2014 წლის 4 ივნისს, კოალიცია “ნინო ბურჯანაძე - ერთიანმა ოპოზიციამ” სასტუმრო „ძველ თბილისში“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა, რომელზეც მისმა ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ძირითად ასპექტებსა და პრიორიტეტებზე ვრცლად ისაუბრა.
“ჩვენი პროგრამის უმთავრესი მიზანია, რომ ქვეყანა მდგრადი განვითარების გზაზე წავიდეს, რომ ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ იყოს დამდგარი იმ გზაზე, რაც ერთხელ და სამუდამოდ მისცემს ქვეყანას, მისი პრობლემების გრძელვადიანი გადაწყვეტის შესაძლებლობას. ჩვენთვის არ არის საკმარისი ის, რომ ესა თუ ის პრობლემა ერთჯერადად მოვაგვაროთ, რომელიც მოსახლეობას აწუხებს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერი მოგვარდება და მოსახლეობა რეალურად შეძლებს ამოსუნთქვას”, - განაცხადა ბურჯანაძემ
მისი თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობებს სათანადო უფლებამოსილება უნდა გადაეცეთ, ამის გარეშე ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება შეუძლებელია.
“ჩვენ ყველა რაიონისთვის გრძელვადიანი სპეციფიკური პროგრამები გვაქვს, რომელსაც თითოეული რაიონის ადგილობრივი ხელისუფლება დაიდებს, როგორც სამოქმედო გეგმას და ადგილობრივი სპეციფიკიდან გამომდინარე იმუშავებს”, - განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ “ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია” ორიენტირებულია იმაზე, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი არა ადგილობრივი ჩინოვნიკების, არამედ მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული.“
ამასთან, ნინო ბურჯანაძემ საარჩევნო პროგრამაში არსებულ სხვა პრიორიტეტებზეც ისაუბრა, კერძოდ, პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე, სოციალური პროგრამების გაფართოვებაზე, მიუსაფარ ადამიანთა პრობლემებზე.
მისი თქმით, არ უნდა დაუშვათ მცირეკონტიგენტიანი სკოლების დახურვა.
“რაც შეეხება სკოლამდელი ასაკის დაწესებულებების პედაგოგებს, ჩვენ მათ გავუთანაბრებთ საჯარო სკოლების პედაგოგებს და ამ სტატუსს მივცემთ, ხოლო საშუალო სკოლის პედაგოგებს უზრუნველვყოფთ, რომ ანაზღაურება ჰქონდეთ საჯარო მოხელეების ხელფასის შესადარი”, - განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ მთასთან დაკავშირებით პოლიტიკურ გუნდს სპეციალური პროგრამა გააჩნია
“ჩვენი წინადადება გამოიხატება იმაში, რომ არა მარტო დანამატი უნდა იყოს ხელფასებზე, პენსიებზე, არა მარტო საშემოსავლო გადასახადის გაუქმება მთაში მაცხოვრებლებისთვის, არა მხოლოდ ელექტროენერგიაზე შეღავათები, არამედ რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ გვაქვს საგანგებო პუნქტი, რომლის თანახმად, საგანგებო შეღავათები უნდა განხორციელდეს იმ კერძო ფირმებისთვის, რომლებიც დარეგისტრირებულები იქნებიან მთაში და რეალურად იმუშავებენ იმ კონკრეტული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე”, -განაცხადა ბუჯანაძემ
გარდა ამისა, ბურჯანაძემ მოქმედი ხელისუფლება ნეპოტიზმში, ბიუჯეტის არაყაირათიან ხარჯვაში დაადანაშაულა.
“ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ საქართველო მდიდარი ქვეყანა გახდება და თბილისი კი – მდიდარი ქვეყნის მდიდარი დედაქალაქი”, - აღნიშნა ბურჯანაძემ.
ამასთან, როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, კოალიცია იბრძოლებს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოიპოვოს.