...ფული რომ დაგეტოვებინა გამოსაჩენ ადგილას, იცი რას სჩადიოდა? იჯიბავდა. დაგპირდებოდა რამის გაკეთებას, ფულს მისცემდი, იქვე თუ არ იყავი და არ უყურებდი, იცი რას იზამდა? უთუოდ მოგატყუებდა. პირს რომ გააღებდა, თუ მაშინვე არ მოკუმავდა, სულ ტყუილს ილაპარაკებდა. აი, რა ხარაბუზა გახლდათ ის ჰენრი და, ჩვენი მეფეების მაგივრად ის რომ ყოფილიყო, გაცილებით მეტად გააცურებდა ამ ქალაქს. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენი მეფეები უცოდველი კრავები არიან. რასაკვირველია, არათუ საქმეს კარგად ჩავხედავთ, მაგრამ სად ესენი და სად ის ბებერი ყოჩი. აი, რა მინდა გითხრა: მეფეები მეფეები არიან და უნდა კიდეც გავუწიოთ ანგარიში. საერთოდ კი, მეფეები ძალზე საზიზღარი ხალხია, რა ვუყოთ, ასე არიან აღზრდილები.
(მარკ ტვენი, „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“)
ბევრი ამბავი კარგია, ბევრი კარგი ამბავი – კიდევ უკეთესი. ერთნაირი ამბები ერთფეროვნებაა, ბევრი ერთნაირი ამბავი – მაგარი ერთფეროვნება. საქართველოში ერთფეროვნებაა – შეხვედრები, დაპირებები... ახლა, რომ დავიწყო და მოვყვე ვინ, ვის და სად შეხვდა და რას დაპირდა, შესაძლოა, ერთი დღე და ორი ღამე არ მეყოს და, ამიტომ, ივანოვ–ჩიქოვანისა თუ ლევაშოვ–თუმანიშვილისა არ იყოს, გასული კვირის ტკბილ მოგონებებს განსხვავებული ამბით დავიწყებ.
„სიღნაღში საზამთროს ფესტივალი გაიმართება“ – 4 სექტემბერს გვამცნეს და მერე, როგორ განვითარდა 8 სექტემბერს მოვლენები, ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით. ის კი ვიცი, რა უნდა მომხდარიყო, თქვენ კი იცით, რომ ის, რაც ვიცი, თქვენთვის არასოდეს დამიმალავს.
„სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ღონისძიების პროგრამას, მთელი დღის განმავლობაში დააგემოვნონ საზამთრო, საზამთროს ფრეში და მურაბა, ასევე თამაშებში მონაწილეობის მსურველები გაივლიან რეგისტრაციას საინფორმაციო დაფასთან და შეარჩევენ თამაშებს, რომელშიც სურთ მონაწილეობის მიღება“ – წავიკითხე და დავინტერესდი. რადგან დავინტერესდი, კითხვაც განვაგრძე: “ტერიტორიაზე ივლიან ქართული ზღაპრის გმირები წუნა, წრუწუნა, კომბლე და ბავშვებს შესთავაზებენ სხვადასხვა გასართობს. იქვე დაიდგმება ბანჯი ტრამპოლინი, სადაც ოთხ ადამიანს ერთდროულად შეუძლია იხტუნაოს. გოგონები მსურველებს სახეს მოუხატავენ. მოსულ სტუმრებს შეეძლებათ თავის გასაყოფ ბანერთან ფოტოების გადაღება“ – კიდევ უფრო დავინტერესდი, თუმცა ამაზე მეტად მაშინ დავინტერესდებოდი, ტერიტორიაზე სხვა ზღაპრის გმირებს რომ ევლოთ – ბოცოს, პადოშას, ქლიბს, ჩოყლაყს, ჰალსტუხიან ხვლიკს – და მსურველებს მათთვის თითო პანღურის ამორტყმის საშუალება რომ ჰქონოდათ.
თუმცა, საზამთროს ფესტივალს გასართობი საშუალებები ისედაც არ აკლდა: სირბილი საზამთროთი, შეჯიბრი ისრის სროლაში, გახვრეტილი საზამთროს ჭამა კოვზით, შეჯიბრი საზამთროს აწევაში, საზამთროს ჭამაში, შეჯიბრი საზამთროს ფრეშის დალევაში და საზამთროს ქერქიდან ფიგურების ამოჭრაში.
არ ვიცი, ალბათ, საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე ამზადებს სპეციალურ რეპორტაჟს, რომელსაც რა თქმა უნდა ნინო ქაჯაია გაუძღვება, ხოლო რეპორტაჟის სახელწოდება, რა თქმა უნდა, იქნება „ცხოვრება საამურია ნინო ქაჯაიასთან ერთად“.
ისე კი, სააკაშვილისა და მთელი ნაცმოძრაობის გადამკიდე, ცხოვრება არა, მაგრამ მათი საარჩევნო კამპანია სულ უფრო და უფრო საამური ხდება: სირბილი და გორაობა დაცვასთან ერთად (ლიდერობს მიხეილ სააკაშვილი), შეჯიბრი ტალახის სროლაში (აქაც სააკაშვილი ლიდერობს), ჩეჩმის ნახვრეტიდან დიდი კოვზით ყველაყისას ჭამა (ეს გუნდური შეჯიბრია. ლიდერობს ნაცმოძრაობა. მას კვალდაკვალ მიჰყვებიან ქდმ, ედპ და ლეიბორისტები), შეჯიბრი რუსეთის ოკუპაციისადმი მოთმინების დალევაში (ეს შეჯიბრი მას შემდეგ გაიმართება, როდესაც ნაცები ყველაყისას ჭამას მორჩებიან, ანუ – არასოდეს, ან სანამ თავად ნაცები არ დამთავრდებიან) და შეჯიბრი საქართველოდან ტერიტორიების ამოჭრაში.
ეს უკანასკნელი მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს, რადგან თემურ ალასანიას გაწვრთნილ მიხეილ სააკაშვილს ფაქტობრივად კონკურენტი არ ყავს.
სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე რას ნიშნავს „ბანჯი ტრამპოლინი“. ვვარაუდობ, რომ რაღაც ბატუტისმაგვარი უნდა იყოს, რომელზეც ვიღაცეები ხტუნაობენ. ეს სათამაშო ზედგამოჭრილია კოკო ნაკუკარისთვის, გია თორთლაძისთვის, გურამ ჩახვაძისთვის და ახალი მემარჯვენეებისთვის.
გაგახსენებთ – „გოგონები მსურველებს სახეს მოუხატავენ. მოსულ სტუმრებს შეეძლებათ თავის გასაყოფ ბანერთან ფოტოების გადაღება“. ახლა, წიკლაურს და გოგორიშვილს მეტი რაღა სახის მოხატვა უნდათ, აი წუნა და წრუწუნას ბანერში თავის გაყოფა კი არც ერთს არ აწყენდა. წიკლაური იქნებოდა წუნა, გოგორიშვილი – წრუწუნა. იქვე იქნებოდა ბაჩუკი ქარდავა, რომელსაც პრინცესა ჩიორა აკოცებდა და ადამიანად გადააქცევდა (მანამდე ყველას მოუწოდებდა, არ მოკლათ, თორემ წვიმა მოვაო).
ძაან ფანტაზიებში წავედი. ფანტაზიაც არ არის – სურვილია, ნატვრა, ოცნება.
გასულ კვირაში ბევრმა აისრულა ნანინანატრი ოცნება: გიგი უგულავა მაღალტექნოლოგიურ საუნივერსიტეტო კლინიკაში დაზღვეულ თბილისელებს შეხვდა, გიგი წერეთელი ჭიათურაში სადაზღვევო პოლისების დარიგების პროცესს დაესწრო, მაგდა ანიკაშვილი ვარკეთილის პოლიკლინიკა "ჯანმრთელობას" პენსიონერ როზა ჩხიკვაძესთან ერთად ესტუმრა, გრიგოლ ვაშაძემ ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღო, შალვა ნათელაშვილი ოზურგეთისა და ბათუმის მოსახლეობას შეხვდა, ზურა ხაჩიძე სოციალურად დაუცველ ლია ეკალაძის ოჯახს ესტუმრა, დიმიტრი შაშკინი – ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებს, რამაზ ნიკოლაიშვილმა ბუბა კიკაბიძესთან ერთად ოზურგეთის განახლებული უბნები მოინახულა, კახა კუკავა პეტერბურგში პეტრე ბაგრატიონის ძეგლის გახსნას დაესწრო...
მოკლედ, იყო ერთი ჟრიამული, დამისხი–დამალევინე, მიდი–მოვდივარ და გამიშვი–გამატარე, მაგრამ ყველაზე დიდი და სანუკვარი ოცნება მაინც ვანო მერაბიშვილმა აისრულა – წიწიბურას ყანების დათვალიერებისა და სწორი ნაწლავის პრობლემებით გატანჯულ ადამიანებთან შეხვედრების შემდეგ ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით წასვლა მართლაც დიდი შეღავათი იყო. ბროლიას კალბასი რომ უყვარდა და აბიტურიენტის ბაბუისთვის ეს რომ დიდი შეღავათი იყო, სწორედ ისე. „მოგვიანებით პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ევროპის სახალხო პარტიის ასამბლეას სიტყვით მიმართავს“ – იუწყებოდა „ინტერპრესნიუსი“, მაგრამ შეცდა, რადგანაც ვანომ ევროპის სახალხო პარტიის ასამბლეას კი მიმართა, მაგრამ არა სიტყვით, არამედ ენის ბორძიკით და ასევე ენის ბორძიკით თქვა გურამ ჩახვაძემ ის, რაც თქვა. კერძოდ: „საქართველო კავკასიურ შვეიცარიად, ამ გეოპოლიტიკურ რეალობაში ვერ ჩამოყალიბდება“.
რატომ ბორძიკობდა ამ სიტყვების წარმოთქმისას ჩახვაძე? რატომ ბლუყუნებდა პარლამენტის სხდომათა დარბაზის ვენტილაციის რისხვა? რატომ და – რას იტყვის სააკაშვილიო, რომ მოვიდეს და, ემანდ რაებს როშავ, საქართველო უკვე შვეიცარიააო, ასე რომ მითხრას, მერე სად უნდა გავასწროო. იცოდა, რომ ტუალეტში ნამდვილად ვერ გაასწრებდა და ამიტომ იყო, ენა რომ დაება.
ახლა, უცებ, ერთი ნიუსი მომხვდა თვალში და ენა მეც დამება. აი, ეს ნიუსიც – „დავით საყვარელიძე და გიორგი ვაშაძე წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობენ“. ვაშაძე გასაგებია – ერთი ფანჯრის პრინციპზე ისაუბრებდა და ერთი ნახვით სიყვარულს აუხსნიდა ისნის მაცხოვრებლებს. და რა უნდა ეთქვა საყვარელიძეს? ხომ არ იტყოდა, ამდენი და ამდენი დავაჭერინეო და მიშამ მილანში ახალი საათი რომ იყიდა, სწორედ იმ ფულით იყიდა, ნახევარ თბილისს საპროცესოებით მე რომ გამოვტყუეო!
ენა კი სხვა რამის გამო დამება. ვერაფრით ვერ გავიხსენე, ნეტა ვინ იყო ის ახალგაზრდა, საკუთარი შეყვარებულისა და მისი ოჯახის წევრების ტელეფონები მოსმენაზე რომ დააყენა და იქვე ეშმაკად რომ გადაიქცა?
თელავში „თავისუფალი საქართველოს“ ოფისი გაქურდეს და ნეტავ, რა წაიღეს? როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი მოსიაშვილმა განუცხადა, ოფისიდან კომპიუტერი და ტელევიზორია მოპარული. კომპიუტერში პარტიის საარქივო მასალები ინახებოდაო– დარდით აღარ იყო მოსიაშვილი.
მერედა რა? დიდი რამე, კომპიუტერი და ტელევიზორი. ტელევიზორში სააკაშვილის მეტს მაინც არაფერს აჩვენებენ, კომპიუტერი ვირუსებით, ანუ პარტიის საარქივო მასალებით ყოფილა გაძეძგილი და, ეგეც არ იყოს, მრგვალი მაგიდის გარეშე დარჩენილი „თავისუფალი საქართველოსთვის“ მთავარი მაინც ხალხის სიყვარულია, ხალხის სიყვარულს კი „თავისუფალ საქართველოს“ ეგრე იოლად ვერ მოპარავ.
ასევე, უსიამოვნო ინცინდენტი მოხდა ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში. „2012 წლის 3 სექტემბერს, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში, ამავე კომისიის წევრებმა მედეა ნეფარიძემ, ნინო ფხიკიძემ და საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ბეჟან გუნავამ საოლქო კომისიის თავმჯდომარე ჰასმიკ მარანგოზიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“ – ღრმა მწუხარებით იუწყებოდა ცესკოს პრესსამსახური და საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილეს თავშეკავებისა და ურთიერთპატივისცემისკენ მოუწოდებდა.
წარმომიდგენია... მარანგოზიანი ალბათ ხელ–ფეხს იქნევდა და, ცესკოს პრესსამსახურისა არ იყოს, ინკვიზიტორებს თავშეკავებისა და ურთიერთპატივისცემისკენ მოუწოდებდა. თან, ალბათ, იმასაც გაიძახოდა, ჩემი გული სააკაშვილს ეკუთვნის, ბიულეტენები – ნაციონალურ მოძრაობას, ხალხის სიყვარული კი წაიღეთ, არაფერში მჭირდებაო.
ახლა... სულ გუნავას ხომ არ უნდა ცემდნენ, ერთხელ მაგანაც ცემოს ვინმე. ის კი არა, არ ვიცი, გახსოვთ თუ არა თენგიზ ჯგუშია და, მაგ ჯგუშიასაც თუ ვაცემინებთ ვინმეს, მაგალითად – დავითაიას, დამეთანხმებით, რომ ამით სპორტულ წონასწორობას აღვადგენთ.
წონასწორობის ამბავში და მშვიდობიან გაგებაში ახალმა მემარჯვენეებმა „მშვიდობის მარში“ წამოიწყეს. „ჩვენ ამ მარშს, რომელსაც ავტობუსით განვახორციელებთ „მშვიდობის მარში“ დავარქვით, რადგან დღეს ქართულ პოლიტიკას, საქართველოს მომავალ პარლამენტს სწორედ ის სტაბილურობა და სიმშვიდე, სწორედ ის „შუა“ დამაბალანსებელი სჭირდება, რომელიც „ახალ მემარჯვენეებს“ შეგვიძლია მოვიტანოთ. ეს მარში აღმოსავლეთიდან დასავლეთით - დედოფლისწყაროდან სარფამდე მთელ საქართველოს გადაკვეთს და ქუთაისში დასრულდება“ – მთელი მსოფლიოს პროგრესული კაცობრიობის გასაგონად განაცხადა დავით გამყრელიძემ და შემდეგ მთელი კვირის განმავლობაში რეგულარულად ვიგებდით, თუ სად მოძრაობდა აღნიშნული ავტობუსი – ისანში გამოჩნდაო, ავლაბრის მეტროს ჩაუარაო, სვანეთის უბანში მოკრეს თვალიო, დიღმის ხიდზე გადადიოდაო, ელდეპოს სახინკლესთან იდგაო, კოტრიკაძის პროფილაქტიკაში იამაზე იყო შეყენებულიო... ის მახსენდება, ვაჟა ზაზაევიჩი რომ ამბობს – მალე ავტობუსებით დაიწყებენ ფეხბურთის თამაშსო... სხვათა შორის, 1991 წლის 15 სექტემბერს პოლიტიკურ ამბავში და ოპოზიციურ გაგებაში ერთი ღამე ტროლეიბუსში მაქვს გათენებული, პრეფერანსის ამოცანებს ვხსნიდი და იყო ეგრე. ამათ კიდევ, მარჯვნივ გვინდა, მაგრამ სამშობლოს შუაში ვჭირდებითო.
მომავალი არჩევნების თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ამომრჩეველი არაფერ შუაშია, მთავარია გაგება და დასაქმება.
როგორც ჩემი მეგობარი სააგენტო იუწყებოდა, გასულ კვირაში დასაქმების მინისტრი პაატა ტრაპაიძე ბოლნისში იმყოფებოდა და ის გოიმი რომ არის, ბევრი ოქრო რომ აქვს და შერონ სტოუნთან სურათი რომ გადაიღო... გვარი დამავიწყდა... ჰო – ნაყოფია, მაგ ნაყოფიასთან ერთად გაბრიჩიძეების ოჯახში იმყოფებოდა, სადაც „უშუალოდ ადგილზე გაეცნო სამუშაოს მაძიებელთა კითხვარის შევსების პროცესს. სულ დღეის მდგომარეობით ბოლნისში 3 450 კითხვარია შევსებული“.
არადა, ბოლნისში, მგონი, სულ 3 455 კაცი ცხოვრობს.
როდესაც ტრაპაიძე ბოლნისში ჩავიდა, მას ზუსტად 3450 კაცი შეეგება, ანუ – ყველა უმუშევარი, ხოლო როდესაც ბოლნისს ტოვებდა, არავის გამოუცილებია. მეტიც – ქუჩები ცარიელი იყო, მხოლოდ შიგადაშიგ ისმოდა დაზგის ღმუილი, ბალგარკის ბზუილი და ბუზის ბზუილი. ბუზები გახარებულები იყვნენ – ტრაპაიძე ნიშნავს დასაქმებას, დასაქმება ნიშნავს მოსაქმებას, მოსაქმება კი ჩვენი საკვებიაო – და კობა ნაყოფიას ადიდებდნენ.
ბუზების სიხარულის კონტექსტში უნდა გავიხილოთ ლეიბორისტების ამბავი – გასულ კვირაში მათ სურსათზე ფასების გაიაფების პირობა დადეს. „ხელისუფლებაში „ლეიბორისტული პარტიის“ მოსვლის შემდეგ, სააკაშვილის კრიმინალებს ჩამოერთმევათ უკანონოდ მიტაცებული ქონება და მიღებული იქნება კანონი „მინიმალურ სამომხმარებლო კალათაში შემავალ პროდუქტებზე ზღვრული ფასების დაწესების შესახებ“, რითაც ქვეყანაში დასრულდება სახელისუფლო, სასურსათო მაფიის პარპაში“ – განაცხადა პაატა ჯიბლაძემ და შიმშილისგან გული წაუვიდა. მისი მოსულიერება ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო, პოლიტიკურმა და იდეოლოგიურმა მდივნებმა სცადეს, მაგრამ მათაც წაუვიდათ გული. სწორედ ამ დროს მიიყვანეს გულწასულ შალვა ნათელაშვილი ოზურგეთისა და ბათუმის მოსახლეობასთან შესახვედრად. შეხვედრაზე ერთადერთი ამომრჩეველი მივიდა, და ისიც, ხაჭაპურის გამყიდველი აღმოჩნდა. ამ პროკურატურის პარტკომებს მართლა რა ძაღლის ბედი აქვთ!
ხოლო მანამდე, როგორც პროკურატურის პარტკომს შეფერის, ნათელაშვილმა ზუგდიდში, „ენგურქაღალდ კომბინატის“ კულტურის სახლში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში პარტიის მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. „ეს არ არის არავითარი სია, ესენი არ არიან არავითარი კანდიდატები. ჩვენ ყველა ვართ საქართველოს გადარჩენის ლაშქარი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამეგრელო–ზემო სვანეთის მაჟორიტარობის ლეიბორისტი ცხრა კანდიდატი და კიდევ 191 სხვა ლეიბორისტი, ვითომ დანებებას აპირებენ, ნაციონალური მოძრაობის სათავო ოფისში მივლენ და იქ ერთ ამბავს ატეხავენ – სასტიკად დატუქსავენ, მამაპაპურად გაკიცხავენ, კუთხეში დააყენებენ და ტაკოებზე სახაზავებს მოსცხებენ.
ნიუსის ბოლო ნაწილმა კი, სერიოზულად დაგლიჯა: „შალვა ნათელაშვილი მოქალაქეებს თავდაპირველად მეგრულად მიესალმა და უთხრა, რომ მეგრელების სიძეა, ამიტომაც მისი თქმით, განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულება აქვს სამეგრელოსთან“.
კიდევ კარგი, კახელების სიძე არ არის...
თუ დააკვირდით, არაფერი მითქვამს ჰოლანდიელების სიძის შესახებ. ან რა უნდა მეთქვა? ვიტყოდი, მაგას კი მოხვდა არმაგედონის ზანგის–მეთქი, მაგრამ გასულ კვირაში არმაგედონის ზანგი გარდაიცვალა.
ნაციონალური მოძრაობის წევრებთან საქმეს რომ დაიჭერ, უსაფრთხო სექსზეც უნდა იფიქრო.
„...ამასთან, სანდრა რულოვსმა აღნიშნა, რომ მას და მის ოჯახს სამეგრელო და მეგრელები განსაკუთრებულად უყვარს. ყრილობის მონაწილეებს ეს პირველმა ლედიმ მეგრულად უთხრა“ – ნაწყვეტი ნიუსიდან.
მიდი და გაიგე, გასულ კვირაში სანდრა იყო შალვად გადაცმული თუ შალვამ ისარგებლა სანდრას გარდერობით?
და, რაც მთავარია, გადამწყვეტ მომენტში ჩოყლაყს სანდრას ნაცვლად შალვა ხომ არ შერჩა ხელში?
„მთელი დღე ჩემს თავს ვეკითხები, რამ გამოიყვანა ქუჩაში ამდენი ხალხი. სხვადასხვა ციფრებს მეუბნებიან, მეუბნებიან, რომ მილიონამდე ადამიანი იყო გამოსული, არასოდეს ჩვენს ისტორიაში, არც ეროვნული მოძრაობის და არც ვარდების რევოლუციის დროს, ამდენი ხალხი ერთად არ დამდგარა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე განაცხადა“ – როგორი მოსაყოლია?! ამიტომ, ციტატა მოვიტნე.
ჰო... სპორტის სასახლეში ნაცბოზბანდის თავყრილობა გაიმართა და ყველას, ვინც სააკაშვილს სხვადასხვა ციფრებს ეუბნებოდა და 900 ათასზე ნაკლები არავის უთქვამს, მინდა მოკლედ და კონკრეტულად ვუთხრა: „თქვენ კი მოგხვდათ არმაგედონის ზანგის“.
ჰო... მაგრამ იქ ხომ მხოლოდ ისინი არ იყვნენ – ციფრების გაბერვისა და ტყუილებით გაბერვის ოსტატები. იყვნენ სხვებიც. ზოგმა მაისური დაითრია და საროჩკის შიგნით ჩაიცმევს, ზოგმა დროშა წამოიღო, ზოგმა ბუშტს გამოკრა ხელი.
ოღონდ, შაჰის ცოლობას მხოლოდ სააკაშვილი გამოკრავს ხელს, ციფრების გაბერვის მოყვარულები კი მისი თუქსუსები იქნებიან. პრინციპში, ახლაც არიან
„ქუდზე კაცია გამოსული. ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს სწრაფვას დამოუკიდებლობისაკენ და უკეთესი მომავლისადმი, ვერანაირი ძალა ვერ შეაჩერებს“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა, მიშას თუქსუსთგანმა.
წიკლაური რომ გათუქსუსდება, გვარი წაკლაურად უნდა გადაიკეთოს.
პრინციპში, უკვე გადაკეთებულიც აქვს.
ბ.ჩ. (ბრიყვები, ჩერჩეტები) ჰერცოგმა თქვა: „ბრიყვები, ჩერჩეტები, კარგად ვიცოდი, ვინც პირველ საღამოს დაესწრო, ხმას არ ამოიღებდა და ქალაქის დანარჩენ მცხოვრებლებსაც გააბრიყვებდა, ისიც ვიცოდი, რომ მესამე დღეს ჩაგვისაფრდებოდნენ, ჩვენი ჯერი ახლა დადგაო.იმათი ჯერი კი დადგა, მართალია, მაგრამ, რასაც გინდა იმას მივცემდი, ოღონდ გამეგო, რა ხეირი ნახეს აქედან“.
(მარკ ტვენი, „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“)