79  მსჯავრდებული პატიმრობიდან გათავისუფლდა

79 მსჯავრდებული პატიმრობიდან გათავისუფლდა

2014 წლის  24 და 26 მაისს პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოებისა და კომისიის სხდომები გაიმართა, რომელთა გადაწყვეტილებით პატიმრობიდან 79 მსჯავრდებული გათავისუფლდა. აქედან 69 მამაკაცია და 10 ქალბატონი. გათავისუფლებული 10 ქალბატონიდან  ორს პატიმრობა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეეცვალა.

პატიმრობის კოდექსში შესული ცვლილებების საფუძველზე, პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისია განახლებული შემადგენლობით შეიკრიბა. თუ აქამდე კომისიის 7-წევრიან შემადგენლობაში სამინისტროს 3 წარმომადგენელი ჰყავდა, ძალაში შესული ცვლილებით, კომისიაში სამინისტროს ორი წარმომადგენელი დარჩა, ხოლო ერთი ადგილი დაეთმო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, მორის შალიკაშვილს, რომლის სამეცნიერო ნაშრომების ნაწილი პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის საკითხებს ეხება.  

გარდა ზემოაღნიშნულისა, კომისიაში 2 წარმომადგენელი ჰყავს საქართველოს პარლამენტს - ერთი უმრავლესობიდან, ერთი კი უმრავლესობის გარეთ დარჩენილთაგან. თითო-თითო წევრით არიან წარმოდგენილნი იუსტიციის უმაღლესი საბჭო და არასამთავრობო ორგანიზაციები.

სხდომებზე იმ მსჯავრდებულების შუამდგომლობები განიხილეს, რომლებსაც ნაკლებად მძიმე დანაშაულზე მოხდილი აქვთ სასჯელის ნახევარი, მძიმეზე - 2/3, ხოლო განსაკუთრებით მძიმეზე -3/4.

შუამდგომლობების ინდივიდუალურად განხილვისას საბჭოების წევრებმა გაითვალისწინეს დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა, ოჯახური პირობები, მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე ინდივიდუალურად შეფასდა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები.

2012 წლის   ოქტომბრიდან  დღემდე  პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმით სულ 2954 მსჯავრდებული გათავისუფლდა,  მათ შორის 331 ქალი და 47 არასრულწლოვანი. მაშინ როდესაც,  2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე აღნიშნული მექანიზმით სულ  841 მსჯავრდებულია გათავისუფლებული. მათ შორის 12 არასრულწლოვანი და 39 ქალი.