რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე, ამბროლაური. 12 ივნისი, 16 საათი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ოთარ დანელია, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი პარმენ მარგველიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ადგილობრივ ფერმერებთან, ევროკავშირის წარმომადგენლებთან, მედიასთან და სხვა უცხოელ სტუმრებთან ერთად ოფიციალურად გახსნიან სურსათის ეროვნული სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ახალ სამხარეო ოფისს.
ამიერიდან ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, სრულყოფილად ისარგებლოს ყველა იმ სერვისით, რასაც მას სურსათის ეროვნული სააგენტო სთავაზობს. სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია, მცენარეთა დაცვა ის სფეროებია, რომელთა სახელმწიფო კონტროლს სააგენტო ახორციელებს. რეგიონული სამსახური რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში უზრუნველყოფს მავნე სურსათის გამოვლენასა და განადგურებას, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას და ეპიდაფეთქებების ლიკვიდაციას, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვას მავნე ორგანიზმებისაგან და სხვ.
მიმდინარე წელს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, დეპარტამენტებსა და რეგიონულ სამსახურებს არაერთი კომპეტენტური სპეციალისტი დაემატა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს და ეფექტიანს გახდის სააგენტოს მუშაობას.
ახალი ოფისი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) პროექტის „სოფლის მეურნეობის განვითარების შესაძლებლობა - საქართველოს" (CBA-G)დახმარებით აშენდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს ახალი ოფისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით წელს კიდევ 5 ახალი ოფისი გაიხსნება.