ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-7 საერთაშორისო გამოფენა იხსნება

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-7 საერთაშორისო გამოფენა იხსნება

6 - 8 ივნისს, საგამოფენო ცენტრში "ექსპო ჯორჯია", სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-7 საერთაშორისო გამოფენა – WinExpo Georgia-2014 გაიმართება.

6 ივნისს 11:00 სთ-ზე გამოფენას ოფიციალურად გახსნის სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია. მისასალმებელი სიტყვით ასევე წარსდგებიან საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე   ლევან დავითაშვილი.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში ცნობილი ღვინის მწარმოებელი კომპანიების და მცირე, ოჯახური მარნების პროდუქცია.

დამთვალიერებელს უნიკალური შესაძლებლობა ექნება გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ღვინოები, სხვადასხვა რეგიონში დამზადებული ქვევრის ღვინო და მათი ნაირსახეობები. გამოფენაზე აგრეთვე წარმოდგენილი იქნება ტრადიციული  მეთოდით დამზადებული ქართული ყველი.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების, ასევე შესაფუთი მასალების, მანქანა-დანადგარების, გადამამუშავებელი ხაზების, მინის ტარისა და საცობების მწარმოებელი, თუ დისტრიბუტორი 90-მდე კომპანია სხვადასხვა ქვეყნიდან (საქართველო, უკრაინა, თურქეთი, სომხეთი, გერმანია, იტალია, ბულგარეთი, საფრანგეთი, ჩინეთი).

გამოფენის ოფიციალური მხარდამჭერები არიან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო“.

გამოფენის პარალელური ღონისძიებები: 

6 ივნისი 11:30 სთ, მე-11 პავილიონი - ჟურნალ "ღვინო"-ს პირველი ნომრის პრეზენტაცია

6 ივნისი 15:00 სთ, მე-6 პავილიონი – კომპანია „რაუშედოს პრეზენტაცია“

6 ივნისი 18:15 სთ, მე-11 პავილიონი - საფერავის ღვინის ჭიქის პროტოტიპის შერჩევის ეროვნული სესიის შედეგების გამოცხადება, ღონისძიებას გაუძღვება გეორგ რიდელი

7 ივნისი 12:00 სთ, მე-4 პავილიონი - ქართული ღვინის მასტერ-კლასი, ღვინის მთავარი სახეობების დაჭაშნიკება

7 ივნისი 13:00 სთ, მე-6 პავილიონი – ჩატარდება პრეზენტაცია, რომლის მიზანია ქართველ მეღვინეებს მიეწოდოს ინფორმაცია ფრანგული კომპანია „ბუშერ ვასლინ“-ის და „ჯი თი გრუპის“ თანამშრომლობის დაწყების,  იმ პროდუქტების და სერვისების შესახებ, რომლებსაც ეს ორი კომპანია შესთავაზებს ქართველ მეღვინეებს.

6-7 ივნისი - ღვინის საერთაშორისო კონკურსი

6th International Wine Award A- ღვინის საერთაშორისო კონკურსი, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ოფიციალური პატრონაჟით. M

ჟიური: საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი - ენოლოგების, ცნობილი ღვინის ჟურნალისტებისა და სპეციალისტების შემადგენლობით.

7 ივნისი - დაჯილდოების ცერემონია

ღვინის კონკურსის საზეიმო დაჯილდოების ცერემონია, მედლებისა და დიპლომების გადაცემა.

ყველის გამოფენა-გაყიდვა

ყველის გამოფენა-გაყიდვა. მონაწილეობას მიიღებენ მწარმოებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.