ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში სიახლეა. კარგად ცნობილი და წარმატებული გაუ-პიარ სკოლის პარალელურად, მიმდინარე წლის მარტში სრულიად ახალ კურსზე გამოცხადდა მიღება. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერს თიკო ბარბაქაძეს ტელეჟურნალისტიკის სასერტიფიკატო სპეციალური კურსის თაობაზე გავესაუბრეთ, რომელსაც წარმატებული ქართველი პრაქტიკოსი ჟურნალისტი და მედიის წარმომადგენლები გაუძღვებიან.
რამ განაპირობა ასეთი კურსის ჩამოყალიბება გაუში?
ამაზე დიდი ხანია ვფიქრობდით და საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ იმის კვლევას, თუ ვისი ნახვა სურდათ კურსის პოტენციურ მსენელებს ლექტორებად. მეორეს მხრივ, ინტენსიურად ვსაუბრობდით რამდენიმე ტელევიზიის წარმომადგენელთან იმის თაობაზე, თუ როგორ მომზადებული ადამიანები სურდათ ეხილათ მათ კომპანიებში ტელეჟურნალისტებად. ჩამოვყალიბდით იმაზე, რომ შეგვექმნა ისეთი სპეციალური კურსი, რომელიც საშუალებას მისცემდა ყველას, ვისაც ტელეჟურნალისტად სურს მუშაობა ან დამწყებია, რომ მიეღო არამარტო ცოდნა ამ სფეროში, არამედ შეეძინა და გაეუმჯობესებინა წარმატებული ტელეჟურნალისტისათვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევები და, ამასთან, გაცნობოდა პრაქტიკულ მეთოდებსა და ინსტრუმენტებს. გაუს ტელეჟურნალისტიკის კურსი სწორედ ამაში დაეხმარება მსმენელებს და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მონაწილეები ამას სწავლისა და სამსახურისგან მოუწყვეტლად შეძლებენ, ვინაიდან მეცადინეობები საღამოობით გაიმართება. კურსი 7 აპრილს დაიწყება და 14 ივნისამდე გაგრძელდება.
ვინ გაუძღვება კურსს?
კურსი ისეა აგებული, რომ მას რამდენიმე წამყვანი ყავს. ჩვენ შევეცადეთ, მაქსიმალურად გაგვეთვალისწინებინა წინასწარი გამოკითხვების შედეგად მიღებული ინფორმაცია და მე შემიძლია ახლავე გაგიზიაროთ, თუ რომელ ქვე-კურსს ვინ გაუძღვება. ესენი არიან: ნინო შუბლაძე (ინტერვიუ, დებატები და თოქშოუ), მანანა ითონიშვილი (მეტყველება), გიორგი თარგამაძე (სატელევიზიო ახალი ამბები), თეა გველესიანი (ჟურნალისტი, როგორც კომუნიკატორი). აგრეთვე, კურსის განმავლობაში ჩატარდება სპეციალური მასტერ-კლასები იმისათვის, რომ კურსის მონაწილეებმა სრული შთაბეჭდილება შეიქმნან ტელეჟურნალისტის სამუშაო გარემოსა და ამოცანებზე, გაიზიარონ ქართული ტელევიზიების წარმატებული ჟურნალისტების, პროდუსერებისა და მენეჯერების გამოცდილება. მასტერკლასებს სხვადასხვა თემაზე გაუძღვებიან ზაალ უდუმაშვილი (დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წაყვანა), მაია ასათიანი (საავტორო სოციალური თოქ-შოუ), გიორგი ხაბურძანია (ტელე-პროდუსინგი), და ნიკა გვარამია (ტელევიზია, როგორც კომპანია). ამასთან, გათვალისწინებულია მასტერ-კლასისასთვის იმ წამყვანის მოწვევა, რომელსაც კურსის მონაწილეები თვითონ მოითხოვენ.
ვისთვისაა ეს კურსები? მაინცდამაინც ჟურნალისტი უნდა იყო, რომ კურსს დაესწრო?
აუცილებელიარ არის, რომ მსმენელი პროფესიით ჟურნალისტი იყოს. კურსის მონაწილე შეუძლია გახდეს ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ტელეჟურნალისტობა სურს და მიაჩნია, რომ ამისათვის პრაქტიკული უნარები, ცოდნა და გამოცდილება აკლია. დარწმუნებული ვარ, ტელეჟურნალისტიკის სასერტიფიკატო სპეციალური კურსით დაინტერესდებიან სხვადასხვა უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, დამწყები ტელეჟურნალისტები და სხვადასხვა ტელევიზიაში მომუშავე სტაჟიორები.
აქვე გეტყვით, რომ ჩვენი კურსის ყველაზე წარმატებულ მსმენელებს კურსის წამყვანებისგან და ორგანიზატორებისაგან სიურპრიზი ელოდებათ, რომელსაც უკვე კურსის დამამთავრებელი სასერტიფიკატო პრეზენტაციების მომზადებისას გაიგებენ.
რა არის საჭირო იმისათვის, რომ კურსის მონაწილე გახდე?
ამისათვის აუცილებელია, დაინტერესებული პირმა გაუს ვებ გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო-სარეგისტრაციო ანკეტა შეავსოს და გამოაგზავნოს მითითებულ მისამართზე. 27 მარტს გაუში აპლიკანტებს მოიწვევენ ღია კარის დღეზე, სადაც საშუალება ექნებათ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დასვან მათთვის საინტერესო შეკითხვები და გაეცნონ კურსთან დაკავშირებულ შინაარსობრივ და ტექნიკურ დეტალებს. მსურველებს მივმართავდი, რომ იჩქარონ, ვინაიდან ჯგუფში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.