ცესკოსთან არსებული საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა საგრანტო კონკურსის შედეგად გამოვლენილი პროექტების პრეზენტაცია გამართა. 22-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს წარადგინა პროექტები, რომლებიც საგრანტო საკონკურსო კომისიამ (რომელშიც 10 საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი შედის), ცესკოს მიერ განსაზღვრული მიმართულებების მიხედვით შეარჩია. ესენია:
ამორმჩეველთა ინფორმირება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის;
გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა საარჩევნო პროცესებში;
ეთნიკური უმცირესობების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლების საარჩევნო პროცესში ჩართულობის ასპექტების შესწავლა და საჭიროებების გამოვლენა;
2010 წლიდან საერთო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა (რეგიონულ ჭრილში) 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისთვის.
ღონისძიება დღეს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, სწავლების ცენტრის ხელმძღვანელთან ნათია ზაალიშვილთან ერთად გახსნა.
საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად უწყობს ხელს საგრანტო პროექტების დაფინანსებას, რაც უზრუნველყოფს დაინტერესებული მხარეების არჩევნებში მაქსიმალურ ჩართულობას, ამორმჩეველთა მოტივაციის გაზრდას და ზოგადად საარჩევნო გარემოს განვითარებას.