სასჯელაღსრულების სამინისტრომ  4 წლიანი სტრატეგია წარადგინა

სასჯელაღსრულების სამინისტრომ 4 წლიანი სტრატეგია წარადგინა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს სოზარ სუბარს, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს პენიტენციური ჯანდაცვის 18 თვიანი რეფორმის დასრულებაზე ანგარიში და ახალი - 4 წლიანი სტრატეგია წარუდგინა.

ახალ სტრატეგიაში მოცემულია 2014-2017 წლების მიზნები და ამოცანები, რომელიც მიღწეული შედეგების მდგრადობას და პატიმართა ჯანდაცვის შემდგომ გაუმჯობესებას ემსახურება. სტრატეგიაში აქცენტი კეთდება პირველადი ჯანდაცვის რგოლის შემდგომ გაძლიერებაზე, პატიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვაზე, ნარკოდამოკიდებულ პირთათვის სერვისების გაუმჯობესებაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის სისტემაზე, სამედიცინო პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე და სხვა. 

სამინისტროს პრიორიტეტად რჩება მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საჭირო მომსახურების მიწოდება, ასევე ქალ პატიმართა და არასრუწლოვანთა საჭიროებების მეტად რეალიზაცია სამედიცინო მომსახურების პროცესში.

ახალი სტრატეგია ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მხარდაჭერით, საერთაშორისო და ადგილობრივი სპეციალისტების დახმარებით შეიქმნა.

პენიტენციური ჯანდაცვის 18 თვიანი რეფორმის ფარგლებში, რომელიც 2013 წლის იანვარში დაიწყო და 2014 წლის ივნისში დასრულდა, მოხდა პირველადი ჯანდაცვის რგოლის სრული რეფორმირება, სასჯელაღსრულების სისტემაში 11-ჯერ შემცირდა ტუბერკულოზის გავრცელება, დაიწყო C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა, სისტემას შეემატა 2 თანამედროვე საავადმყოფო, გაიზარდა ჯანდაცვის ბიუჯეტი და სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება, გაუმჯობესდა მედიკამენტებით მომარაგება, დაინერგა ელექტრონული სამედიცინო ისტორიის მოდულები, განახლდა სამედიცინო პერსონალი და გაიზარდა ექიმის ავტონომია, მკვეთრად გაუმჯობესდა ხელმისაწვდომობა სპეციალიზებულ სამედიცინო მომსახურებაზე სამოქალაქო საავადმყოფოებში, რომლითაც 8600-ზე მეტმა პატიმარმა ისარგებლა, დაიწყო სუიციდის პრევენციის პროგრამა, მოხდა ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების ერთობლივი კომისიის რეფორმა, შეიქმნა და დაინერგა კვების ახალი სტანდარტი და მკვეთრად (73%-ით) შემცირდა პატიმართა სიკვდილობის მაჩვენებელი.