებულოს ჩინელ თავმჯდომარეს. რაც ომებით, ბრძოლითა და სისხლისღვრით ვერ შეძლო შაჰ-აბასმა და ჯალალედინმა, ის ამათ ფულით გააკეთეს.