2014 წლის 10 ივნისს კოალიცია „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა:
„მოგესალმებით, კეთილი იყოს მობრძანება ჩემს საარჩევნო შტაბში, რომელიც დღეიდან აქ დიდუბეში, წერეთლის გამზირზე N74 -ში დაიდებს ბინას.
მე დღეიდან, ყოველღიურ რეჟიმში, პარალელურად თბილისის რაიონებში შეხვედრებისა, გავმართავ შეხვედრებს აქ, მოსახლეობის იმ ნაწილთან, რომელიც ვერ ახერხებს ამ შეხვედრებზე დასწრებას იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ შეხვედრები სამუშაო საათებს ემთხვევა.
ეს შტაბი იმუშავებს ფაქტიურად 24 საათიან რეჟიმში, ისევე როგორც ჩვენი კოალიციის ყველა შტაბი მუშაობს და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ ნებისმიერ ადამიანს ექნება საშუალება ჩემთან შეხვედრისა.
რაც შეეხება დღევანდელი ბრიფინგის მთავარ თემას, მინდა მოგახსენოთ, რომ ისედაც არადემოკრატიული წინასაარჩევნო მდგომარეობა ქვეყანაში ყოველდღიურად მძიმდება.
ხელისუფლება გრძნობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს თბილისში და ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით უმეტეს რაიონში იგებს „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია“ და ამიტომ, უკვე სრული სიმძლავრით ჩართო სახელისუფლებო მანქანა იმისათვის, რომ გააყალბოს არჩევნები.
პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ ის არ დაუშვებს არც ერთ ქალაქსა და რაიონში სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას, სხვა არაფერია, თუ არა არჩევნების გაყალბების პირდაპირი დავალება.
მინდა გავაფრთხილო ხელისუფლება:
არჩევნების გაყალბება ძალიან ძვირად უჯდება ნებისმიერ ხელისუფლებას და ამის ნათელი მაგალითია მისი წინამორბედი „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის მეთოდები და კანონმდებლობა მოირგეთ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.
„ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია“, ჩვენი ყველა კანდიდატი, ისევე როგორც მე, თბილისის მერობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე, ვიბრძვით გამარჯვებისათვის. ჩვენ ვიცით, რომ უამრავი ადამიანი გვიჭერს მხარს.
ეს ადამიანები დაიღალნენ ტყუილებით, ამ ადამიანებს სჯერათ ჩვენი გამოცდილების, კომპეტენციისა და ძალის!
მივმართავ „ქართულ ოცნებას“- ნუ შეეცდებით ამომრჩევლის ხმებით მანიპულირებას, დაანებეთ თავი გარიგებას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან, ჩაატარეთ ეს არჩევნები ნორმალურად. ჩვენ ისედაც გვიწევს ბრძოლა განუსაზღვრელად არათანაბარ პირობებში იმის გამო, რომ არაფერი გააკეთეთ საარჩევნო სისტემისა და კანონმდებლობის შესაცვლელად და საკუთარ თავზე მოირგეთ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული კანონები.
თუ თქვენთვის მართლაც მნიშვნელოვანია ევროპული ფასეულობები, თუ თქვენ არ თვალთმაქცობთ, ამ არჩევნებს ჩაატარებთ მინიმალური სტანდარტების დაცვით მაინც, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებთ იმას, რაც ნამდვილად არ არის ჩვენი თვითმიზანი.
ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც ფიქრობს, რომ არჩევნებით მაინც არაფერი არ შეიცვლება, უნდა იცოდეს, რომ საკუთარი პასიურობით ხმას აძლევს „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ კოჰაბიტაციას და ახანგრძლივებს სწორედ იმ რეალობას, რის გამოც ხელი აქვს ჩაქნეული.
ყველას, ვინც სახლში დარჩებით გახსოვდეთ, რომ თქვენგან განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთი მომხრე სახლში არ დარჩება!
ის ვინც გადაწყვეტს, რომ 15 ივნისს დარჩეს სახლში, ამით მხარს დაუჭერს „ნაციონალური მოძრაობის“ - დამნაშავე ორგანიზაციის კიდევ უფრო გაძლიერებას და მას ხელისუფლებაში მობრუნების შანსს მისცემს.
„ქართული ოცნების“ უსუსურობა და უნიათობა ნამდვილად შესანიშნავი საფუძველია ამისათვის.
მოგმართავთ თქვენ, ჩვენო ძვირფასო თანამოქალაქეებო. მობრძანდით არჩევნებზე და სამივე ბიულეტენში შემოხაზეთ N3, იმისათვის, რომ ჩვენმა სამშობლომ ბოლოს და ბოლოს დაიწყოს სწორი მიმართულებით სვლა, რომ ხელისუფლებაში მოვიდეთ ტრადიციული ფასეულობების დამცველი პროგრესისაკენ მიმავალი ეროვნული ძალა, კომპეტენციისა და გამოცდილების მქონე ადამიანები, რომლებიც მოვაწესრიგებთ ქვეყანას!
ჩვენ ხმებს აუცილებლად დავიცავთ და გავაფორმებთ!“