“ახალგაზრდებთან, სტუდენტობასთან შეხვედრა ყველა ქვეყანაში, ყველა დროში, ყველა ხელისუფლებისთვის განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო და ანგარიშგასაწევია, პირადად ჩემთვის კი, ყველაფერთან ერთად, საინტერესოც არის”,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინსიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ჩვენი ქვეყანა მრავალი პრობლემის წინაშე დგას. თქვენ კარგად იცით, რომ ამ პრობლემების დიდი ნაწილი ჩვენს ხელისუფლებას მემკვიდრეობით ერგო. მე მგონია, რომ ხელისუფლება და საზოგადოება ერთად უნდა გაუმკლავდეს ყველა პრობლემას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ძალისხმევა ფუჭი იქნება. ყველამ ერთად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და ერთად უნდა ვაშენოთ ქვეყანა. ამისათვის კი საზოგადოების და განსაკუთრებით სტუდენტების ფხიზელი თვალი გვჭირდება. თქვენი აქ მოსვლა არავითარ პოლიტიკურ ინტერესებს არ ემსახურება. აქ მოსვლა არავინ დაგაძალათ და არც არავინ აგიკრძალათ“,-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, დამთავრდა ის დრო, როცა „სხვები“ წყვეტდნენ, ვინ სად წასულიყო და რა ეთქვა. „ისინი მათ დავალებებს ასრულებდნენ და ყველამ ვიცით, როგორ ძალადობდნენ იმ სტუდენტებზე, რომლებსაც განსხვავებული აზრი ჰქონდათ. დღეს სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია. დღეს ყველას შეუძლია გამოთქვას თავისი აზრი, თუნდაც ყველაზე კრიტიკული. ყველგან, ყველა დროში ახალგაზრდობა ყველაზე თავისუფალია და ეს თავისუფლება იყო დათრგუნუილი ამ კედლებში. ახალგაზრდებისა და მათი თავისუფლების შეზღუდვა კი, ჩემი აზრით, ნებისმიერი ხელისუფლების დასასრულის დასაწყისია. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი უკან არის.თავისუფლება არის ჩვენი ხალხის მთავარი მონაპოვარი. ჩვენ აღარ დავუშვებთ სტუდენტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას. დღესვე უნდა ჩავუყაროთ საფუძველი იმას, რომ ამ ქვეყანაში ვერც ერთმა ხელისუფალმა ვეღარ გაბედოს ადამიანების თავისუფალი ნების დათრგუნვა. ჩვენ ვაშენებთ ისეთ სახელმწიფოს, სადაც ადამიანი და ადამიანის უფლებები იქნება უმთავრესი“,- განაცხადა პრემიერმა.