ძველ ფუძეზე, ახლადაშენებულ სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ზარ-ზეიმით გახსნის თარიღმა გადაიწია - 5 სექტემბრის ნაცვლად მიხეილ სააკაშვილი წითელ ლენტს 9 სექტემბერს გაჭრის და ამ „ღირშესანიშნავ მოვლენას“ ცენტრალური ტელეარხები ვრცელ სიუჟეტებს მიუძღვნიან. მოუმთავრებელ შენობაში, გამოუმშრალ კელდებში საგანძურს აღარ გადაიტანენ და იმ მომენტს დაელოდებიან, როცა მთელი შენობა მწყობრში იქნება და კედლებიც გამოშრება.
მუზეუმის გახსნის თარიღის გადაწევისა და საგანძურთან დაკავშირებული ამ სიახლის ირგვლივ for.ge -ს მესტიისა და ზემო სვანეთის მთავარეპისკოპოსმა მეუფე ილარიონმა (ქიტიაშვილი) განუცხადა.
მეუფე ილარიონს სვანეთის მუზეუმის ხელმძღვანელი რუსუდან ქოჩქიანი 2 სექტემბერს შეხვდა და ესაუბრა. მთავარეპისკოპოსმა სიახლეები სწორედ რუსუდან ქოჩქიანისგან შეიტყო:
„რუსუდან ქოჩქიანმა მითხრა, რომ 5 სექტემბერს მუზეუმი აღარ გაიხსნება და ამ თარიღმა 9 სექტემბრისთვის გადაიწია. მან მითხრა - ახალი მუზეუმის კედლების გამოშრობამდე სიწმიდეების გადატანისგან თავს ვიკავებთ და თქვენ რა აზრის ხართო. ზუსტად იგივეს ვფიქრობდი და მოხარული ვარ, რომ ამ მხრივ პოზიციების თანხვედრა მოხდა. ასე რომ, სიწმიდეებს მუზეუმის ახალ შენობაში არ გადაიტანენ.
ახალი შენობის დასათვალიერებლად მიმიპატიჟეს. ვენტილაცია, დიზაინი, გათბობა და განათება თანედროვე სტანდარტების შესაბამისადაა გაკეთებული. შენობის დაახლოებით 85% დასრულებულია. როგორც განმიმარტეს, ახალ შენობაში გადაიტანენ და გამოფენენ: სურათებს, არქეოლოგიურ ექსპონატებს, ფოტომასალას. სიწმიდეებს მუზეუმის ახალ შენობაში კედლების გამოშრობამდე არ გადაიტანენ. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი პირობა მომცეს“.
ძალიან კარგია, რომ სიწმიდეების გამოუმშრალ შენობაში გადატანა გადაიფიქრეს და აქამდე ჩადენილ დანაშაულს კიდევ ერთი არ დაემატა. შეგახსენებთ რომ 2011 წლის 28 ივნისიდან ამავე წლის 2 დეკემბრამდე სიწმიდეები და მუზეუმის სხვა ექსპონატები სახელდახელოდ შეკრულ კონტეინერებში იყო მოთავსებული, რომლის გარშემო სამშენებლო ნაგავი ეყარა. ე.წ. კონტეინერების ერთ მხარეს მუზეუმს პნევმატური ჩაქუჩებით ანგრევდნენ, ხოლო მეორე მხრიდან უშგულთან დამაკავშირებელი გზა გაჰყავდათ. ამ პროცესს თან ახლა ხმაური, ვიბრაცია, მტვერი. ზამთარში ელექტროენერგია ითიშებოდა და ამ დროს ე.წ. კონტეინერებს ალტერნატიული დენის წყარო არ ჰქონდა.
ხელისუფლებამ ცოცხალი თავით არ გაიზიარა ეკლესიის წინადადება, მუზეუმის ახალი შენობის დასრულებამდე სიწმიდეების და სხვა ექსპონატების წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში გადატანის თაობაზე, რომელსაც ეკლესია მუზეუმს უთმობდა საცავად, ახალი შენობის აშენებამდე.
2012 წლის 2 დეკემბერს სიწმიდეები და სხვა ექსპონატები მესტიის მუსიკალური სკოლის დამეწყრილ, ნაპრალებიან შენობაში გადაიტანეს და ამჟამადაც იქ ინახება. ამ შენობის პირველ სართულს მეწყერი აქვს მიმდგარი.
შეგახსენებთ, რომ for.ge-ს სასარჩელო მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ ეროვნულ მუზეუმს დაავალა მოგვცეს საჯარო ინფორმაცია და დოკუმენტები: სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული საგანძურისა და სხვა ექსპონატების კონტეინერებში მოთავსების, მათი მესტიის მუსიკალურ სკოლაში გადატანის, კონტეინერების შემადგენლობის, ექსპონატების მდგომარეობის, მათი ტრანსპორტირების, დაცვის რეჟიმის და სხვა საკითხების შესახებ.
ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის დავით ლორთქიფანიძის სახელზე 22 აგვისტოს ასეთი შინაარსის განცხადება ჩავაბარეთ - „გთხოვთ, შეასრულოთ 2012 წლის 29 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება და მომცეთ ის საჯარო ინფორმაცია და დოკუმენტები, რომელიც გასული წლის 30 ნომბერს და 6 დეკემბერს განცხადებებით გამოვითხოვე ეროვნული მუზეუმიდან“.
ათი სამუშაო დღე 6 სექტემბერს გადის. ეროვნულ მუზეუმს ექვამდე ვაცლით. თუ სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებას თავს აარიდებენ, ადვოკატ მამუკა ნოზაძესთან საჯარო ინფორმაციის მოსაპოვებლად ბრძოლას სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით გავაგრძელებთ და სიახლეების შესახებ დაუყოვნებლივ გაცნობებთ.