9 სექტემბერს, დღის 10 საათიდან „ვორონცოვის“ მოედანი და მიმდებარე ადგილები „ექშენის“ ასპარეზად იქცა. ჯერ გამოჩნდა სახელმწიფო დაცვის სამსახურის მანქანები - დეტექტორებით აღჭურვილი პოლიცია სახლების ეზოებსა და მოედნზე განლაგდა. ბრგე ბიჭებმა მოედნის სავაჭრო ობიექტების შემოწმება დაიწყეს, რის გამოც ყველა მაღაზია ნახევარი საათით დაიკეტა. მოგვიანებით გამოიარა მანქანამ, საიდანაც უბნის მცხოვრებლებს მეგაფონით აუწყეს სიახლე - „4 საათზე, „ვარანცოვის“ გახსნაზე პრეზიდენტი მობრძანდება! გთხოვთ მოხვიდეთ! პრეზიდენტი მობრძანდება!“ დღის ორი საათისთვის „ოცნების“ მაისურიანი სამი ახალგაზრდა ბიჭი გამოჩნდა და უბანს, უზნაძის 4 ნომერში, მაჟორიტარობის კანდიდატის, ვიქტორ დოლიძის მოსვლის შესახებ აუწყა. მოსახლეობის ნაწილი ვიქტორ დოლიძესთან შესახვედრად დაიძრა, ნაწილი - „ვორონცოვზე“.
„ქართული ოცნების“ კანდიდატს რუტინული შეხვედრა ჰქონდა უბნის მაცხოვრებლებთან: შერჩეული სახლის ეზოში, დათქმული დროისთვის ორმოციოდე კაცი იყო შეკრებილი; ნაციონალურმა მოძრაობამ, 7 სექტემბრს დაწყებული საარჩევნო ტურნე გააგრძელა პოლიტიკური პარტიებისთვის უკვე ტრადიციული დრამატურგიით: რაიონის კოორდინატორების შეკრებილი ხალხი, ბევრი დროშა, მუსიკა, ბავშვები, რამდენიმე საკონცერტო ნომერი, რაიონის მაჟორიტარისა და პარტიის ლიდერის გამოსვლა, ბევრი „ჯოს, ჯოს“ ძახილი, ტელევიზიები, ამწეებზე შემდგარი კამერები. შესაბამის ადგილებში განლაგებული ოპერატორები.
აღდგენილ მოედანზე პრეზიდენტის მოსვლას წინ რამდენიმეკვირიანი „სტახანოვური“ მშენებლობა უძღვოდა – სამუშაო არ გაჩერებულა არც დღისით, არც - ღამით. მოედანზე იდგა უამრავი მანქანა და აგრეგატი, რომლებიც გაუჩერებლად მუშაობდნენ სამი თვის განმავლობაში, 24 საათი, 7 დღე კვირაში.
სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება 8 სექტემბრისთვის არ ესწრებოდა, მაგრამ მოედანი ძალიან სწრაფად მოკირწყლეს. ერთ ღამეში გააკეთეს კლუმბები. ფასადების გამშვენება, გაზონებიანი მანსარდების მშენებლობაც გასაოცარ ტემპში დაასრულეს და პრეზიდენტს ერთგულ ამომრჩეველთან შესახვედრად შესანიშნავი დეკორაცია დაახვედრეს. კარგად გაკეთდა მოედანზე მიმავალი უზნაძის ქუჩის უძველესი სახლების ფასადები, დაიდგა „ვინტაჟ“ სტილის ლამპიონები, რომლებზეც, რატომღაც, ვიდეოკამერები დამონტაჟდა. კლუმბების ოაზისები მოეწყო უზნაძის 2-ის წინ, მაგისტრალის მიმდებარე პატარა მოედანზეც.
წინასაარჩევნო შეხვედრის ვორონცოვურ კამპანიამდე 4 საათით ადრე, მოედანზე სანაპიროდან მიმავალი ქუჩა გადაიკეტა როგორც მანქანებისთვის, ასევე, ფეხით მოსიარულეთათვის. გასაგები გახდა, რომ სწორედ აქედან ავიდოდა მოედანზე პირველი პირი. თუმცა, დაცვის არცერთი თანამშრომელი არ ამბობდა, რატომ იყო გადაკეტილი ქუჩა. კითხვაზე, თუ რა ხდება მოედანზე, ყველა ერთნაირად პასუხობდა: „არ ვიცით“.
საპრეზიდენტო „ბილიკი“ სპეციალური ღობითა და წითელი ტროსებით იქნა შემოსაზღვრული. ნახევარი საათით ადრე მოედნისკენ ხალხი დაიძრა. იქვე მდებარე „მოდელების სახლის“ მაცხოვრებლებს, სადარბაზოში შესვლის წინ ეკითხებოდნენ, თუ რა ქონდათ ჩანთაში. ხალხს დეტექტორებით ამოწმებდნენ და ჩანთებს უჩხრეკდნენ.
მოდიოდნენ ადმინისტრაციის თანამშომლები თავიანთი ცოლშვილით ტოიოტას „ლენდ კრუზერებითა“ და „პრადოებით“... მოჰქონდათ დროშები და თეთრ-წითელი პლაკატები წარწერით „მეტი სარგებელი ხალხს.“
მოედნის შუაგულში დამონტაჟებული იყო სცენა და ხმის გამაძლიერებლები, თუმცა ხმა ძალიან ცუდად ისმოდა. მოსახლეობას სახელმწიფო მოხელედ გარდაქმნილი მომღერალი გოგა ხაჩიძე მიმართავდა, რომელიც კონფერანსიეს ფუნქციას ასრულებდა. მუსიკალურ ინტერმეცოებში ნოდიკო ტატიშვილი მღეროდა, რომელსაც რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის, ოთხ წელიწადში მობერებული ანდრო ალავიძის სიტყვა ცვლიდა. მოედანზე შეკრებილი აქტივისტები, მითითების თანახმად, ქარის დაბერვაზე დროშებს მაღლა სწევდნენ და ტელეკამერებისთვის ლამაზ სანახაობას ქმნიდნენ.
ხალხს ჯერ ქალაქის თავმა მიმართა. მისი გამოსვლა ისეთი მქუხარე და ხმაჩახლეჩილი აღარ იყო, როგორც წინა დღით, პარტიის ყრილობაზე. არც პრეზიდენტის შემობრძანების მიზანსცენა მოუმზადებია შესაბამისი მიმართულებით გაშვერილი ხელებით და თეატრალური წამოყვირებით: „მიშა, მიშა“!
მერმა, თავისი სიტყვა ქართული სუფრისა და 80–იანი წლების დისიდენტებისთვის დამახასიათებელი ბანალური „ჯოს, ჯოს“ ძახილით დაასრულა, რის შემდეგაც, ოპერატორმა შესაბამისი პოზიცია დაიკავა პრეზიდენტის მოახლოებისა და ხალხის გაშვერილი ხელების მომგებიან რაკურსში წარმოსაჩენად. გამოჩნდა პრეზიდენტიც, რომელმაც „ვორონცოვზე“ მოსვლამდე, მერთან ერთად, თბილისში განხორციელებული საგზაო პროექტები დაათვალიერა და კოსტავას ქუჩაზე მერიის ინიციატივით მოწყობილი იაფი სავაჭრო ობიექტები მოინახულა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტი დაცვას მოჰქონდა. ის ავტომატურად ართმევდა ხელს აღტყინებულ ამომრჩეველს და პრაქტიკულად გარშემო ვერავის ვერ ხედავდა. უცებ მამის ზურგზე შესმული ბავშვი შენიშნა და თავზე ხელი მოუცაცუნა.
მის სიტყვას აღარ ჰქონდა არც ადრინდელი გზნება, არც მუხტი - სააკაშვილი საკმაოდ მოქანცული ჩანდა: „აღმშენებლობას ჩვენს გარდა ვერავინ გააგრძელებს. ჩვენი მოწინააღდეგე მოდის დასანგრევად. ეს რუსული პროექტია, რომელიც არ გაუვათ, რადგან ხალხის ძალა ჩვენს მხარესაა. „გაზპრომის“ მილიარდებით ყველაფერს ვერ იყიდი. ვერ იყიდი მთავარს - ხალხს!!! არჩევნებს ჩვენ მოვიგებთ და გავაგრძელებს მშენებლობას, რადგან კეთილდღეობა მხოლოდ ფასადებია არ არის, ის ყველას სახლში უნდა შევიდეს. მეტი სარგებელი ხალხს! ლაფანყური რუსული პროექტი იყო, რომელიც არ გაუვიდათ. ჩვენს მტრებს არაფერი გაუვათ!“.
პრეზიდენტმა სიტყვა სწრაფად დაამთავრა და იგივე ბილიკით გაემართა დაჯავშნული მანქანისკენ, რომელთანაც ჯავშანჟილეტებში გამოწყობილი მცველები ელოდნენ. სააკაშვილი დაცვამ ისევე ელვისებურად გაიყვანა მოედნიდან, როგორც თავის დროზე, შევარდნაძე გაიყვანეს პარლამენტის დარბაზიდან ვარდების რევოლუციის პირველ წამებში. შეხვედრის დასასრულს აჟღერდა ჰიმნი „თავისუფლება ლომთა ხვედრია“.
სანამ პრეზიდენტი მოედანს დატოვებდა, იმავე გზაზე, შვილიშვილთან ერთად მიმავალი ასაკოვანი ქალი უცებ დაცვის თანამშრომელმა შეაჩერა უცნაური კითხვით:
„თქვენ გაფრთხილებული არ ხართ?“
ქალი ცოტათი დაიბნა, მაგრამ უპასუხა: „არა“