სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ კიდევ ერთი სისტემური ცვლილების გადაწყვეტილება მიიღო: ტუბერკულოზით დაავადებული ბრალდებულები დღეიდან ტუბერკულოზის N19 სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში განთავსდებიან.
სამინისტროს ინიციატივით გაუქმდა კანონმდებლობით არსებული უთანასწორობა ტუბერკულოზით დაავადებულ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა შორის. დღემდე არსებული პრაქტიკით, ტუბერკულოზით დაავადებულ ბრალდებულებს არ შეეძლოთ ტუბერკულოზის ცენტრში მკურნალობის მიღება. ამას კრძალავდა კანონმდებლობა და ბრალდებულთა მკურნალობის საკითხი ტუბერკულოზის ცენტრის ინფრასტრუქტურაშიც არ იყო გათვალისწინებული. სასჯელაღსრულების და სამედიცინო დეპარტამენტების ერთობლივი ძალისხმევით ეს სისტემური პრობლემა დღეისათვის გადაჭრილია.
ამ ნაბიჯით სახელმწიფომ შეასრულა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) კიდევ ერთი რეკომენდაცია - CPT-ის 2010 წლის ანგარიშში საქართველოს წინააღმდეგ გამოთქმულ კრიტიკაში ნათქვამია, რომ „ტუბერკულოზის გადამდები ფორმებით დიაგნოსტირებული პატიმრების ტრანსფერი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში სათანადოდ არ ხორციელდება და მათ უწევთ თვეობით ლოდინი სანამ ტუბერკულოზის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ“.
2013-2014 წლებში პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრომ ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლაში გარდატეხა შეიტანა: გახსნა ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ახალი ცენტრი, სისტემაში 15-ჯერ შეამცირა ტუბერკულოზის გავრცელება, მინიმუმამდე დაიყვანა ტუბერკულოზთან დაკავშირებული სიკვდილობა, დაავადების ადრეული გამოვლენის მიზნით გააფართოვა სკრინინგით მოცვა და გააუქმა ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა შორის ტუბერკულოზის მკურნალობაში არსებული უთანასწორობა.