დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ოზურგეთის "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა, ბეგი სიორიძემ მედიის წარმომადგენლებისთვის ბრიფინგი გამართა, სადაც პირველი ტურის შედეგები შეაჯამა და თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ბრიფინგი ბეგი სიორიძემ დღევანდელი დღის ისტორიული მნიშვნელობის შეფასებით გახსნა:
"დღევანდელი დღე მთელი საქართველოსათვის და თითოეული ჩვენგანისთვის ისტორიული და მნიშვნელოვანია, რადგან ხელს ვაწერთ ევროასოცირების ხელშეკრულებას და ვბრუნდებით ევროპაში.
დიდ წარმატებასთან ერთად, ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა. უფრო განვითარებული, წარმატებული და ძლიერი გავხადოთ ჩვენი ქვეყანა. "
ამის შემდეგ მან მეორე პირველი შედეგები შეაჯამა და განაცხადა:
"უპირველეს ყოვლისა, მადლობა ყველა ოზურგეთელს, ვინც თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა და არჩევნებზე მივიდა. არა აქვს მნიშვნელობა, იმ დღეს რა არჩევანი გააკეთა. მადლობა მათ, ვინც ნდობა გამომიცხადა და ასევე იმათ, ვინც არჩევანი სხვა კანდიდატებზე გააკეთა. სწორედ მათ დამაფიქრეს, რომ რაღაც ჩემი წინასაარჩევნო კამპანიისას გამომეპარა, უფრო ყურადღებით უნდა მომესმინა ჩემი თანამოქალაქეებისთვის უფრო კარგად უნდა ამეხსნა, რატომ უნდა მანდონ ჩვენი ქალაქის მართვა.
მოკლედ მოგახსენებთ, არჩევნების მეორე ტური ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის ოზურგეთში დაიწყო!"
თავის სამომავლო გეგმებზე საუბრისას ბეგი სიორიძემ განაცხადა:
ოზურგეთელებთან, ჩემს პოლიტიკურ გუნდთან -"ქართულ ოცნებასთან" ერთად, მინდა ამ ქალაქს დავუბრუნო ძველი იერსახე, მინდა ჩემსავათ დაუბრუნდნენ ამ ქალაქს საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაფანტული ოზურგეთელები. უფრო კონკრეტულად, თქვენი და ჩემი შვილებისთვის მინდა შევქმნათ ისეთი გარემო, რომ ოზურგეთი მათ სახლადაც იქცეს და მიეცეთ ხარისხიანი განათლების , ჯანდაცვის, დასაქმების, გართობისა და ბიზნესის კეთების საშუალება. მჯერა, თქვენი დახმარებით ეს შესაძლებელია. თქვენი ნდობის მანდატი, ძლიერი პოლიტიკური გუნდი, ჩემი გამოცდილება ესაა ის ტანდემი რომელიც სასიკეთო და სწორი საქმეების კეთების საშუალებას მოგვცემს!
ერთ სიტყვით, ყველამ ერთად, ოზურგეთი ჩვენი შვილების ქალაქად უნდა ვაქციოთ!"