დღეს „საუკუნის გზის" პროექტის პრეზენტაცია ბარისახოში გაიმართა. 25-კილომეტრიანი გზა ერთმანეთთან პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთს დააკავშირებს. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით განახორციელებს. უახლოეს პერიოდში დაიწყება აღნიშნული გზის მონაკვეთის საპროექტო სამუშაოები, რომლის შემდეგაც გზის მშენებლობა განხორციელდება.
„ამ გზას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც სტრატეგიულად, ისე რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ხევსურეთის ტურისტული პოტენციალის განვითარებას", - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი გზა არასდროს ყოფილა გაყვანილი. დღეს არხოტში მხოლოდ 4 ოჯახი ცხოვრობს. პროექტის დასრულების შემდეგ, პირაქეთა ხევსურეთში დაბრუნებას კიდევ 33 ოჯახი აპირებს. გზის მშენებლობა გასული წლის 17 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დალოცა.
დღესვე, ბარისახოში ფესტივალი „ქართული სული" გაიმართა. აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ფოლკლორულმა ჯგუფებმა და პოეტებმა. მოეწყო ადგილობრივ მკვიდრთა ფოტონამუშევრების გამოფენაც.
საპატიო სტუმრების სახით, ფესტივალს ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი და სხვა ოფიციალური პირები.
ამავე ფესტივალის ფარგლებში „ქართული სულის" დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს „საუკუნის გზის" მშენებლობის მოთავეობისთვის და საქართველოს მთიანეთისადმი განსაკუთრებული ყურადღებისათვის მედალი „ქართული სული" გადასცა. „ქართული სულის" მედლით, ასევე, დაჯილდოვდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი.