მსახიობი იური ვასაძე ხშირად იხსენებს გივი ბერიკაშვილთან დაკავშირებულ ერთ ისტორიას:
“კახეთში ვართ, ვიღებდით კინოფილმს “სიყვარული ყველას უნდა”. მოგეხსენებათ, ფილმი კომედიური ჟანრისაა და გადაღებაც მხიარულ ტალღაზე მიმდინარეობდა.
იმ სოფელში სასტუმრო არ გახლდათ და მოსახლეობამ დაგვინაწილა თავიანთ სახლებში. კახელების სტუმართმოყვარეობა კი იცით, თან - გივი ბერიკაშვილი მაგათი კერპია. დარწმუნებული ვარ, საქართველოში რომ მდგომარეობა ოდნავ გამოსწორდება, გივის ძეგლსაც დაუდგამენ კახელები. მანამდე კი ვიღაც თაყვანისმცემლებმა ოთხი პატარა და დიდი ზომის საზამთრო აჩუქეს.
- ჩააცივე ახლა იურა შენთან წყალში ეს საზამთროები, საღამოს მოვალთ გადაღებიდან და შევექცეთ.
ეს ამბავი დილით მოხდა. წავიღეთ მე და ტრისტან სარალიძემ ეს საზამთროები “ნომერში” და სამი შემოგვეჭამა. დარჩა ერთი წრიპა საზამთრო და შევინახეთ წყალში დიდი ამბით გივისთვის.
მოსაღამოვდა, მორჩა გადაღება, მოვლასლასდით გადაღებიდან გასავათებულები, ტრისტანი არ ჩანს, შევრჩი გივის და საზამთროს მარტო.
- აბა, გამაიტა საზამთროები, - მეუბნება გივი.
- რა უნდა გამოვიტანო? – დამასხა ოფლმა სიცხისგან და უხერხულობისგან ერთბაშად. რა გამოვუტანო, გასკდეს ჩემი და ტრისტანას გასახეთქი მუცლები, რა მოვიფიქრო?
- ჰა, გამაიტანე, ჯო! – გამიმეორა გივიმ.
ღმერთმა არ გამწირა და იდეა მომივიდა, გავლასლასდი მეორე ოთახში, გამოვიტანე ის გასაცოდავებული საზამთრო, დავდე მაგიდაზე და ვითომ აქაც არაფერი, დანას დავუწყე ძებნა.
გივიმ საზამთროს შეხედა, არ მოეწონა. ეპატარავა. პატარაა და აბა, რა იქნება! ამოიღო სათვალე, მოირგო თვალზე. მაინც პატარაა! შეიშმუშნა.
- რა იყო, გივი? – “შევჯექი ტყემალზე”.
- კაცო, ე რა ჩემსავით პატარა გამოიტანე, უფრო დიდებიც იყო, მახსოვს.
- კარგი, ბატონო, დიდს გამოვიტან, - დავავლე საზამთროს ხელი, გავიტანე
მეორე ოთახში ისე, რომ ხელიდან არ გამიშვია, ამოვასველე წყალში და შემოვიტანე ისევ.
- ოო, ეს კი ჯობია, მაგრამ უფრო დიდიც იყო იქა, - “ესეც” დამიწუნა გივიმ.
მესამედ რომ წავიღე და შემოვიტანე, მოეწონა. აი, ეს მესმისო და გავჭერით. ვჭამდით და იცინის, - შენ მე შტერი გეგონე, მოტყუება გინდოდა და არ ჩაგივიდა ფეხი, მაინც დიდი საზამთრო გაგაჭრევინეო.”