შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტმა მედიასთან ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ლიდერებმა შეხვედრისას განხილული საკითხები შეაჯამეს და ყურადღება თანამშრომლობის პერსპექტივებზე გაამახვილეს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, შეხვედრისას ქვეყნებს შორის კულტური სამეცნიერო და განათლების სფეროში მიმდინარე პროექტებზეც იმსჯელეს.
„საქართველოსა და სომხეთის სავაჭრო ურთიერთობის თვალსაზრისით, გვაქვს პოზიტიური, ზრდის დინამიკა, რომელსაც მომავალში კიდევ უფრო მეტი იმპულსი მიეცემა. ჩვენ ერთნაირად ვხედავთ მომავალს, რომელსაც ურთიერთობისა და თანამშრომლობის მხოლოდ გაღრმავების პერსპექტივა აქვს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სიტყვით გამოსვლისას სომხეთის პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და მისი განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა. სერჟ სარგსიანმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას საუბარი რეგიონში მიმდინარე პროცესებსაც შეეხო.
„დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოში ვიზიტს, რომლის ფარგლებშიც ძალზე კონსტრუქციული საუბრები გვქონდა, განვიხილეთ ორივე მხარისთვის მთელი რიგი საინტერესო საკითხები. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ იმ გეგმების ხორცშესხმას, რომლებიც ქართულ-სომხური პარტნიორობის შემდგომი კონსოლიდაციისა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებით დავსახეთ", - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ეს სომხეთის საგარეო პოლიტიკის ძალზე მნიშვნელოვანი ელემენტი და ერთ-ერთი პრიორიტეტია.
როგორც სერჟ სარგსიანმა აღნიშნა, საქართველოსა და სომხეთის სტაბილურობა, მთელი რეგიონის სტაბილურობის გარანტიაა.
„ის სტაბილურობა, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში საკმაოდ მოწყვლადია, მნიშვნელოვანწილად არის განპირობებული იმ ძალისხმევით, რომელსაც მიმართავს სომხეთი და საქართველო. ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემთ ერთმანეთის გადაწყვეტილებას და ვაცნობიერებთ და პატივს ვცემთ ერთმანეთის პრიორიტეტებს. მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდეს სტაბილურობა მთელ რეგიონში და ამ თვალსაზრისით საქართველოს ძალისხმევას მხოლოდ მივესალმებით. თუ საქართველო და სომხეთი ძლიერია ცალ-ცალკე, ერთად ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი გარანტია სტაბილურობისთვის. უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა - ვაჭრობა, კომერციული ურთიერთობა, რომელმაც უკვე მოიპოვა კონკრეტული შედეგები და შეიძინა კონკრეტული განზომილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოები და ბევრი სხვა", - აღნიშნა მან.
სომხეთის პრეზიდენტის განცხადებით, საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება ორმხრივ ურთიერთობას ეკონომიკის მიმართულებით დაეთმო.
„27 ივნისს საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, გააფორმებს შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და გახდება ამ სივრცის განუყოფელი ნაწილი. ღრმად მწამს, რომ გაჩნდება კიდევ ერთი შესაძლებლობა, მათ შორის, ჩვენი მეწარმეებისათვის და გაიზრდება ინვესტიციები ჩვენს ქვეყნებს შორის. მეორე მხრივ, სომხეთის წევრობა ევრაზიის საბაჟო კავშირში, გარკვეულწილად, პერსპექტივა იქნება იმ ქართველი მეწარმეებისათვის, რომელთაც სურთ ინვესტიციები ჩადება სომხეთში და მათთვის, ვისაც სურს ახალი ბაზარი მოიპოვოს, მათ შორის, რუსეთის ფედერაციასა და მთლიანად რეგიონში", - აღნიშნა სერჟ სარგსიანმა.
ორი ქვეყნის ლიდერები რეგიონული უსაფრთხოების თემასაც შეეხნენ და ხაზგასმით აღნიშნეს საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის მნიშვნელობა განსაკუთრებით მგრძნობიარე საკითხებთან დაკავშირებით კონსტრუქციული მიდგომის შემუშავების თვალსაზრისით.