ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მხარდაჭერით, პროფესიული მომზადების თანამედროვე პროგრამა სასჯელაღსრულების ჯანდაცვის სისტემის კიდევ 43-მა ექთანმა წარმატებით გაიარა.
პროგრამის ფარგლებში მომზადება ამ მომენტისთვის, სულ პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის 73-მა ექთანმა უკვე დაასრულა, ჩააბარა გამოცდა და სპეციალური სერტიფიკატი მიიღო. მათ თანამედროვე თეორიული და პრაქტიკული სტანდარტით შეისწავლეს საექთნო საქმის პრინციპები, პაციენტებთან კომუნიკაცია, ზოგადი საექთნო ჩვევები, კრიტიკულ სიტუაციებში ქცევის წესები, თავდაცვის ტექნიკა, ინფექციის კონტროლის საკითხები, მედიკამენტების სწორად შენახვა და ადმინისტრირება, პაციენტის საბაზისო მოვლა და ძირითადი საექთნო მანიპულაციები.
პროფესიული მომზადების პროგრამა საქართველოს უნივერსიტეტის „სიმულაციურ ჰოსპიტალში“, მულტიფუნქციური მანეკენებისა და სხვადასხვა სიმულატორების გამოყენებით ჩატარდა. პროგრამას საქართველოს უნივერსიტეტის ქართველი და უცხოელი პროფესორები, ექთანთა ასოციაციის წევრები და სპეციალისტები უძღვებოდნენ.
ექთნების მომზადება პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში ევროსაბჭოსა და ევროკავშირის პროექტის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში განხორციელდა.