ენერგოპროექტების განხორციელება და ამ მიმართულებით ინვესტიციების ჩადება სახელმწიფო პრიორიტეტად გამოცხადდა. როგორც ეკონომისტები და დარგის ექსპერტები აცხადებენ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ამ სახის პროექტების განხორციელებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიგა ბუკია მიიჩნევს, რომ ხუდონჰესი საუკუნის პროექტია, რაც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
გიგა ბუკია: "მე მესმის პრობლემები, რაც შესაძლოა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველია, მაგრამ, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესს, კომპენსაციის სახით იქნება თუ სხვადასხვა ფორმით, აუცილებლად გავითვალისწინებთ. ამავდროულად, ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს ქვეყნის ინტერესი. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, კონსესუსი იქნება მიღწეული. ეს პროექტი იქნება უზარმაზარი რესურსისა და ინვესტიცების შემომტანი ქვეყანაში და სასიკეთო რეგიონის, თვითონ სვანეთის განვითარებისთვისაც. ეს არის ეკონომიკურად მომგებიანი და ძლიერი პროექტი."