სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა ქალაქის რამდენიმე უბანში მონიტორინგის შედეგად დარღვევები გამოავლინეს.
ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სუპერმარკეტ "მარიამიდან" და მარჯანიშვილის ქუჩაზე - ი/მ "მევლუდ ხარაიშვილის" ხორცის სარეალიზაციო ობიექტიდან ამოღებულია საეჭვო წარმომავლობის ხორცი, რომელიც არ იყო დადამღული. ბიზნესოპერატორებმა ვერ წარმოადგინეს ვეტერინარული მოწმობა ფორმა N2, რის გამოც, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაჯარიმდნენ 1000-1000 ლარით. ხორცი დაილუქა და კანონის შესაბამისად განადგურდება.
ეტიკეტირების წესის დარღვევით სასურსათო პროდუქტების რეალიზაციისათვის 400-400 ლარით დაჯარიმდნენ: გლდანის მე-5 მიკრორაიონში მდებარე შპს "პურის სამყაროს" სუპერმარკეტი, აბუსერიძე-ტბელის ქუჩაზე - შპს "კარაქი" და დიღმის მასივში - ი/მ "ქსენია ჩიქოვანი", ხოლო დავით აღმაშენებლის ხეივანში მდებარე ჰიპერმარკეტი კარფური" ეტიკეტირების წესის განმეორებითი დარღვევისთვის დაჯარიმდა 1200 ლარით.
მიუხედავად სურსათის ეროვნული სააგენტოს არაერთი განცხადებისა, სურსათის მწარმოებელ მეწარმეთა ნაწილი კვლავ აგრძელებს საქმიანობას ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე. ხიზანიშვილის ქუჩაზე - ი/მ " ბესარიონ ტეტიაშვილი", გლდანის მე-3 მიკრორაიონში - ი/მ "დიმიტრი ჩიკვილაძე", დიღმის მასივში - შპს "გიოდათი" ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის 500-500 ლარით დაჯარიმდნენ (სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 64-ე მუხლის 1 ნაწილი).
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა დიდი რაოდენობით ვადაგასული სურსათი ამოიღეს გლდანის მასივის 1 მიკრორაიონში მდებარე შპს "თეთრი 2012"-ის მარკეტიდან, მარჯანიშვილის ქუჩაზე - შპს "მალიდან", დიღმის მასივში - ი/მ "ფარნაოზ შანავას" სასურსათო მაღაზიიდან. ვადაგასული სურსათი დაილუქა და კანონის შესაბამისად განადგურდება, მეწარმეებს კი საჯარიმო სანქციები დაეკისრათ.