„ნაციონალური მოძრაობა“ კუდიანებზე ნადირობას იწყებს

„ნაციონალური მოძრაობა“ კუდიანებზე ნადირობას იწყებს

ხელისუფლება მთელს თავის ადამიანურ და ასევე სახელმწიფოს ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს იმისთვის, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის რაც შეიძლება მეტი ხმების მობილიზება მოახდინოს. ამ მიზნის მისაღწევად გამოყენებულია როგორ კანონიერი, ასევე სრულიად უკანონო ბერკეტები, როგორიც არის ოპოზიციის მხარდამჭერთა დაშინება, შანტაჟი, დაჭერები და ა.შ.

საზოგადოებრივ განწყობაზე კონტროლი ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე თითოეულ ჩვენგანს წარმოუდგენია. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ მესვეურების მიერ რამდენიმე მეთოდია იმისთვის შემუშავებული, რომ საჯარო სამსახურებში დასაქმებულმა ადამიანებმა საპარლამენტო არჩევნებში სწორედ მმართველ გუნდს მისცენ ხმა. რამდენიმე ასეთი მეთოდის შესახებ ინფორმაცია მედიითაც გაშუქდა. მაგალითად, ცნობილია, რომ პედაგოგებს და ზოგადად საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ ადამიანებს დავალებული აქვთ, საარჩევნო ბიულეტენში N5 („ნაციონალური მოძრაობა“) შემოხაზონ და შემდეგ ბიულეტენს მობილური ტელეფონით ფოტო გადაუღონ, რათა „მტკიცებულება“ საარჩევნო უბანზე მყოფ ნაციონალების აქტივისტებს აჩვენონ.

ამ დავალებასთან დაკავშირებით for.ge–ს საჯარო სამსახურში დასაქმებული რამდენიმე პირი ესაუბრა და აღმოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, ამ დავალებაზე ყველა თანხმობას ამბობს, რადგან მეტი გზა არ აქვთ, არჩევნებზე მათი უმეტესობა ხუთიანის შემოხაზვას არ აპირებს. როგორც ირკვევა, საჯარო მოსამსახურეებს პრევენციული ღონისძიებებიც აქვთ დაგეგმილი. მაგალითად, როგორც ჩვენთან საუბაში ერთ–ერთმა პედაგოგმა აღნიშნა, პედაგოგების გარკვეულ ნაწილმა გადაწყვიტა, არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე პატარა შავი ძაფი წაიღონ, ეს ძაფი ბიულეტენზე ხუთიანს შემოავლონ, გადაუღონ ფოტო, ხოლო შემდეგ კი საწერი კალმით უკვე სხვა პოლიტიკური ძალა შემოხაზონ. ამდენად, მათ „ნაციონალებისთვის“ წარსადგენი მტკიცებულებაც ექნებათ და თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობაც. ძალოვანი უწყების ერთ–ერთმ წარმომადგენელმა კი for.ge–სთან საუბარში სხვანაირი იდეა გააჟღერა. კერძოდ, მისი თქმით, შსს–ს და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომელთა ნაწილს გადაწყვეტილი აქვს, საარჩევნო ბიულეტენზე ხუთიანიც შემოხაზონ, ფოტოც გადაუღონ, ხოლო შემდეგ უკვე მათთვის სასურველ პოლიტიკურ ძალას მისცენ ხმა. ამდენად, მოსაზრება, რომ ქართველების გამჭრიახობას და ფანტაზიას საზღვარი არ აქვს, კიდევ ერთხელ დასტურდება

მეორეს მხრივ, როგორც ჩანს, ასეთი ფაქტები მმართველი გუნდისთვისაც არის ცნობილი და ახლა ისინი უკვე ამ მეთოდების წინააღმდეგ კონტრზომების მიღებას ცდილობენ. კერძოდ, როგორც for.ge–სთვის გახდა ცნობილი, „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორებს ზოგიერთ რაიონში ე.წ. „ჟუჩოკებს“ ურიგებენ, რათა მათ თავიანთ რიგებში „მოღალატეები“ გამოააშკარავონ. ამის შესახებ ერთ–ერთმა პიროვნებამ გვიამბო, რომლის დაც „ნაცმოძრაობის“ კოორდინატორია.

„ჩემს დას პატარა მოწყობილობა მისცეს და უთხრეს, სულ თან ატარეო. როდესაც იგი დაინტერესდა, რა იყო ეს მოწყობილობა და რისთვის იყო საჭირო, განუმარტეს – „ჩვენს რიგებში ჩუმად მეოცნებეები, ანუ „მოღალატეები“ უნდა გამოვააშკარავოთო“. ამიტომ ჩემი და ვალდებულია, რომ ვისთანაც არ უნდა მივიდეს შეხვედრაზე, თუნდაც თავად „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორებთან, ეს მოწყობილობა აუცილებლად თან უნდა ჰქონდეს“, – ამბობს ჩვენი რესპონდენტი, რომელმაც გასაგები მიზეზების გამო ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა.

მისივე თქმით, სინამდვილეში მისი დაც არ არის „ნაციონალურ მოძრაობის“ დიდი მოტრფიალე, მაგრამ მატერიალურად მძიმე მდგომარეობაშია და ვინაიდან „ნაციონალები“ საკუთარ კოორდინატორებს კარგად უხდიან, ამიტომ იძულებული იყო ამ სამუშაოს დასთანხმებოდა.

ჩვენი რესპონდენტის ნაამბობიდან ცხადი ხდება, რომ ნაციონალები მაინცდამაინც უკვე საკუთარ კოორდინატორებსაც კი ვერ ენდობიან. აღსანიშნავია, რომ ასეთი სიტუაცია უფრო ისეთ რაიონებშია, სადაც „ქართული ოცნება“ დიდი პოპულარულობით სარგებლობს. ჩვენივე რესპონდენტის თქმით, სწორედ იმის გამო გახდა ასეთი რადიკალური ზომების მიღება საჭირო, რომ ნაციონალების კოორდინატორებს შორის რამდენიმე „მეოცნებე“ აღმოჩნდა. მმართველ გუნდს კი ამ არჩევნებში, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ერთგვარი წყალგამყოფია, სანდო კადრები სჭირდება. ამიტომ კუდიანებზე ნადირობა გადამწყვეტ ფაზაში შედის. მეორეს მხრივ, საკუთარ კოორდინატორებს ხელისუფლება ბევრ მატერიალურ სიკეთეს ჰპირდება და უკვე ამ ეტაპზეც სოციალური პირობების გაუმჯობესებაში სერიოზულად ეხმარება. ამდენად, თაფლაკვერის და მათრახის პოლიტიკა აქტუალობას არ კარგავს, წიწილებს კი შემოდგომაზე დაითვლიან.