თავშეკავებულ რესპონდენტთა 43%-ში „ქართული ოცნების“ სოლიდური რეზერვი იმალება

თავშეკავებულ რესპონდენტთა 43%-ში „ქართული ოცნების“ სოლიდური რეზერვი იმალება

NDI-ის კვლევების შესახებ ქართულ საზოგადოებაში არაერთი მოსაზრება გაჩნდა, რომ NDI-ის შეკითხვები პირდაპირ "ნაციონალური მოძრაობის" შტაბშია დაწერილი; რომ ეს ორგანიზაცია ცდილობს, ქართული და უცხოური საზოგადოება შეამზადოს ნაციონალების გასამარჯვებლად და, რომ ქართველი ხალხის მოთხოვნისა და გაღიზიანების მიუხედავად, ამიტომაც ჯიუტად განაგრძობს ამ ფარსში თანამონაწილეობას.

For.ge დემოგრაფების თვალსაზრისითაც დაინტერსდა, რადგან ამას წინათ ჩვენს მიერ ჩაწერილი კომენტარების მიხედვითაც, სწორედ დემოგრაფებმა შეიტანეს ეჭვი მამუკა კაციტაძის მიერ დათვლილი მონაცემების სისწორეში. ამჯერადაც, NDI-ისთან მიმართებით, დემოგრაფების პოზიცია ცალსახაა- NDI-ის კვლევა უვარგისია.    

 დემოგრაფი, პროფესორი ანზორ თოთაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სწორედ NDI-მ დაღუპა საქართველო.

„NDI -ს კვლევა აბსოლუტურად უვარგისია და რეალობისგან ძალიან შორსაა. საინტერესოა, ვის ატარებინებენ ამ კვლევას, რა თქმა უნდა, - თავის ხალხს. შეიძლება ითქვას, ამ NDI -მ დაგვღუპა ჩვენ. წლების განმავლობაში ასეთ „კვლევებს“ ატარებს, ფაქტობრივად, გვიყალბებს შედეგებს და ამდენ შრომას წყალში ყრის. სოციოლოგიური კვლევა ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი საკითხი უნდა გამოიკვლიონ. თუმცა NDI -ს აღნიშნული გამოკვლევა სოციოლოგიურ გამოკვლევებს შორის უმარტივესია. ეს კვლევა უბრალოდ ჩატარდა - „დღეს რომ არჩევნები იყოს, თქვენ რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს?“ ასეთი „კვლევა“ საქართველოში ყველას შეუძლია, ჩაატაროს. თუკი პარტიები ერთმანეთს არ ენდობიან, ორი-სამი პარტიის წარმომადგენელს შეუძლია, ერთად ჩაატაროს მსგავსი კვლევა და, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, გამოჰკითხონ ადამიანები. თანაც, რესპონდენტებს სიმართლის თქმის რომ არ შეეშინდეთ, უბრალოდ, ყუთი უნდა მიუტანონ და და ისინიც შემოხაზავენ „დიახ“ ან „არა“-ს“.

დემოგრაფის თქმით, მას არაერთ სოფელში უწევს სტუმრობა და ისეთ რაიონებშიც უმოგზაურია, სადაც ნაციონალების მომხრე ერთი კაციც კი არ შეხვედრია. ასეთი იყო,  ზესტაფონის რაიონის სოფელი წევა, სადაც ხალხი გარეთ გამოდიოდა და პირდაპირ ტიროდა, რადგან იქაურები მშივრები არიან;

„ამ ადამიანებს უჭირთ, არადა, ძალიან დიდი სოფელია. ასეთივე განწყობისაა სოფელი ვაჭევი, სოფელი ილემი. არ მჯეროდა, თუ ქართველი კაცი იტირებდა. 40-45 წლის უმუშევარი მამაკაცები წუხდნენ, შვილებს რა ვაჭამოთ, წლეულს გახმა ყველაფერიო. 20-22 წლის ახალგაზრდები კი არ მუშაობენო“.

 ანზორ თოთაძის აზრით, NDI -ს ამ რეიტინგებს მიღმა ძალიან დიდი შიშის ფაქტორი იგრძნობა. საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა, მართალია, შიში გადალახა, მაგრამ მთლიანი საზოგადოება მაინც დაშინებულია. მეტიც, პროფესორი არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს საქართველოში ღია საზოგადოება არსებობს. მისი აზრით, ღია საზოგადოებისგან ძალიან შორს ვართ.

 დაშინებულთა დიდი ნაკადის მიუხედავად, ანზორ თოთაძე დარწმუნებულია, რომ, როცა ამომრჩეველი საკუთარ თავთან მარტო დარჩება, ხმას ოპოზიციას მისცემს. ამის თქმის უფლებას მას თავად NDI -ს კვლევა აძლევს, სადაც ფიქსირდება, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა კითხვაზე პასუხი არ გასცა. ისინი ნაციონალების მომხრეები რომ ყოფილიყვნენ, NDI -ს წარგზავნილებს თავისუფლად ეტყოდნენ, ნაციონალების მომხრენი ვართო. თუმცა, ადამიანი როცა თავს იკავებს, ის უფრო ოპოზიციისკენაა მიდრეკილი.

„როგორ შეიძლება, კვლავაც სააკაშვილი დაასახელონ პრეზიდენტად, როცა მას უკვე მესამე ვადით პრეზიდენტობის უფლება არ აქვს?! მაგრამ NDI ცდილობს, საზოგადოება ამ აზრის შესაგუებლად შეამზადოს. თავშეკავებულთა 43 %-იდან კი მათი დიდი უმრავლესობა „ქართული ოცნების“ მხარეს წავა. ამ 43%-იდან 40 %-ის შესახებ დანამდვილებით გეტყვით, რომ ისინი „ოცნების“ მომხრეები არიან, მაგრამ უბედურება ის არის, რომ ახლა ვუსმენდი ნათელაშვილის ინტერვიუს თეა სიჭინავასთან, ეს საშინელება იყო. იძახიან, - პინგვინი-პინგვინიო; ნათელაშვილმა და, განსაკუთრებით, გუგავამ ცოტა მაინც ჩაიხედოს სარკეში და, მე მგონი, აზრი შეეცვლებათ.

შუა საუკუნეების ერთ ძველ ხელნაწერს ასეთი მინაწერი აქვს - “ისევ მოგვნახა ჩვენმა უკურნებელმა სენმა, არც ქვეყანას ვასვენებთ და არც ერთმანეთს”. მართლაც, არ ვასვენებთ ერთმანეთს და, თუ დღეს ის ძალები ვერ გავლენ არჩევნებში, რომლებიც ქართველ ხალხს სურდა, პირველ რიგში, ამაში დამნაშავე იქნება „ლეიბორისტული პარტია“, ქდმ, მემარჯვენეები, განსაკუთრებით - კაციტაძე, რომელმაც სახეგაბადრულმა აბსოლუტურად არასწორი ციფრები ამცნო ქვეყანას და ედპ. გაუგებრობაა, ბაჩუკი ქარდავასნაირი პოლიტიკოსები. ჩვენ რომ ხალხი ვიყოთ, საერთოდ, მან ერთი ხმა მაინც უნდა მიიღოს? ძალიან ახლოს ვიცნობ და პატივს ვცემ დავით გამყრელიძეს, ფიქრია ჩიხრაძეს, მანანა ნაჭყებიას, მაგრამ არ მოველოდი, თუ ეს ქალბატონები ასეთ რამეს იკადრებდნენ“.            

ამის მიუხედავად, წინასაარჩევნოდ, ანზორ თოთაძის პროგნოზი ოპტიმისტურია. მისი თქმით, ხალხია ცოდო, თორემ, წესით, „ქართულმა ოცნებამ“ ამ არჩევნებში 60-70% უნდა მიიღოს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ხელისუფლებას ყველაფრის შებრუნება შეუძლია.

„ისინი არაპროგნოზირებადნი არიან და რას გააკეთებენ, ამის გამოცნობა არ შეიძლება. თუ ხელისუფლებამ გააყალბა, მაშინ რასაც უნდათ, იმ რიცხვს „დააჯენენ“. უნდათ, 10 %-ს დაუწერენ ოპოზიციას, უნდათ - 20%-ს“,-აღნიშნა ანზორ თოთაძემ.

დემოგრაფი თომა გუგუშვილიც იზიარებს იმ აზრს, რომ NDI-სა და მსგავსი ორგანიზაციების სანდოობა ნულოვანია.

„მათ კვლევის გამოცდილება არ აქვთ. გარდა ამისა, სოციოლოგები არ ჰყავთ და ისინი ენდობიან ქართველ სოციოლოგებს. ქართველი სოციოლოგები კი რასაც აკეთებენ, ამ თემის გაგრძელება აღარ მინდა... ვერც მათი პროცენტების შესახებ გეტყვით რაიმეს“.

ჩვენ, ასევე, დავინტერესდით ექსპერტის საგარეო პოლიტიკის საკითხებში, რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩის ზურაბ აბაშიძის შეხედულებითაც. პირადად მასზეც დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია NDI-ის კვლევაში დაფიქსირებულ თავშეკავებულ რესპონდენტთა ხმებს, რომელთა პასუხიც იყო „არ ვიცი“ ან „უარი პასუხზე“.

„ჩემი ღრმა რწმენით, ეს 43% უმთავრესად, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გადანაწილდება. რესპონდენტთა ამხელა თავშეკავება იმის მაჩვენებელია, რომ რაღაც მიზეზთა გამო ისინი პოზიციის გამოხატვისგან თავს იკავებენ, ან მართლაც არ იციან, ხმას ვის მისცემენ, ან ეშინიათ, ან სულაც, სხვა ფაქტორთან გვაქვს საქმე. ამდენად, მეჩვენება, რომ სწორედ თავშეკავებულთა ამ დიდ პროცენტში არის „ქართული ოცნების“ დიდი რეზერვი. რაც შეეხება ნაციონალების 37%-ს, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი რეალური იყოს. ამიტომ სიურპრიზი თუ იქნება არჩევნებზე, სწორედ იმ 43%-ისგან იქნება, რომლებმაც პასუხისგან თავი შეიკავეს“.

ამასთან, ზურაბ აბაშიძე საზოგადოებას ურჩევს, გაითვალისწინონ სოციოლოგიური პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, მოქალაქეების 20-25% სწორედ არჩევნების დღეს აკეთებს არჩევანს.

„NDI-ს კვლევაში ყველაზე მნიშვნელოვნად ის მომენტი მეჩვენა, რომ ვანო მერაბიშვილი თურმე სააკაშვილზე 1%-ით მეტად ყოფილა პოპულარული. ეს მართლაც საინტერესო განაცხადია. როგორც ჩანს, პერსპექტივაში, ნაციონალური მოძრაობა სერიოზულად ფიქრობს მერაბიშვილის ჩამოწევაზე. თქვენ არ გენიშნათ, რომ მერაბიშვილს 1%-ით მეტი ხმა აქვს სააკაშვილთან შედარებით?! ეს უკვე ძალიან სერიოზული რამეა და სააკაშვილისთვის არასასურველია, რადგან ვანო მერაბიშვილმა მას რაღაცაში გაუსწრო“,-აცხადებს რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ზურაბ აბაშიძე.