სასჯელაღსრულების მე-11 დაწესებულებაში მკლავჭიდში ტურნირი გაიმართა

სასჯელაღსრულების მე-11 დაწესებულებაში მკლავჭიდში ტურნირი გაიმართა

არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მკლავჭიდის ტურნირი ჩატარდა. ღონისძიება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს  ,,არასრულწლოვანი და ახალგაზრდა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის’’ ფარგლებში გაიმართა. ტურნირს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და მკლავჭიდის ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.  შეჯიბრებაში 27 მოზარდი მონაწილეობდა. გამარჯვებულებს სიმბოლური პრიზები, თასი და მედლები გადაეცათ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს არასრულწლოვან და ახალგაზრდა მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას სხვადასხვა სპორტული და სახელობო სწავლების, არაფორმალური განათლების მიმართულებით ტრენინგ-სემინარების, კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსებისა და კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზებით.

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები არასრულწლოვანთა მე-11 დაწესებულებას რამდენიმე დღის წინაც  ესტუმრნენ. მათ მოზარდებს სპორტული აღჭურვილობა, ბუცები, კეტები და ბურთები გადასცეს.

6 თვიანი პროგრამის ფარგლებში ვარჯიშები ფეხბურთსა და რაგბიში სპეციალურად მიწვეული მწვრთნელების მეშვეობით დაწესებულებაში კვირაში ორჯერ ჩატარდება. პერიოდულად კი ტურნირები გაიმართება.

არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში რაგბისა და ფეხბურთის სწავლების გარდა, ხეზე კვეთის, ხის მხატვრული დამუშავების გაკვეთილებიც ტარდება, ასევე მიმდინარეობს ტრენინგ-კურსი საგანმანათლებლო დებატებში.

პროგრამა წლის ბოლომდე გაგრძელდება.