მეუფე აბრაამის „ნაციონალური“ ტურნე ევროპაში (VIDEO)

მეუფე აბრაამის „ნაციონალური“ ტურნე ევროპაში (VIDEO)

სოციალურ ქსელებში 12-წუთიანი ვიდეო გავრცელდა, რომელიც მიმდინარე წლის 2 სექტემბერს მიუნხენშია გადაღებული - დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე აბრაამი (გარმელია) საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ ქადაგებს. მისი ქადაგების სრულ ტექსტს ოდნავ ქვემოთ შემოგთავაზებთ.

გავრცელებული ინფორმაციით, მეუფე აბრაამმა თბილისის ვიცე-მერ მამუკა ახვლედიანთან ერთად ევროპაში ტურნე წამოიწყო. ამ ტურნეს მიზანი ისაა, რომ ემიგრანტები დაარწმუნონ 1 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებზე ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცენ.

სოციალურ ქსელებში ქართველი ემიგრანტები წერენ, რომ მეუფე აბრაამი 9 სექტემბერს მილანში აპირებს ჩასვლას, ხოლო 15-ში ბრიუსელში. იქ მცხოვრები ქართველები „იმუქრებიან“, რომ ქადაგებას ისინიც დაესწრებიან და სააკაშვილის ხელისუფლების სასარგებლოდ ქადაგება ასე უბრალოდ არ ჩაივლის, ისე, როგორც ეს მიუნხენში მოხდა.

მაშ ასე, გთავაზობთ მეუფე აბრაამის ქადაგების სრულ ვერსიას:

„თქვენ ალბათ, მიაქცევდით ყურადღებას მისი უწმინდესობის ბოლოდროინდელ ქადაგებებს და ალბათ, გაქვთ გარკვეული ინფორმაცია სინოდის სხდომის შესახებ, რომელიც ეხმიანება დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას, იმ დაძაბულობას, რომელიც არის არჩევნების წინ.

მისმა უწმინდესობამ სწორედ ჩათვალა ის საშიშროება, რაც შეიძლება მოჰყვეს ეკლესიის ჩართვას პოლიტიკურ პროცესებში და ამიტომ სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ყველა სასულიერო პირს აუკრძალა პარტიულ, პოლიტიკურ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. ამას მოჰყვა ცალკეული სასულიერო პირებისაგან საერთოდ გაუგებარი კომენტარები, რომ ეს ამას არ ეხება და ეს იმას ეხება. ეს ეხება აბსოლუტურად ყველას, დაწყებულს მღვდელმთავრიდან და დამთავრებულ ნებისმიერ საბერო წესის ქვეშ მყოფი ადამიანებს.

ამ პარტიულ ღონისძიებებში ეკლესიის მონაწილეობა ნიშნავს, რომ ის ჩაერთვება აი, იმ დაყოფის და დაპირისპირების პროცესში, რომელიც თითქმის ერთი წელიწადია გრძელდება აი, ამ არჩევნების წინა პერიოდში. ეს გადაწყვეტილება, მე მინდა იცოდეთ, რომ არის სავალდებულო ყველასათვის და არცერთ სასულიერო პირს, არც მე, არც სხვას არ აქვს უფლება, ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღოს. თუმცა ცალკეული პირები ამას მაინც აკეთებენ.

ამ პოლიტიკური ციებ-ცხელების დროს, პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერებიც და ხელმძღვანელებიც, ხშირად, კრიტიკით გამოდიან ეკლესიის მიმართ. ეს დაიწყო სიტყვები უფრო, თითქოს, საქართველოს ეკლესიაში ხდება საშინელებები. საქართველოს ეკლესიაში საშინელებები არ ხდება და ყველაფერი ის, რაც შეიძლება ხდება და არ ჯდება კანონში, ამაზე ეკლესია თავად ყოველთვის აძლევს პასუხს.

ეკლესიაში, ამ შემთხვევაში, იგულისხმება, რა თქმა უნდა, მრევლის მონაწილეობით […] და ნუ, სულიერი მამის და მღვდელმთავრების და სამღვდელოების მონაწილეობა. ეს დამოკიდებულება, როდესაც ხდება ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება, გადასცემს საინფორმაციო საშუალებებით, ალბათ, თქვენც გაიგებდით იმას, რომ ჩვენი ეპარქიის სამღვდელოების მიმართ იყო გამოთქმული პრეტენზია, რომ დიასპორაში არის დაპირისპირება, ის არის დაყოფილი იმისდა მიხედვით, რომელი სასულიერო პირი რომელ პოლიტიკურ ორგანიზაციას უჭერს მხარს.

ჩემთვის არ არის ცნობილი არც ერთი შემთხვევა, რომ ჩვენი ეპარქიის სასულიერო პირებს მსგავსი პოლიტიკური განცხადებები გაეკეთებინათ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის ეკლესიაში ქადაგების თემა, ყველას აქვს თავისებური ხედვა. ის რეალობა, რაც არის საქართველოში არის აბსოლუტურად ყველასათვის დასანახი, ნაწილი თვლის, რომ არის კარგი, ნაწილი თვლის, რომ არის ცუდი.

ბუნებრივია, ადამიანს გაუჩნდება კითხვა და შეუძლია მიმართოს სასულიერო პირს და სასულიერო პირიც, ალბათ, 100%-იან ობიექტურობაზე არავის არა აქვს პრეტენზია და გემოვნების საკითხი არის, შეიძლება უთხარს, მაგრამ ეკლესიის, როგორც აი, ამ გაერთიანების ჩართვა აი, ამ […] პროცესებში დაპირისპირებისა და დაყოფისა, რა თქმა უნდა, არ არის სწორი და ჩვენ ყოველთვის ვართ […] სასულიერო პირებზე, რომ ეს აბსოლუტურად დაუშვებელია.

აქაც, ის რომ ყოველი მსახურების დროს, სასულიერო პირები, პატრიარქის ჩათვლით, იხსენიებენ მთავრობას და მხედრობას, ეს არის […] ტრადიცია. პავლე მოციქულმა, რომაელებთან მიმართების დროს, არა კონსტანტინეს და იუსტინიანეს დროს, არამედ, ეკლესიის დევნის პერიოდში, ჩამოაყალიბა ეკლესიის ვალდებულებანი და მისი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ და ეს არის მეცამეტე თავი, […] როდესაც პავლე მოციქული  ბრძანებს, რომ ყოველი ხელისუფლება არის ღვთისგან.

დღევანდელ საქართველოში, აი, პოლიტიკურად, ახლა, აღგზნებულ ადამიანებს რომ უთხრა, რომ ყოველი ხელისუფლება ღვთისგანაა, იტყვის -  ეს როგორ შეიძლება ღვთისგან იყოს. ესეთი ხელისუფლება, ან ისეთი ხელისუფლება. სინამდვილეში, წმინდა მამები ბრძანებენ, რომ ნებისმიერი ხელისუფლება ღვთისგან არის, იმიტომ რომ ზოგს გონია, რომ ეს ხელისუფლება კარგია, ზოგს გონია, რომ ცუდია. თუ ეს ცუდიაო, მათთვის, ესე იგი, ეს არის სასჯელი ცოდვებისგან. თუ ის კარგია, ეს არის ჯილდო და ქრისტიანმა,  ჯილდოც და სასჯელიც უნდა მოთმინებით და მორჩილებით მიიღის. ეს არ არის მონობა, ეს არი ჩვეულებრივი რამ.

ალბათ, ყველამ იცით, რომ მთელი საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც არის ეკლესიაში, ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ეს არ ფინანსდება კერძო ვინმე პირის მიერ, ხელისუფლებაში მყოფის მიერ. ეს არის იმ გადასახადებით შემოსული თანხა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები იღებენ და აქედან ხდება ამ სისტემის წევრების აღდგენა, რესტავრაცია და სხვა უამრავი რამ და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ეპარქიასაც გვაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება იმისა, რომ ხელისუფლებასთან ერთად, ამ შემთხვევაში დიასპორა  […] 

ბევრი სიკეთის გაკეთება მოხერხდა ამ ხნის განმავლობაში. ეს მათი მოვალეობაცაა და ჩვენი მოვალეობაცაა და თითქოს, პატარა მაგალითი არის იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ხელისუფლებასთან ვითანამშრომლოთ. ეს თანამშრომლობა არ არის შემოფარგლული დროით და მიუხედავად იმისა, რო მე არა მგონია, რომ რაღაც სერიოზული ცვლილებები მოხდეს ოქტომბერში, ნებისმიერ შემთხვევაში, ეკლესია მზად არი იმისთვის, რომ ითანამშრომლებს ნებისმიერ ხელისუფლებასთან, რომელსაც ქართველი ხალხი აირჩევს.

200 წლის განმავლობაში, რუსეთმა თავისი ერთმორწმუნეობა საქართველოს მიმართ როგორ გამოხატა, როგორ აწამა ქუთათელი და გაენათელი და მღვდელმთავრები, რომლებიც ჩვენმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. დღესაც, ჩვენ ყველაზე დიდი განსაცდელი შეიძლება გვქონდეს რუსეთის ჩარევისაგან. აი ბოლო პერიოდში, აი ლოპოტას ხეობასთან, იძახიან, განვითარებული მოვლენების დროს, იქ დაიწყეს სხვადასხვა [სიტუაციის] სპექტაკლია, ეს არ არის რუსეთი, ჩვენ აი, რატომ მოკალი ეს ტერორისტი, როგორ შეიძლებოდა, იქ უნდა დაელაპარაკო ისა, ესა.

სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა, აქვს კანონები და იმის მიხედვით მოქმედებს და ყოველთვის, ყველა ჩვენთაგანი უნდა ფიქრობდეს, რომ არ მიიღოს მონაწილეობა ისეთ ნაბიჯებში, რაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული. დღეს საწყენია, როცა აგვისტოს თვეში, რომელმაც დიდი ტკივილი მოუტანა ქართულ სახელმწიფოს, საპროტესო აქციები ტარდება არა რუსეთის, არამედ საქართველოს საელჩოსთან. ეს ხდება აი, ამ ხალხის დაშორება ერთმანეთისაგან. ამიტომ ეს საშიშროება თქვენ ეხლა ყველამ იცით, მე არ ვიმეორებ არავის ნათქვამს, თუმცა ეს ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს ამის შესახებ, რომ პუტინის პასუხი [...] საქართველოში როდის არის არჩევნები. არჩევნები ჩაივლის იქ ისევე, როგორც იქ ჩადიოდა … ტარდებოდა ყოველთვის, შეიძლება უფრო უკეთესადაც და მისი შედეგი, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს უმრავლეობისთვის აბსოლუტურად ცხადია და არალეალურ […] გვაქვს საქმე.

ყველაზე დიდი საშიშროება არის, რის გამოც, ჩვენი სულიერი მამა გთხოვთ თქვენ ლოცვის გაძლიერებას, ეს რაც შეიძლება მოყვეს აი, ამ არჩევნებს. მე, ამ არჩევნებში, რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ყველა ის ადამიანი, ვისაც აქვს ამის უფლება და თვლის ამას მოვალეობად, რა თქმა უნდა, მივცემ ხმას იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც მივიჩნევ და ვთვლი, რომ ვერ მივცემ ვერასოდეს ხმას იმ ძალას, რომელიც აფხაზეთს საქართველოს პრობლემად არ მიიჩნევს, მიიჩნევს, რო საქართველოში დემოკრატიის პრობლემაა, იმას, ვინც ამბობს რომ საქართველომ დაიწყო რუსეთთან ომი. ალბათ, ამის უფლება მე მაქვს, ისევე როგორც თქვენ თქვენი თვალით დანახულის საფუძველზე იღებთ ამ გადაწყვეტილებას.

ეკლესია ნებისმიერ ვითარებაში არის ვალდებული, რომ შეინარჩუნოს სიმშვიდე  და ყველა თქვენთაგანმა თქვენი ლოცვა შეუერთოს საქართველოს ლოცვას და ეს არჩევნები ჩატარდეს ისე, რომ საქართველოს სახელმწიფოს არსებობის და განვითარების საშიშროება არ შეიქმნას და საქართველო არ დაბრუნდეს 90-იან წლებში, როდესაც ისევ ის ადამიანები, რომლებიც გამსახურდიას ხელისუფლებას ავტომატებით დასდევდნენ, დღეს… ამის… ხვალინდელ დღესთან დაკავშირებულ ოცნებებს გვაცნობენ, ის ადამიანები, რომელებიც ავტომატებით დასდევდნენ  ეროვნულ ხელისუფლებას, რომელმაც დამოუკიდებლობა მოუტანა ჩვენს ქვეყანას.

არ შეიძლება, ადამიანმა მაგათ ქვეყნის სადავეები გადასცეს. მე ვფიქრობ, ეს ჩემი აზრია, ეს არც იძულებაა, არც ვალდებულება, როგორც ერთმა სასულიერო პირმა თქვა, მამა როგორც იტყვის, შვილმა ისე უნდა გააკეთოს. ალბათ თავის ხორციელ შვილზე უნდა ეფიქრა იმ მომენტში და  არა სულიერ შვილებზე, ეს თავისუფლება მაგათ აქვთ. ძაან ძნელია დაეთანხმო იმას, რო მაჟორიტარად დასახელდება ადამიანი, რომელიც ჯავახეთის საქართველოდან გამოყოფას აიძულებს. და კიდევ უამრავი რამ არის, რის შესახებ თქვენც იცით და ალბათ ამ პერიოდში ეს უფრო ნათელი გახდება“.