სოფლის მეურნეობის სფეროში პროფესიული გადამზადებისა და ექსტენციის ახალი ეროვნული კონცეფციის საკითხებზე სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიება გახსნეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძე, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს რეგიონალურმა დირექტორმა რუდოლფ შოხმა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში ნილს სკოტიმ.
,,თითოეულ ჩვენგანს იმ პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას, კარგად აქვს გათავისებული საფუძვლიანი და თანამედროვე განათლების მნიშვნელობა. ამ მიმართულებით ჩვენს მეწარმეებს, ფერმერებს, გლეხებს კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა ესაჭიროებათ. ჩვენ გვინდა დავეხმაროთ მათ განავითარონ საკუთარი საქმიანობა, მიიღონ მეტი ხარისხიანი პროდუქტი, გაზარდონ საკუთრი პროდუქციის გასაღების ბაზარი და მიიღონ მეტი შემოსავლები. ამისათვის, კი გარდა სახელმწიფოს მხრიდან გაწეული ფინანსური და ტექნიკური დახმარებებისა, უმნიშვნელოვანესია ცოდნის ამაღლებაზე ზრუნვა. როგორც ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, ჩვენი უცხოელი მეგობრების დახმარებით სოფლის მეურნეობის სფეროში ხორციელდება და სამომავლოდ იგეგმება არაერთი პროექტი, რომელიც ახალი ტექნოლოგიების შესწავლას და დანერგვას, განვითარებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს“, - განაცხადა შალვა ფიფიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ მიმართულებით გადადგმული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია მთელი ქვეყნის მასშტაბით სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების შექმნა. 59 მუნიციპალიტეტში 260-ზე მეტი დარგის სპეციალისტი მეწარმეებს, ფერმერებს, გლეხებს, დაინტერესებულ პირებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით კონსულტაციებს უწევს. ასევე მნიშვნელოვანია, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი უწყების - სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შექმნაც, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებას, დარგში არსებული პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას, მოსავლიანობის ზრდასა და არსებული პრობლემების მეცნიერულ დონეზე გაანალიზებასა და გადაჭრას - განაცხადა შალვა ფიფიამ.
კონფერენცია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით იმართება. ორდღიანი კონფერენციის მიზანს, სოფლის მეურნეობის სფეროში პროფესიული გადამზადებისა და ექსტენციის ახალი ეროვნული კონცეფციის განხილვა წარმოადგენს. განათლებისა და გადამზადების თანამედროვე სისტემების დანერგვით, საქართველოს სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობა გაიზრდება, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, გაიზრდება ქართული პროდუქციის ხარისხი. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის გაეროს განვითარების პროგრამასთან და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან აქტიურად თანამშრომლობს.
კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წაარმომადგენლები და ფერმერები.