ოზურგეთში, მეორე ტურისთვის ორი პარტია ემზადება, კოალიცია "ქართული ოცნება" და "პატრიოტთა ალიანსი. "ქართული ოცნების" კანდიდატი ბეგი სიორიძეა, "პატრიოტთა ალიანსის" კი შოთა გოგიბერიძე.
შოთა გოგიბერიძემ უკვე გამართა შემაჯამებელი ბრიფინგი მედიისთვის, სადაც არჩევნების პირველი ტურის შედეგები შეაჯამა და განაცხადა, რომ სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მას დაუჭერენ მხარს.
შოთა გოგიბერიძის მხრიდან გაჟღერდა დასაქმების თემაც. მისი განცხადებით, მერობის ყოფილი კანდიდატები შესაძლოა ვიხილოთ სხვადასხვა თანამდებობაზე მის აპარატში.
"რა თქმა უნდა ამაზე არის ნაფიქრი და იყო საუბარი, ჩემს გუნდში იქნებიან ისინი, ვინც მხარს მიჭერენ. თუმცა ვინ რა კონკრეტულ პოსტს დაიკავებს, ამაზე ჯერ ვერ გავაჟღერებთ ინფორმაციას".
დასაქმების თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს ბეგლარ სიორიძეს:
"სხვების განცხადებებზე მე კომენტარს ნამდვილად ვერ გავაკეთებ, თუმცა ერთი რამ შემიძლია გითხრათ, მე არავის დავპირდები და ვერ დავპირდები თანამდებობებს ორი მიზეზის გამო. პირველ გახლავთ ის, რომ ნამდვილად არ მინდა მსგავსი თემით სპეკულაცია დავიწყო და ამომრჩეველი მოვატყუო, სულერთია, ჩემი იქნება თუ სხვისი. მეორე უმნიშვნელოვანესი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ არსებობს "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონი, სადაც ნათლადაა ნათქვამი, რომ კადრები უნდა დაინიშნოს კონკურსის წესით. მე ძალიან მკაცრად დავიცავ ამ პირობას, რადგან ჩემდამი პირადი სიმპათია-ანტიპათიის გამო კანონის დარღვევას არ ვაპირებ. ესეც რომ არ იყოს, პიროვნულადაც მიმაჩნია, რომ ნებისმიერ თანამდებობაზე უნდა დაინიშნოს პროფესიონალი, რომელიც ოზურგეთს არაერთი ჰყავს. თანამშრომლობას კი ვაპირებ კოალიციურ რეჟიმში, ნებისმიერი პარტიის წარმომადგენელთან, ასევე განურჩევლად იმისა, მე მომცემს ხმას თუ სხვას. ეს არის უმნიშვნელოვანესი თვისება მენეჯერისა, რომელზედაც დამოკიდებულია მერიის და საერთოდ ნებისმიერი უწყების ეფექტური მუშაობა.
თუ ჩემი ოზურგეთელები გამომიცხადებენ ნდობას დ მე გავხდები ქალაქის მერი, არცერთი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს, პროტექციით არ დაინიშნება."