სოფელ ნაღობილევში წმინდა ბარბარეს ტაძარი გაიხსნა

სოფელ ნაღობილევში წმინდა ბარბარეს ტაძარი გაიხსნა

პირველ წირვას შემოქმედის ეპარქიის მეუფე იოსები აღავლენს. წირვას ადგილობრივი მოსახლეობა და ხელისუფლების წარმომადგენლები, _ ქალაქის მერი ბეგი სიორიძე და მუნიციპალიტეტს გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე ესწრებიან.  

„ჩვენს ეპარქიაში არის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარი, ეს ამ წმინდანის სახელობის მეორე ტაძარია, რაც ძალიან სასიხარულოა. ტაძრის მშენებლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს არის ქრისტიანების შეკრების ადგილი.  ვულოცავ ამ ტაძრის გახსნას სრულიად საქართველოს,  წმინდა ბარბარეს მადლი ფარავდეს ყველა ქრისტიანს. - განაცხადა შემოქმედის ეპარქიის მეუფე იოსებმა.

 მერაბ ჭანუყვაძე: „ეკლესიის მშენებლობა უკვე მეორე წელია მიმდინარეობს. ვფიქრობ, ყველა სოფელს უნდა ჰქონდეს თავისი ტაძარი, თავისი სალოცავი. ამ ეკლესიამ კიდევ უფრო დაამშვენა აქაურობა. სოფელი მადლიერია იმ ადამიანების, რომლებმაც ტაძრის მშენებლობა ითავეს. "

ბეგი სიორიძე:  „მე, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანს, რიგით ქართველს, მახარებს ყოველი ახალი ტაძრის გახსნა. ვულოცავ შემოქმედის ეპარქიის მრევლს, სოფელ ნაღობილევის მოსახლეობას წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის გახსნას. ყოველი ახალი უფლის სახლი, რომელიც გურიაში შენდება, სულიერად გვაძლიერებს და რწმენას გვმატებს. წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარს ვუსურვებ არასდროს ჩაქრობოდეს სანთელი.“

სოფელ ნაღობილევში წმინდა ბარბარეს ტაძრის მშენებლობის წამოწყების სურვილი, თვდაპირველად, ამავე სოფლის მკვიდრს ქეთევან კეჭაყმაძესა და მის ოჯახს გაუჩნდათ. _

„თავდაპირველად ტაძრის აშენება მე და ჩემმა ოჯახმა გადავწყვიტეთ. 2006 წელს დავიწყეთ მშენებლობა, თუმცა ვერ შევძელით. მცირე სამუშაოები ჩავატარეთ და უსახსრობის გამო შევჩერდით. შემდეგ, ჩემი სურვილი ჩემს მოგვარეს,  ილია კეჭაყმაძეს გავუზიარე, რომელიც დამპირდა, რომ ტაძარის მშენებლობას სისრულეში მოიყვანდა. დაპირებიდან წელიწად ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაოები. ფიზიკური რესურსით სოფელი გვეხმარებოდა“  - გვითხრა ქეთევან კეჭაყმაძემ.