საქართველოსა და ისრაელს  შორის თანამშრომლობა  სოფლის მეურნეობის დარგში კიდევ უფრო გაღრმავდება

საქართველოსა და ისრაელს შორის თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის დარგში კიდევ უფრო გაღრმავდება

სოფლის მეურნეობის მინისტრის, შალვა ფიფიას ოფიციალური მოწვევით საქართველოში ისრაელის სამთავრობო დელეგაცია იმყოფება, რომელსაც ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითრების მინისტრი იაირ შამირი ხელმძღვანელობს.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს და ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრებმა საქართველოს მთავრობას და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის სოფლის მეურნეობის დარგში შეთანხმებას  მოაწერეს ხელი.  შეთანხმების თანახმად თანამშრომლობა გაღრმავდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების, სურსათის უვნებლობის, მეცხოველეობა-მეფრინველეობის, მეღვინეობა-მევენახეობის, ვეტერინარიისა და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით. 

,,საქართველოსა და ისრაელს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს. აღნიშნული შეთანხმება სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს. განხორციელდება გაცვლითი პროგრამები, სემინარები და სტაჟირებები დარგის  სპეციალისტებისთვის. მოხდება ისრაელის უდიდესი გამოცდილების გაზიარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის,  ბაზარზე ორიენტირებული ფერმებისა და წარმოების განვითარების, სასოფლო-სამეურნეო ლოგისტიკური ცენტრების მოწყობის მიმართულებით.  დაიწყება თანამშრომლობა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს შორის და შესაძლოა, ერთობლივი სამეცნიერო პროექტებიც განხორციელდეს“, - განაცხადა შალვა ფიფიამ.

აღნიშნულ საკითხებზე ისაუბრეს შეთანხმების ხელმოწერამდე სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ  შეხვედრაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ და ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრმა იაირ შამირიმ. შეხვედრას ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე საგარეო ვაჭრობის მიმართულებით, ისაკ ბენ დავიდი, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ილია კვიტაიშვილი და დავით გალეგაშვილი ესწრებოდნენ.

დღესვე 14:00 სთ-ზე სასტუმროში ,,თბილისი მერიოტი“, შალვა ფიფია და იაირ შამირი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმს გახსნიან.   

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ  ისრაელის ოფიციალური დელეგაციის  წევრები, საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს ხელმძრვანელი გიორგი პერტაია; საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი კახა კოხრეიძე; თანადაფინანსების ფონდის მმართველი დირექტორი გიორგი კიკვაძე; სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე, ასევე ქართული და ებრაული კომპანიების  და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.