შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და კატარს შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ტრადიცია მკვიდრდება.
„სულ რამდენიმე თვის წინ, კატარში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მქონდა შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, მთავრობის სხვა წევრებთან და კერძო კომპანიებთან, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოს სოფლის მეურნეობაშ ინვესტიციების განხორციელებით. მოხარული ვარ, რომ როგორც საქართველოს, ასევე კატარის რესპუბლიკის მხრიდან არის თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა“, - განაცხადა შალვა ფიფიამ.
კატარის ელჩმა სოფლის მეურნეობის მინისტრს გადასცა ოფიციალური ნოტა კატარის გარემოს დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ცხოველთა ჯანმრთელობასა და ვეტერინარიის დარგში ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ. „მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დასრულებულია ყველა საჭირო პროცედურა და კატარის მხარე მზად არის ხელი მოაწეროს მემორანდუმს“, - განაცხადა მუჰამედ ბინ ჰამის ნასირ ალ კუვარიმ. მინისტრის თქმით, მთავრობა მიესალმება ყველა იმ კონკრეტულ ნაბიჯს, რომელიც მიმართულია თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისკენ და უახლოეს მომავალში ხელს მოაწერს ურთიერთგაგების მემორანდუმს.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ არ დაიშურებენ ძალისხმევას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისათვის.