11 ივნისს, 10:00–დან – 14:00 საათამდე, თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“–ში, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი“ (R-CSN) ფარგლებში, რომლის ფასილიტაციას ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“, გაიმართება კონფერენცია – „პარტნიორობა ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებისთვის“.
კონფერენციის მიზანია ბიზნესის, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევის გაერთიანება და მათ შორის ინფორმაციის გაზიარების ხელშეწყობა სოციალური პასუხისმგებლობის პროცესის გაუმჯობესებისთვის.
კონფერენციაზე მომხსენებლები ისაუბრებენ შემდეგ თემებზე: სოციალური პასუხისმგებლობა დღეს; თანამშრომლობა ბიზნესსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა მედიაში.
კონფერენცია მხარდაჭერილია პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის G-PAC პროგრამის მხარდაჭერითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.