პრემიერი აცხადებს, რომ ხუდონჰესის აშენებით სვანურ კულტურას საფრთხე არ ემუქრება.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ–ერთი სტუდენტის კითხვის პასუხად განაცხადა. ღარიბაშვილმა პირობა დადო, რომ კულტურის დამცველი იქნება და სახელმწიფო კულტურულ ძეგლებზე იზრუნებს.
„ვერ დაგეთანხმებით, რომ გიგანტური ჰესი გაანადგურებს სვანურ კულტურას. ჩვენ არ უნდა შევიყვანოთ შეცდომაში საზოგადოება. სვანური კულტურა რა თქმა უნდა არ დგას საფრთხის წინაშე. მე ვიქნები პირველი დამცველი სვანური კულტურის და არა მხოლოდ. საქართველო არის მრავალფეროვანი კულტურის ქვეყანა და მე ვარ პირველი დამცველი ამ მრავალფეროვნების. არასწორი ინფორმაცია გაქვთ რომ ამ ჰესის აშენებით, შეიძლება სვანური კულტურა განადგურდეს“, – აღნიშნა პრემიერმა.
მან სტუდენტს განუცხადა, რომ არასწორია შესაბამისი კვლევების გარეშე იმის განცხადება, თითქოს ჰესის მშენებლობით გაზრდილი ტენიანობა ფრესკებს დააზიანებს.
„მაქვს შემდეგი პოზიცია, ჩვენ ყველა მოქალაქის პოზიცია და აზრი უნდა გავითვალისწინოთ. პირადად განვაცხადე, რომ არასოდეს სახელმწიფო არ მიიღებს ჩვენი მოქალაქეების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას. უნდა მოხდეს მათი პოზიციების შეჯერება. ჩვენ მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ რას ნიშნავს ხუდონჰესის აშენება სვანებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობისთვის... მაგრამ ის არგუმენტები, რაც თქვენ მოიყვანეთ არასწორია და შეცდომაში შეიყვანს მსმენელს. ზოგადი შეფასებები, რომ ტენიანობა მოიმატებს, რომელიმე ხე არ გაიზრდება და ფრესკები შეიძლება დაზიანდეს, არასწორია. ფრესკებს სჭირდება მოვლა და ეს უნდა განახორციელოს კულტურის სამინისტრომ“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, ყველა კითხვას პასუხი უნდა გასცეს ინვესტორმა და ენერგეტიკის სამინისტრომ, ასევე ყველამ უნდა გაიაზროს ხუდონჰესის მშენებლობის მნიშვნელობა. „ყველა ქვეყანაში ასეა, არჩევანია გასაკეთებელი ეკონომიკას და კულტურულ მემკვიდრეობას შორის და სწორია „ოქროს შუალედის“ მოძებნა. ეს თემა ძალიან მტკივნეულია, მე ადრეც ვთქვი, რომ ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული შეკითხვები. ამ შეკითხვებზე ვალდებულია ინვესტორი კომპანია, ენერგეტიკის სამინისტრო და ჩვენ, ხელისუფლება, რომ გავცეთ პასუხი და პირადად მე ვარ მოტივირებული, თქვენ ნუ გესმით ისე რომ მე არ მაინტერესებს ეს საკითხი, პირიქით ძალიან მაინტერესებს, მე არაფერს გავაკეთებ არასოდეს და არც გამიკეთებია სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ და ჩვენი მოქალაქეების საწინააღმდეგოდ. ზოგადად ხუდონჰესის მნიშვნელობა მინდა რომ კარგად გაიაზროთ ყველამ. თქვენ უნდა დაეფუძნოთ კვლევებს, გაითვალისწინოთ რას იტყვიან კომპეტენტური ადამიანები“, - განაცხადა პრემიერმა.