ღარიბაშვილი ისრაელელ ბიზნესმენებს სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა

ღარიბაშვილი ისრაელელ ბიზნესმენებს სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა

თბილისში, საქართველო-ისრაელის ინოვაციური ფორუმი გაიმართა, რომელსაც როგორც ადგილობრივი, ასევე ისრაელიდან მოწვეული 20-ზე მეტი ცნობილი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. ფორუმი საპარტნიორო ფონდის პატრონაჟით საქართველოში მეორედ ჩატარდა. წლევანდელი ღონისძიების ძირითადი მიმართულება იყო კომუნიკაციები და თანამედროვე ტექნოლოგიები.

ფორუმი გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც ებრაელ ბიზნესმენებს სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა.

„ინვესტორებს ვთავაზობთ მყარ სუვერენულ ბალანსს და ლიბერალურ საგადასახადო სისტემას...ხოლო თქვენს მიერ განხორციელებული ინვესტიციის თითოეული ცენტი იქნება დაცული და გიდასტურებთ ჩემს მზადყოფნას, ვიყო ქვეყანაში სამართლიანი, გამჭვირვალე და უსაფრთხო საინვესტიციო გარემოს გარანტორი,“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ფორუმზე სიტყვით გამოვიდა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე, რომელმაც სტუმრებს ფონდის მისია და პრიორიტეტული სექტორები გააცნო. კოვზანაძემ იმედი გამოთქვა, რომ ფორუმის შემდეგ ორმხრივი ინტერესი კიდევ უფრო გაღრმავდება და კონკრეტულ შედეგს მოიტანს.

ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ასევე Globe Gateway-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლანა კაპიტოლნიკმა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ISET-ის დირექტორმა ერიკ ლივნიმ და და Global Uni Group-ის დამფუძნებელმა ლაშა ჟვანიამ.

მოგვიანებით, საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებმა სტუმრებისთვის  პრეზენტაცია მოაწყვეს და დეტალურად ისაუბრეს ფონდის მიერ უკვე დასრულებულ თუ მიმდინარე პროექტებზე და გამართეს ბიზნესმენებთან პირისპირ (B2B) შეხვედრები.

საქართველო-ისრაელის ინოვაციური ფორუმის ოფიციალური ორგანიზატორია ისრაელის კომპანია Globe Gateway, რომელიც  საერთაშორისო სავაჭრო ღონისძიებებს მთელს მსოფლიოში უჭერს მხარს.