სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ოთარ დანელიას ხელმძღვანელობით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, აგროსამრეწველო სექტორში საქართველო-უკრაინის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის მეთერთმეტე სხდომა გაიმართა. სამუშაო ჯგუფის ქართულ მხარეს ოთარ დანელია, ხოლო უკრაინის მხარეს, უკრაინის აგრარული პოლიტიკის და სურსათის მინისტრი, იგორ შვაიკა ხელმძღვანელობდა.
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა უკრაინაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი, მიხეილ უკლება.
„სამუშაო შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განვიხილეთ. მიგვაჩნია, რომ მეცხოველეობა, მეფრინველეობა, ფქვილისა და მარცვლეულის წარმოება, მევენახეობა-მეღვინეობა ის მიმართულებებია, სადაც ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას რეალური პერსპექტივები აქვს. შეხვედრაზე ვიმსჯელეთ უკრაინაში ხილისა და ციტრუსის ექსპორტის საკითხებზეც“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა საერთაშორის გამოფენაში „აგრო 2014“ მიიღეს მონაწილეობა.