NDI-ის კვლევები, რომლებიც გაცილებით მეტ შეკითხვებს აჩენს

NDI-ის კვლევები, რომლებიც გაცილებით მეტ შეკითხვებს აჩენს

NDI-ის საოცრებათა სამყაროში მოგზაურობა კვლავაც გრძელდება. თუ NDI-ის კვლევას ვირწმუნებთ, საქართველოს მსგავსად, ალბათ, ამდენ არაგულწრფელ და კითხვებზე პასუხისგან თავშეკავებულ რესპონდენტს დედამიწის ზურგზე არცერთი სოციოლოგიური კვლევა არ აფიქსირებს. „არაგულწრფელ“ და „შეშინებულ“ რესპონდენტთა შედეგიც სახეზეა:

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას? ამ კითხვაზე დადებითად განწყობილ პირთა მონაცემები ასე გადანაწილდა: 37% - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, 22 % - არ ვიცი, 21 %-უარი პასუხზე, 12 % - ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნება,“ , 3% - არც ერთი პარტია, 3% - ქდმ, ხოლო 2%-მა სხვა ოპოზიციური პარტიები დაასახელა.

ამასთან, წინა კვლევასთან შედარებით "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგმა 1%-ით მოიმატა, "ქართული ოცნების" რეიტინგმა კი 6%-ით დაიკლო.

მოგწონთ თუ არ მოგწონთ?.. - მოწონების კატეგორიაში კვლავაც პირველ ადგილზეა საქართველოს პატრიარქი (91%). თუმცა ხელისუფლების წარმომადგენელთა მოწონების მაჩვენებლებიც გაიზარდა, ოპოზიციისა კი შემცირდა. კითხვაზე, მოგწონთ თუ არა ესა თუ ის პიროვნება, 62% ვანო მერაბიშვილს ერგო (წინა კვლევასთან შედარებით +7%), მიხეილ სააკაშვილს - 61% (+3%), გიგი უგულავას – 58%, დავით ბაქრაძეს - 55%, გიორგი თარგამაძეს – 49%, ინგა გრიგოლიას – 41%, ბიძინა ივანიშვილს – 39% (-7%).
რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? გამოკითხულთა 38% "ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს ( წინა კვლევასთან შედარებით +4%), 14% - კოალიცია "ქართულ ოცნებას" (-6%). პასუხზე უარს აცხადებს - 18%, არ იცის - 16%-მა, 9% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია დგას, 4% კი ასეთად "ქრისტიან-დემოკრატებს" ასახელებს, 1% - სხვა ოპოზიციას.

ვის ისურვებდით საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად? რესპონდენტთა 28 %-მა პასუხი არ იცის, 27% პრეზიდენტად "ნაციონალების" კანდიდატს ისურვებდა, 12% - ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, 21% პასუხზე უარს აცხადებს, 4% კი ჯიუტად კვლავაც სააკაშვილს ისურვებს. მიუხედავად იმისა, რომ რესპონდენტებს განემარტათ, რომ მიხეილ სააკაშვილს მესამე ვადით წილისყრის უფლება არ აქვს, მათ მაინც სააკაშვილი ამჯობინეს. გამოკითხულთა 3% საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად გიორგი თარგამაძეს ისურვებდა, 2% - არც ერთ კანდიდატს.

ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას – 77% პასუხობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა, ხოლო 23% – არა. პროცენტული მაჩვენებლები ანალოგიურად გადანაწილდა საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებითაც.

NDI-ის კვლევაში ცალკეულ პოლიტიკოსთა მოწონების მაჩვენებელიც დაფიქსირდა. ამჯერად ყველა მათგანზე არ შევჩერდებით, თუმცა რესპონდენტთა 36 %-ს მოსწონს ვერა ქობალია (და აქ არ კონკრეტდება, რა გაგებით მოსწონს), ამასთან, 31%-ს ქობალია არ მოსწონს, ხოლო 23%-მა პასუხი არ იცის, 10% კი პასუხზე უარს აცხადებს; შემდეგ მოდის მაგდა ანიკაშვილი, იგი მოსწონს რესპონდენტთა 34%-ს, ირაკლი ალასანია მოსწონს რესპონდენტთა 31%-ს, ბაჩო ახალაია - 24 %-ს, ეკა ბესელია - 22 %-ს, თინა ხიდაშელი - 22 %-ს, ზვიად ძიძიგური - 20%-ს, შალვა ნათელაშვილი -19 %-ს, მანანა კობახიძე -12 %-ს, ნინო ბურჯანაძის მოწონების მაჩვენებელმა იკლო და 12 %-იდან 7%-მდე ჩამოვიდა.

მოგწონთ თუ არა? მხოლოდ თბილისში გამოკითხულთაგან გიგი უგულავა მოსწონს 52%-ს (ივნისის მაჩვენებელი 54%), ინგა გრიგოლია - 34 %-ს (ივნ.- 38%), ვიქტორ დოლიძე - 14 %-ს (ივნ. 12 %), ზურაბ აბაშიძე - 13% (ივნ. 15%)

როგორ შეაფასებდით ქვემოთ ჩამოთვლილთა საქმიანობას? პატრიარქის საქმიანობას დადებითად აფასებს 87%; ვანო მერაბიშვილის საქმიანობას - 54%, გიგი უგულავასას - 39%, მიხეილ სააკაშვილისას - 41%, ბიძინა ივანიშვილისას - 27%.

რაც შეეხება ინსტიტუციებს, საქართველოს ჯარი (57%) და პოლიცია (58%) ყველაზე დადებითად შეფასდა.

რომელი პოლიტიკური პარტია ან გაერთიანება შეძლებს შემდეგი საკითხების მოგვარებას? ამ გრაფაში „ნაცმოძრაობა“ ლიდერობს; მხოლოდ სოფლის მეურნეობასთან მიმართებითაა ნაცმოძრაობისა (26%) და „ქართული ოცნების“ (23%) შანსები თითქმის თანაბარი. ასევეა, ტერიტორიული მთლიანობის შემთხვევაშიც (26 % - 21%). ხოლო რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებით „ქართული ოცნება“ ლიდერობს (25%, განსხვავებით ნაციონალების 22%-გან).

არსებული ხელისუფლება ახოციელებს თქვენთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს? ნაცმოძრაობის მხარდამჭერთა 84% ამას ეთანხმება, ხოლო „ქართული ოცნების“ მომხრეთა 20% ნაწილობრივ ეთანხმება.

ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ეთანხმება ნაცმოძრაობის 87%, „ქართული ოცნების“ 32%, 57%-მა არ იცის, ხოლო 56% უარს აცხადებს პასუხზე.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის ოთხწლიან გეგმას, ამ გეგმის შესახებ იცის ნაცმოძრაობის მხარდამჭერთა 62%-მა და „ქართული ოცნების“ მომხრეთა 45%-მა.

საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია? ნაცმოძრაობის მომხრეთა 69 % დადებითად პასუხობს, 32 %-მა არ იცის, უარს აცხადებს პასუხზე 37%, ხოლო ამ შეკითხვას ეთანხმება „ოცნების“ მომხრეთა 10 %, განსხვავებით 84 %-ისგან, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატია არაა.

არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ივანიშვილის მოწოდებას ქუჩის საპროტესტო აქციებისკენ მხარს დაუჭერს „ოცნების“ მომხრეთა 67%; ხოლო 17% არ დაუჭერს მხარს, 14%-მა არ იცის.

სად საუბრობთ პოლიტიკაზე? უმეტესობა კვლავაც სახლში საუბრობს ამ თემაზე, თუმცა „ოცნების“ მხარდამჭერები უბანში, ბირჟაზე, სუფრაზე და სამსახურშიც არ მალავენ განწყობას.

გლობალ TV-სთან დაკავშირებულ საქმეზე ბიძინა ივანიშვილის 74 მილიონი ლარით დაჯარიმებას არ ეთანხმება „ქართული ოცნების“ მომხრეთა 86%, ნაცმოძრაობის მომხრეთა 18%; ხოლო „მაესტროს“ ანტენების დაყადაღებას არ ეთანხმება „ოცნების“ 88 % და ნაცმოძრაობის მომხრეთა 21%.

შეგახსენებთ, დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI-მ) პოლიტიკური პარტიების რეიტინგები და მომავალი საპარლამენტო არჩევნების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების შესახებ კვლევა წარადგინა.

NDI-ის მიერ 2012 წლის 31 ივლისიდან 12 აგვისტომდე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, 2038 ინტერვიუერისთვის კვლავაც პრიორიტეტულია სამუშაო ადგილები, ტერიტორიული მთლიანობა, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება. თუმცა, ამის მიუხედავად, გაუგებარია, მათი „მიზიდულობა“ ნაცმოძრაობისადმი.

აღსანიშნავია, რომ ამ კვლევაში შესამჩნევად დიდი იყო იმ რესპონდენტთა რიცხვი, რომლებმაც კითხვებზე პასუხად გასცეს „არ ვიცი“ და „უარი პასუხზე“. ერთადერთი საკითხი, რომელსაც ყველა ძალა თანაბრად ემხრობა, ქალი კანდიდატების საპარლამენტო არჩევნებში მხარდაჭერაა. ამასთან, რესპონდენტთა ხედვის უკეთ გასაცნობად NDI-იმ გამოაქვეყნა პარტიული კროსტაბულაცია, რაც აჩვენებს ურთიერთდამოკიდებულებას ორ შეკითხვას შორის: მაგალითად, შეკითხვა „ვის მისცემდით ხმას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში“ შედარებულია კითხვასთან „რა მიმართულებით ვითარდება საქართველო.“

For. Ge NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორს ლუის ნავაროს ესაუბრა.

იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობის 46 %-მა ან არ იცის, ან არ ამბობს, თუ ვის უჭერს მხარს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, ეს ციფრები რას მიანიშნებს?

- რესპონდენტები, რომლებიც აცხადებენ - „არ ვიცი“ ან „უარი პასუხზე“ ნაცმოძრაობისა და „ქართული ოცნების“ პოლარიზებულ ამომრჩევლებს შორის არიან მოქცეულნი. საკმაოდ მაღალი „არ ვიცი“-ს პასუხის კატეგორია კი მიუთითებს, რომ მოქალაქეები ამა თუ იმ პირის საქმიანობას არ იცნობენ ან მათ შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. პირველი არის ის, რომ მაქსიმალურად უნდა მოხდეს ასეთი ადამიანების ინფორმირება და გეგმების გაცნობა პოლიტიკოსების მხრიდან, რადგან ნაცმოძრაობის გეგმა არ იცის მოსახლეობის 53%-მა, ხოლო სამმა მეოთხედმა არ იცის ბიძინა ივანიშვილის გეგმის შესახებ. ამ შემთხვევაში, ყველაზე წაგებული რჩება მოსახლეობა. ამიტომ მომდევნო სამი კვირის განმავლობაში პოლიტიკოსები მთლიანად უნდა გადაერთონ მოსახლეობის ინფორმირებულობაზე.

სენატორმა ჯონ მაკკეინმა აღნიშნა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით, აშშ დაეყრდნობა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების NDI-ის, IRI-ის შეფასებებს. ამის გათვალისწინებით, ხომ არ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება თქვენს კვლევებს არჩევნებისთვის სათავისოდ გამოიყენებს?

- პირველ რიგში, ინფორმაცია გამოსაყენებელია ორივე მხარისთვის და ორივე მხარეს ძალიან კარგად შეუძლია თავისი არგუმენტების გამყარება ჩვენს კვლევასთან მიმართებით. შეგახსენებთ, გარდა ხელისუფლებისა, კიდევ სხვა საკითხებიც წამოიწია ჩვენს კვლევაში. დაახლოებით ორი ერთთანაა შეფარდება იმ მოსახლეობის, ვინც იცის „გლობალ TV“-ისა და მაესტროს მიმართ მომხდარი საქმეების შესახებ, მაგრამ ისინი ცალსახად ეწინააღმდეგებიან „გლობალ TV“-ისა და მაესტროსთან მიმართებით ქმედებებს. მოსახლეობა უკმაყოფილოა და თვლის, რომ 2008 წელთან მიმართებით, ფასების ზრდა გაუარესდა, გაუარესდა კომუნალური მომსახურება, ტრანსპორტის ღირებულება. ასევე, გაუარესდა რუსეთთან ურთიერთობა. ამიტომ საკმაოდ არის საკითხები, რომლებიც ორივე მხარეს შეუძლია, გამოიყენოს; მაგრამ მთავარია ის, რომ პოლიტიკოსებმა დრო დახარჯონ არა იმაზე, ვის უფრო კარგად შეუძლია ჩვენი კვლევის გამოყენება, არამედ ის საკითხები ამოიღონ, რაც მოსახლებისთვისაა მნიშვნელოვანი. არ ვთვლი, რომ მხოლოდ ორი ძალაა პოლიტიკურ პლატფორმაზე.

იმის გამო, რომ პასუხის გაცემაზე თავშეკავებულთა ასეთი დიდი რიცხვი გამოიკვეთა, რომელთა ერთადერთი პასუხია „არ ვიცი“ ან „უარი პასუხზე“, ეს ხომ არ არის უკვე განწყობის დაფიქსირება, რადგან ალბანეთში მსგავსი გამოკითხვის დროს 90 %-მა პასუხისგან თავი შეიკავა, მაგრამ სინამდვილეში, ხმა მისცა არა ხელისუფლებას, არამედ -ოპოზიციას.

- ამის თქმა არ შეიძლება, რადგან, თუ პრეზენტაციას ყურადღებით მიადევნეთ თვალი, შეამჩნევდით, რომ „არ ვიცი“-ს და „უარი პასუხზე“-ს კატეგორიები არიან სადღაც ნაცმოძრაობასა და „ქართულ ოცნებას“ შორის. ასე რომ, ამით არ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აუცილებლად ოპოზიციის მხარდამჭერები არიან ეს ადამიანები. რაც შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ, რომ 2010 წლის არჩევნების შედეგებს თუ გადავხედავთ, მაშინ, ეროვნული მასშტაბით, ხმები გადანაწილდა სხვადასხვა პარტიებზე; თბილისის მასშტაბით კი, ეს ხმები წავიდა ოპოზიციისკენ. ამის თქმა დაზუსტებით შეგვიძლია.

„ქართულ ოცნებას“ მომხრეებს 12 % როგორ დაუფიქსირდათ, მაშინ, როდესაც დედაქალაქსა და რეგიონებში მოსახლეობა ასეთი აჟიოტაჟით ხვდება ბიძინა ივანიშვილს?!

- რაც შეეხება პროცენტებსა და ჩატარებულ კამპანიას, შესაძლოა, კამპანია ტარდება, თუმცა უფრო მეტი დრო იხარჯება იმაზე სასაუბროდ, რამდენად კარგია ბიძინა ივანიშვილი ან მის გუნდში შემავალი ადამიანები, ან რამდენად ცუდია მიხეილ სააკაშვილი. ამიტომ უმჯობესია, თუ ისაუბრებენ, როგორია მათი ხედვა სამუშაო ადგილებთან ან სხვა საკითხებთან მიმართებით, რაც მოსახლერობას აინტერესებს და აწუხებს. მე მგონი, ეს შეცვლიდა მათდამი დამოკიდებულებას.

 

თქვენს კვლევაში პატრიარქის მიმართ დადებითი განწყობა გამომჟღავნდა, მაგრამ ინსტიტუციების მიმართ ნდობის თვალსაზრისით, საქართველოს ჯარი და პოლიცია დასახელდა, თუმცა ამ გრაფაში არაფერი თქმულა ეკლესიის, როგორც ინსტიტუციის, როლის შესახებ.

 - ჩვენ პატრიარქის შესახებ გამოკვლევა გვქონდა, მაგრამ ცალკე ეკლესიის, როგორც ინსტიტუციის შესახებ, ასეთი კვლევა არც წინათ გვქონია.