რუსეთის ფედერაციის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის ფიტოსანიტარი სპეციალისტები საქართველოს ეწვივნენ. ოთხკაციანი დელეგაცია ქართველი სპეციალისტების თანხლებით კახეთში ჩავა, სადაც გურჯაანის მუნიციპალიტეტში ხილ-ბოსტნეულის საექსპორტო პარტიების ფიტოსანიტარიულ კონტროლს ჩაატარებს. მანამდე კი ქართველმა კოლეგებმა რუს სპეციალისტებს სოფლის მეურნეობის ლაბორატორია დაათვალიერებინეს, სადაც ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კვლევის მეთოდები და პრინციპები გააცნეს. რუსეთის დელეგაცია საქართველოში 1 კვირა დარჩება და კახეთის გარდა ქვემო ქართლისა და გურიის რეგიონში შეამოწმებს არსებულ ვითარებას. აღნიშნული პროცედურა განხორციელდება სატრანსპორტო საშუალებებში პროდუქციის ჩატვირთვამდე.
2014 წლის 26 მაისიდან რუსეთში საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალს მაღალი ფიტოსანიტარიული რისკის მქონე მცენარეული წარმოშობის ქართული პროდუქტი - ახალი კარტოფილი (გარეცხილი, სამომხმარებლო შეფუთვით), პომიდორი, კიტრი, კომბოსტო, ბადრიჯანი, ბალი, ალუბალი, გარგარი, ატამი, ქლიავი, ხურმა, კივი, კენკროვნები დაემატა. აღნიშნულმა პროდუქციამ საექსპორტო პარტიების ფორმირებამდე უნდა გაიაროს ფიტოსანიტარიული კონტროლი, რაც დაადასტურებს, რომ ქართული პროდუქტი არ შეიცავს ფიტოსანიტარიულ რისკებს.