საქართველოს წამყვანი ბანკი, განაგრძობს სამშენებლო სექტორის მხარადაჭერასა და დაფინანსებას. დღეს, საქართველოს ბანკის წარმომადგენლება, ბანკის მიერ დაფინანსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მოინახულეს, რომელსაც სამშენებლო კომპანია შპს. „გდგ“ ახორციელებს. საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად, რომელიც თბილისში, ი. აბაშიძის 70-ში მდებარეობს, საქართველოს ბანკმა შპს. „გდგ“–ს ჯამში 7 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის სესხი გამოუყო.
აბაშიძის 70-ში მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსი მოიცავს 176 ბინას, 206 ავტოსადგომს, 2,052 კვ.მ მოცულობის სავაჭრო და საოფისე ფართს. კომპლექსის მთლიანი სასარგებლო ფართის მოცულობა ჯამში 27,003 კვ.მ –ს შეადგენს (ავტოსადგომების ფართების გარეშე). საცხოვრებელ კომპლექს ექნება საკუთარი საცურაო აუზი და ფიტნეს კლუბი. ხსენებული საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და ამ დროისთვის 6 სართული უკვე აშენებულია. სამშენებლო სამუშაოების 90%-ი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.
ხსენებული პროექტი, რიგით მესამეა, რომელსაც შპს. „გდგ“ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს. შპს. „გდგ“–მ, შპს. „გიგსი“–სთან ერთად, საქართველოს ბანკის დაფინანსებით უკვე განახორციელა ორი პროექტი თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე, რისთვისაც ბანკმა ჯამში 10 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის სესხი გამოყო.
კორპორატიული საბანკო საქმიანობის მიმართულებით წამყვანი, საქართველოს ბანკის კორპორატიული საბანკო სესხების პორტფელი, 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 1.8 მილიარდ ლარს შეადგენს. მათ შორის, სამშენებლო სექტორზე გაცემული სესხები 122 მილიონ ლარამდეა.